ავტორი:

მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

როდის დასრულდება პანდემია და როდის დაუბრუნდება საზოგადოება ძველებურ ცხოვრებას? - ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებიც თანამედროვე ადამიანებს აწუხებთ და რომლებზეც კონკრეტული პასუხები არავის აქვს.

პანდემიის დასასრულებლად და კორონავირუსის დასამარცხებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა იყოს, რომლის შექნმაზეც ათობით ფარმაცევტული კომპანია დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს და თუ მათ დავეყრდნობით, ის 2021 წლის პირველ ნახევარში უკვე უნდა იყოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

სანამ ვაქცინა დამტკიცდება და საზოგადოების მოხმარებაში ჩაეშვება, მან რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს - ჯერ განვითარების სამი ფაზა, თუ მესამე ფაზა წარმატებული იქნება, სპეციალისტები იწყებენ გარკვეულ ჯგუფებში მის გამოყენებას შეზღუდული რაოდენობით, რის შემდეგაც, წარმატებულ ვაქცინას ამტკიცებენ.

ამ ეტაპზე განვითარების პირველ ფაზას გადის 33 ვაქცინა, მეორე ფაზაშია 15 ვაქცინა, მესამე საფეხურზეა 11 ვაქცინა, ლიმიტირებული გამოყენების ეტაპზეა 6 ვაქცინა, დამტკიცებული კი ჯერჯერობით არც ერთი არ არის.

  • ვაქცინები, რომლებზეც მუშაობა შეჩერდა

აქამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ ვაქცინაზე შეაჩერეს მუშაობა - ოქსფორდის და ასევე ფარმაცევტულ კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილ ვაქცინებზე. აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინები ყველაზე იმედისმომცემებად ითვლებოდა. ოქსფორდის ვაქცინაზე მოგვიანებით მუშაობა გაახლდა, თუმცა Johnson & Johnson-ის ვაქცინა ამ დრომდე შეჩერებულია, რადგანაც კლინიკური ცდების მიხედვით, მან "აუხსნელი დაავადება“ გამოიწვია.

გავეცნოთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც უკვე ადამიანზე ცდიან, ან კვლევას უახლოეს დღეებში იწყებენ:

  • დიდი ბრიტანეთი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდას მალე დაიწყებენ დიდ ბრიტანეთში. კვლევის ფარგლებში მოხალისეებს კოვიდ 19-ით განზრახ დააინფიცირებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევებს, რომლებსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის, ფარმაცევტული მომსახურების კომპანია Open Orphan ჩაატარებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 33,6 მილიონი გირვანქა სტერლინგით (43,5 მილიონი აშშ დოლარი) დააფინანსებს.

სააგენტოს ცნობით, კვლევები იანვარში დაიწყება და შედეგები, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისამდე იქნება. ცდებში, პირველ ეტაპზე, 18-დან 30 წლამდე ასაკის 90-მდე მოხალისე ჩაერთვება.

  • აშშ

ფარმაცევტული კომპანიები Sanofi და GSK მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ვაქცინა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირველ ნახევარში. ამ ეტაპზე ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე განვითარების მესამე საფეხურზეა.

ასევე, აღსანიშნავია COVID-19 საწინააღმდეგო ერთ-ერთი კანდიდატი ვაქცინა, რომელიც აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა შექმნა. ვაქცინა ამ დროისთვის კლინიკური ცდების დასკვნით ეტაპზეა და თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, კომპანია გეგმავს 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 100 მილიონი დოზის წარმოებას, რომელიც მხოლოდ აშშ-ზე იქნება გათვლილი.

  • გერმანია

ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა თქმა უნდა, შექმნეს გერმანიაშიც. ვაქცინა კომპანია Biontech-მა და ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა შიმუშავეს. ის ჯერჯერობით განვითარების მესამე ფაზას გადის და თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, 2021 წლის ბოლოსთვის 1.2 მილიარდი დოზის წარმოება იგეგმება.

  • ისრაელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყეს ისრაელშიც. Timesofisrael-ის ცნობით, ვაქცინას Brilife ჰქვია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განთსმა განაცხადა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტი თვის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გატესტვას ადამიანებზე დაიწყებს. ისრაელში აცხადებენ, რომ ვაქცინაზე მუშაობა 2 თებერვალს დაიწყეს და ახლა დასასრულს უახლოვდებიან. "თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, ეს იქნება უდიდესი ამბავი როგორც ისრაელისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

  • ჩინეთი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინები აქვთ ჩინეთში, რომელთა გამოყენებაც ცოტა ხნის წინ მცირე ჯგუფებში დაიწყო, ხოლო ახლა თანდათან ვაქცინის მოხმარების წრეს აფართოებენ. ერთ-ერთი ვაქცინა ჩინეთის ეროვნულმა ბიოტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა შექმნა, თუმცა ისე მიიღო, რომ კლინიკური კვლევები დასრულებული არ იყო, ამიტომაც, ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა ჩინურ ვაქცინას უკუჩვნებები. ჩინეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო სულ ხუთი ვაქცინაა განვითარების ფინალურ საფეხურზე, თუმცა საზოგადოებრივ მოხმარებაში ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არაა ჩაშვებული. ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამტკიცებული ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება.

  • რუსეთი

რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე ორი ვაქცინა დაარეგისტრირა. "ნოვოსიბირსკის ცენტრმა "ვექტორმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა "ეპივაკკორონა“ დაარეგისტრირა. რამდენადაც ვიცი, გზაშია კიდევ მესამე ვაქცინა, რომელზეც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი მუშაობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინები კვლევების დასრულებამდე დაარეგისტრირეს, რის გამოც მთელ მსოფლიოში დარგის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცნობილია, რომ ვაქცინის კლინიკური ცდები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 40 000 მოხალისეზე ჩატარდება და პირველი პარტიას - 60 000 დოზის მოცულობით, უახლოეს პერიოდში აწარმოებენ.

ოფიციალური ინფორმაციით კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ამ დრომდე ვირუსით, გლობალური მასშტაბით, 41,1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 1,1 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო 30,6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

წყარო

"ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო" - რას წერს უცხოური მედია

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

Reuters-ი: დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ის ვაქცინის ცდები იწყება, რომლის დროსაც მოხალისეებს განზრახ დააინფიცირებენ