ავტორი:

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის 27 სექტემბერს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. კონფლიქტოლოგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ომს განიხილავენ, როგორც სამხრეთ კავკასიაში დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის, რუსეთისა და თურქეთისთვის ძალების გადანაწილების და გავლენის სფეროების გაფართოების შესაძლებლობად.

აღნიშნულ თემას aljazeera ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც მთავარი აქცენტი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის როლზეა გამახვილებული.

როგორც გამოცემა წერს, ორი საუკუნის წინ რუსეთში ამბობდნენ, რომ მათ "გაათავისუფლეს“ სომხები ოსმალებისა და ირანელების ბატონობისგან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა აღმოსავლეთ თურქეთში შეჭრა და მისი ანექსია დაგეგმა საბჭოთა კავშირის "გაფართოებისა და ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელად."

თუმცა ახლა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში სექტემბერში კვლავ გაღვივდა, რუსეთი იყო ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურ თამაშში მშვიდობისმყოფელის სტატუსით გამოვიდა.

  • სომეხი ლიდერები მთავარ იმედებს მოსკოვზე ამყარებენ

"ბოლო დღეებში, რუსეთმა შეძლო სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის როლის შესრულება უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, სომეხი და რუსი ხალხის ტრადიციული მეგობრობა გაგრძელდება და რუსეთი სტრატეგიული მოკავშირის როლს გააგრძელებს", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 ოქტომბერს სატელევიზიო გამოსვლის დროს.

პოლიტიკის საკითხებში სომეხი ექსპერტები ამბობენ, რომ მათი ერი, მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებთან ერთად, ინარჩუნებს პრო-მოსკოვურ გეოსტრატეგიულ ბალანსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

როგორც "ალჯაზირა" წერს, მათთვის (სომხებისთვის) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელმაც ასობით ჯარისკაცი და ათობით მშვიდობიანი მოსახლე შეიწირა, ანკარის "იმპერიალისტური“ პოლიტიკის განახლება და ანტისომხური განწყობების გაღვივებაა, რომელმაც ერთი საუკუნის წინ სომეხთა მასობრივი განადგურება გამოიწვია.

"დასავლეთი და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა საუკუნის წინ მომხდარ სომხების მასობრივ მკვლელობას, რომელსაც 1.5 მილიონზე მეტი სომეხი ემსხვერპლა, გენოციდს უწოდებს, თურქეთი კი უარყოფს ამ ბრალდებებს" ,- წერს გამოცემა.

"ალჯაზირასთან" საუბრისას სომეხი ანალიტიკოსი, ბორის ნავასარდიანი ამბობს, რომ სომხების მიერ ყარაბაღის კონფლიქტის დროს გაწეული წინააღმდეგობა რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. "სხვა შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის უმეტეს ნაწილზე თურქეთის დომინანტობას ვნახავდით", - აცხადებს ნავასარდიანი.

  • რუსეთის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში

"ალჯაზირა" წერს, რომ ის დღეები, როდესაც რუსეთი "შეპყრობილი იყო" კავკასიაში თურქეთის დომინირებით, წარსულს ჩაბარდა. ყოველ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას რუსეთის ბოლოდროინდელი მოქმედებები აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა. ამ დღეებში რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციას არ აქვს ძველებური ელფერი. გამოცემის ცნობით, რუსეთი შეეჯახა თურქეთს სირიასა და ლიბიასთან დაკავშირებით, მაგრამ მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, კონფრონტაცია თვალშისაცემი არ არის.

ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსკოვის პრო-სომხური მიდგომებისა, რუსეთსა და ბაქოს საკმაოდ მყარი კავშირი აქვთ. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დიპლომატია რუსეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში შეისწავლა, ხოლო მისმა მამამ და წინამორბედმა, ჰეიდარ ალიევმა ათწლეულები გაატარა მოსკოვში და იყო KGB-ს უმაღლესი ოფიცერი.

მიუხედავად ბაქო-მოსკოვის კავშირების და დიპლომატიური ურთიერთობებისა, აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის უძველესი კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მთავარ დაბრკოლებად რუსეთს განიხილავენ.

"რუსეთი დაეხმარა სომხეთს მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რაიონების ოკუპაციაში“, - ამბობს ბაქოელი ექსპერტი ემილ მუსტაფაევი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ პირობა მისცა აზერბაიჯანს - "ენობრივ და კულტურულ ძმას", რომ ბოლომდე მხარს დაუჭერს ამ კონფლიქტში, ჩანს, რომ რუსეთი შემოიფარგლება მეორეხარისხოვანი როლით.

