უკრაინის უშიშროების სამსახურს ვანო ჩხარტიშვილმა საკუთარი ქალიშვილი მოატაცებინა, - ასეთ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" და სხვა ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენლის, ტარიელ ვასაძის დაცვის წევრებმა ბორისპოლის აეროპორტიდან ქართველი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილი გაიტაცეს.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი კიევი-თბილისის თვითმფრინავთან მოიტაცეს, რომლითაც იგი საქმროსთან, პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამსახურის ყოფილ უფროს დავით ტაბუცაძესთან ერთად უნდა გაფრენილიყო. ტაბუცაძეს უკრაინული გამოცემა შიდა ქართლის პოლიციის ახლანდელ უფროსად მოიხსენიებს (ცნობისთვის - ეს ის ტაბუცაძეა, რომელმაც ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა და საქართველოს პრეზიდენტმა პარალამენტში გამოსვლისას გმირად გამოაცხადა).
უკრაინულ მედიასთან საუბრისას ტაბუცაძე აცხადებს, რომ ისინი საქართველოში ჯვრის დასაწერად მიფრინავდნენ. პოლიციელისა და ნათია ჩხარტიშვილის ქორწინების ჩაშლა კი, საპატრაძლოს მამამ მოინდომა. წყვილი ოდესაში ისვენებდა, თუმცა როცა გაიგეს, რო მათ ვანო ჩხარტიშვილი ეძებდა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი ჩაფრინდნენ ბორისპოლში, სადაც ტაბუცაძემ დახმარებისთვის უკრაინელი კოლეგა მილიციელები გამოიძახა. თუმცა, აეროპორტში მათ ტარიელ ვასაძის დაცვისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გზა გადაუჭრეს. ტაბუცაძე ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვალერი ხოროშსკოვსკიმ უკრაინის შს მინისტრ ანატოლი მოგილევს დაურეკა და აეროპორტიდან მილიციელების გაყვანა მოსთხოვა.
ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, წყვილმა რეგისტრაციის გავლა მოასწრო და ავტობუსშიც ჩასხდნენ, რომელსაც ასაფრენ ბილიკამდე უნდა მიეყვანა. თუმცა, ავტობუსში ნათია ჩხარტიშვილთან უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მივიდა, პასპორტი მოსთხოვა და იქიდან ერთი გვერდი ამოხია. შემდეგ თანამშრომლებმა ჩხარტიშვილს თავაზიანად აუხსნა, რომ ამოხეული გვერდით ვერსად გაფრინდება და უკან, აეროპორტში დააბრუნა. ტაბუცაძეს კი მოსთხოვეს, აეროპორტი დაეტოვებინა.
ნათია ჩხარტიშვილთან არ მიუშვეს საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე. ჩხარტიშვილი კი, ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში, შემდეგ კი ლონდონში გაამგზავრეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანი მარინა ოსტაპენკო "უკრაინსკაია პრავდასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის სამსახურს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.
გრიგოლ ქათამაძემ კი ამბობს, რომ მის სახელზე ტაბუცაძის განცხადება შევიდა, სადაც იგი წერდა, რომ "მისი მეუღლე აეროპორტში დააკავეს". მისივე თქმით, ტაბუცაძე დაკავების მიზეზების გარკვევას ითხოვდა.
"შესაბამისი განცხადება მან პროკურატურასა და საოლქო მილიციის განყოფილებაშიც დაწერა. ჩვენ შესაბამისი ორგანოების რეაგირებას ველით ჩვენი თანამოქალაქის დაკავების შესახებ", - აცხადებს ქათამაძე.