პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში, სამიტზე სიტყვით კი 23 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15.00 საათზე გამოვა.
ასამბლეის მსვლელობისას გაერო-ს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისთვის გაიმართება ლანჩი; აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტით 20 სექტემბერს გაემგზავრება.