გამოცემის ცნობით, სომხეთი და რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ექვს ქვეყანას შორის არიან, რომლებსაც უსაფრთხოების ხელშეკრულება აკავშირებთ. ამ ექვს ქვეყანაში არ შედის აზერბაიჯანი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს აქვთ ვალდებულება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწიონ სამხედრო დახმარება. ასევე მოსკოვს აქვს სამხედრო ბაზა სომხეთში, მაგრამ როგორც "ალჯაზირა" წერს, კრემლს სომხეთის დასახმარებლად ყარაბაღში არცერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნია, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთმა ბაქოს ჩრდილოეთით, კასპიის ზღვის აუზში სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

  • რუსეთი - არშემდგარი მშვიდობისმყოფელი

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შესაწყვეტად მიმართული რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა. მოსკოვის შუამავლობით აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა უკვე ორჯერ დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - 10 ოქტომბერს და 18 ოქტომბერს, თუმცა ყარაბაღში ომი გრძელდება.

"ჩვენ მყარად ვდგავართ მოსაზრებაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა არათუ შესაძლებელია, არამედ ეს ერთადერთი გზაა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 14 ოქტომბერს.

  • რუსეთის სისუსტე, თუ განსხვავებული პოლიტიკური თამაში?

ზოგიერთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის თვალშისაცემ პოლიტიკურ ინერტულობას, მის სისუსტედ მიიჩნევს. "მოსკოვი ამ კონფლიქტში თითქმის არ იკითხება, რაც მთავარია, ის არ აჩვენებს არანაირ პრინციპებს და ეს პრინციპები რეალურად დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებში“, - ამბობს ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდის თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი, ეთნიკურად რუსი, პაველ ლუჟინი.

  • პოლიტიკური პრინციპების ნაკლებობა - რუსეთი იარაღს ყიდის ერევანშიც და ბაქოშიც

როგორც "ალჯაზირა" წერს, პრინციპების ნაკლებობა განსაკუთრებით იკვეთება იარაღის გაყიდვის კუთხით, რადგანაც მოსკოვი წლებია იარაღს ყიდის როგორც ბაქოში, ასევე ერევანში.

სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემების თანახმად, ნავთობით მდიდარმა აზერბაიჯანმა 2008-2018 წლებში 24 მილიარდი დოლარი დახარჯა იარაღის შეძენაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბაქომ იყიდა ტანკები, საარტილერიო სისტემა, სარაკეტო სისტემა და დრონები, რომლებიც დამზადებულია რუსეთში, ბელარუსში, თურქეთსა და ისრაელში.

ერევანი განაწყენებული იყო რუსეთის ამგვარი ქმედების გამო: "ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. ჩვენ ერს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანზე იარაღს ყიდის“, - თქვა 2014 წელს სომხეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა.

SIPRI-ის მონაცემებით, სომხეთმა შეიარაღებაში 2008-2018 წლების განმავლობაში 4 მილიარდი დოლარი დახარჯა და ის როგორც ნაკლები ფინანსური რესურსის მქონე ქვეყანა, ყიდულობდა უფრო იაფიან და ძველ რუსულ შეიარაღებას.

  • ფაშინიანის პროდასავლური კურსი - რუსეთის პოლიტიკის კიდევ ერთი მიზეზი

როგორც "ალჯაზირა" წერს, 2018 წელს პრორუსული და სავარაუდოდ, კორუმპირებული სერჟ სარქისიანის ნაცვლად, სომხეთს სათავეში ჩაუდგა ყოფილი პუბლიცისტი ფაშინიანი, რომელმაც სცადა დასავლეთში მოკავშირეების მოძიება და უფრო ფართო დასავლური ალიანსის შექმნა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, შესაძლოა, რუსეთი არ აქტიურობდეს ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარდასაჭერად.

სომხეთი ფაქტობრივად საზღაურს იხდის თავისი ნეოლიბერალური დისკურსისთვის, რომელი ფაშინიანმა განახორციელა - ამბობს "ალჯაზირასთან" პოლიტიკის საკითხების უკრაინელი ექსპერტი ალექსეი კუშჩი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელმა კონფლიქტმა შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენაზე გრძელვადიანი შედეგი გამოიწვიოს.

"რეგიონში ამ ომის შემდეგ ახალი ერა დაიწყება, ბაქომ საბოლოოდ გააკეთა სერიოზული დასკვნები რუსეთის როლზე და მისი კავშირები მოსკოვთან არ იქნება იგივე“, - ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი მუსტაფაევი.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით

"რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს? ის დასამარდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ" - ილჰამ ალიევი

რა წერია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმდა

მოქალაქეების ზეიმი ქუჩებში - რა ხდებოდა ბაქოში, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების შემდეგ