ავტორი:

"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს

"სცენარი ჭკვიანურად მოამზადა... გათვალა, ის თანხაც, რისი მობილიზებაც ღარიბ სახელმწიფოს შეეძლო" - ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში თავდამსხმელის ქმედებებს აფასებს

15-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველები ბანკის მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ადგილი, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა და საიდანაც მძევლები გამოუშვა, სოფელ კირცხის ტყეა. ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ისიც გაურკვეველია, ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის თუ არა იგი. ზუგდიდში კი, რომელიც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

kvirispalitra.ge ექსპერტს ტერორიზმის საკითხებში, პროფესორ ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ მომხდარ ფაქტს, იყო ეს ტერორიზმი, რისი კვალიფიკაციაც მიეცა ამ საქმეს, თუ იყო ეს წმინდა წყლის ყაჩაღობა?

- ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დეფინიცია ტერორიზმის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ადამიანმა თუ თავისი ცხოვრების კეთილმოსაწყობად, ფულის საშოვნელად ჩაიდინა დანაშაული და მას სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან პრობლემა არ აქვს, ეს არის კლასიკური კრიმინალური აქტი. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ გუშინ ჩვენ გვქონდა საქმე კლასიკურ ბანდიტიზმთან, როდესაც გამოყენებული იყო ისეთი მეთოდიკა, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, ანუ კრიმინალური აქტი ტერორიზმის ელემენტებით. ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების მძევლად აყვანა - ყაჩაღობაა, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გუშინ საქმე გვქონდა კლასიკურ ბანდიტურ აქტთან. დამნაშავე იყო საკმაოდ კარგად მომზადებული. ასეთი სიტუაციებისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო მაინცდამაინც მზად არ არის.

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავე ასე ადვილად გარბის და იმალება, გადის სადღაც ტყის მასივში. ალბათ შეიძლებოდა ამ ადამიანის დაკავება, რაღაც ტექნოლოგიები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც ეტყობა არ გვაქვს. მაგალითად არ გვაქვს ელემენტარული - დრონი ღამის ხედვისთვის, რომელიც ერთი მანქანის ფასია, მეტი არა. ამ ოპერაციის გაგრძელება უნდა განხორციელებულიყო მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით, რაც არ გაგვაჩნია და ეს ალბათ კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ჩვენი ადმინისტრაციული სტრუქტურებისთვის. მაღალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ამ კუთხით მისახედია ჩვენი სპეცსამსახურები.

- თქვენი აზრით, ხომ არ წაახალისებს ასეთი გაშვება სხვას, რომელიც შეიძლება უკეთ მოემზადოს მსგავსი დანაშაულისთვის და მეტიც მოითხოვოს?

- გამიკვირდა, ყაჩაღი ფულით ტყეში რომ გაუშვეს. ვინც ამას უყურა, არ გამოვრიცხავ, მასაც მოუნდეს იმავე დანაშაულის ჩადენა, იმ პრინციპით, მე უკეთ გამომივა, მეტს მოვითხოვ და გამიშვებენო. დრონების გარდა, არსებობს დაკვირვების სხვა მექანიზმები, იგივე დისტანციური დაჩიპვა, რასაც მაგ. კანადურ სპეცსამსახურში ბრაკონიერებთან ბრძოლაში იყენებენ. ამ ყველაფერს შესწავლა და მუშაობა უნდა. ჩვენს ხელისუფლებას ტერორიზმის თემაზე ხშირად თუ ექნება კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან, ძალიან კარგი იქნება...წაიკითხეთ სრულად

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია