ავტორი:

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"მასტერშეფის“ სამზარეულოში 9 მონაწილე დარჩა. მათგან მხოლოდ ერთია არაპროფესიონალი - ნატალია ჩხეიძე, რომელმაც გასულ ეპიზოდში იმუნიტეტი მოიპოვა. ნატალია მანამდე აუტსაიდერებში იდგა, რამაც, მისი თქმით, მოტივაცია მისცა და გამარჯვებისთვის განაწყო.

როგორ უმკლავდება პროექტის სირთულეებს სეზონის ერთადერთი არაპროფესიონალი მზარეული, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კულინარია?

- კულინარია ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა იქიდან, რაც პირის გემო შევიცანი. ზაფხულს ბებიასთან, კახეთში ვატარებდი. იქ გვქონდა ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ხეხილი... ბავშვობაშივე გავერკვიე მეურნეობაში, ბებიას ვეხმარებოდი ყველაფერში, მათ შორის სამზარეულოშიც. წლები რომ გავიდა და რაღაც უნარები, ცოდნა დამჭირდა, აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის საქმე უკვე ვიცოდი.

11-12 წლის ასაკიდან კულინარიამ განსაკუთრებულად გამიტაცა. იმ პერიოდიდან დაწყებული დღემდე სამზარეულო ჩემთვის განტვირთვის ადგილია. საქმიანობიდან გამომდინარე მთელი დღე ვმუშაობ. სახლში დაღლილი რომ მოვდივარ, სამზარეულოში შევდივარ და მზადების დროს ვისვენებ, ამაზე უკეთესი განტვირთვა ჩემთვის არ არსებობს.

- "მასტერშეფი" თქვენი პირველი კონკურსია? რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?

- დიახ, პირველია. მიუხედავად იმისა, რომ წინა სამი სეზონის განმავლობაში ყველა, ვისაც ჩემი მომზადებული კერძი ერთხელ მაინც გაუსინჯავს, მონაწილეობის მიღებაში მარწმუნებდა, აქამდე მაინც ვერ ვრისკავდი. მართალია ხალხს ჰგონია, რომ რადგან უნიფორმების სამკერვალო მაქვს, ბარტერის საფუძველზე უნიფორმებში ვცვლი პროექტში ყოფნას, მაგრამ ეს ასე არ არის. სახლში ძალიან კარგად ვამზადებ და მინდოდა სტრესულ გარემოშიც გამომეცადა თავი. საბედნიეროდ, წინ მივდივარ, ვვითარდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალში მოვხვდე.

- რა არის მთავარი სირთულე, რაც პროექტში შეგხვდათ?

- მთავარი, რაზეც ვნერვიულობდი, დროის ფაქტორი იყო. მოგეხსენებათ, დავალების პირობა წინასწარ არ ვიცით. ჟიურის მოცემულ ერთ საათში კერძის მოფიქრებაც უნდა მოასწრო, პროდუქტების შერჩევაც, გარეცხვაც, მომზადებაც... მოკლედ, არაპროფესიონალი მზარეულისთვის, რომელსაც მანამდე სარესტორნო გამოცდილება არ ჰქონია, საკმაოდ რთულია. ასევე ძალიან სტრესულად მოქმედებს გარემო - ხმაური, მზადების დროს ჟურნალისტებთან საუბარი და ა. შ. ამ ყველაფერს ორი გადაცემის შემდეგ უკვე მივეჩვიე და ახლა გაცილებით უკეთ ვართმევ თავს, ვიდრე მანამდე.

- კონკურენციაზე რას გვეტყვით, პროფესიონალ მზარეულებს რომ ეჯიბრებით?

- დიახ, ყველა პროფესიონალი მზარეულია. გემოების თვალსაზრისით არ მეშინია, გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები და ზუსტად ვიცი, თავს მოვაწონებ, მაგრამ ამის გარდა კიდევ იმდენი კრიტერიუმია კერძის შეფასებისა, რომ არაპროფესიონალისთვის ყველაფრის დაკმაყოფილება რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ რამდენიმე ტური გავიარეთ, „მასტერშეფმა“ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რასაც სამსახურშიც კი გამოვიყენებ. უფრო მეტიც, მზარეულების უნიფორმებისთვის უამრავი ახალი იდეა მომივიდა მას შემდეგ, რაც თავად გამოვცადე ჩემ თავზე. მინდა ისეთი უნიფორმები შევკეროთ, რომლებიც უფრო კომფორტული და მიმზიდველი იქნება.

- ერთ ეპიზოდში აუტსაიდერებში იდექით, მეორეში კი იმუნიტეტი მოიპოვეთ. რას მიაწერთ ამ ტრამპლინს?

- აუტსაიდერებში დგომამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. გული დამწყდა, რომ იმ ტურში ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინე. ამას თან ერთვოდა მაყურებლის კომენტარები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან უარყოფითი იყო. არ მესმის, როგორ შეიძლება გააკრიტიკო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ იცნობ. მით უმეტეს, რომ ერთადერთი მოყვარული მზარეული ვარ ამდენ პროფესიონალს შორის.

რამდენადაც გადასატანად რთული იყო ეს ყველაფერი, იმდენად მოტივაციის, შემართების მომცემიც აღმოჩნდა. აუტსაიდერებში დგომის შემდეგ კულინარიული წიგნების კითხვა, ვიდეობის ყურება და ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე. სამსახურიდან რომ ვბრუნდები და ოჯახის წევრებს დასაძინებლად გავისტუმრებ, სამზარეულოში მარტო ვრჩები და კერძების მზადებას ვიწყებ.

- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც არ გიცნობენ და სოციალურ ქსელში თქვენ შესახებ უარყოფით კომენტარებს წერენ?

- მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო, რადგან რომ არა მათი კომენტარები, შეიძლებოდა მოვდუნებულიყავი და ამხელა შემართება არ მქონოდა. თუკი აქამდე თორმეტეულში მოხვედრასაც დიდ მიღწევად ვთვლიდი, ახლა უკვე იმის პრეტენზიაც გამიჩნდა, რომ ფინალშიც ვიყო და გავიმარჯვო კიდეც!

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

ავტონაწილებით მოვაჭრე, მეთევზე და ჟურნალისტი - ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები