ავტორი:

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

"მძარცველი სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია" -  როგორ ხსნის ფსიქოლოგი ბანკზე თავდამსხმელის ფსიქოტიპს

ზუგდიდში საქართველოს ბანკის უპრეცედენტო ძარცვის საქმემ ქვეყანაში არსებული პრობლემების არაერთი მხარე წარმოაჩინა. განსაკუთრებით საინტერესოა ამ შემთხვევის ფსიქოლოგიური ასპექტი. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში როგორც თავად ფაქტის, ისე თავდამსხმელის მიმართ, არაადეკვატური დამოკიდებულებები გაჩნდა. მაშინ როდესაც მძევალს ტყვედ ჰყავდა აყვანილი ათეულობით პირი და მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა, სოციალურ ქსელში ვირუსივით ვრცელდებოდა სახუმარო "პოსტები" ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, პადაროქსული იყო როგორც თავად მძევლების, ისე საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება მძარცველის მიმართ. მის მიმართ გამოხატავდნენ კეთილგანწყობას, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მოძალადის პერსონის რომანტიზებაც კი მოხდა.

რაზე მიუთითებს საზოგადოებაში არსებული ეს, ერთი შეხედვით, უცნაური რეაქციები და როგორ იხსნება ფსიქოლოგიურად? - AMBEBI.GE ესაუბრა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას.

- პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თავდამსხმელის ფსიქოტიპის შესახებ. მოძალადე, რომელიც მზად იყო სიცოცხლეს გამოესალმებინა მისი ტყვეები, მათ "კეთილად" ექცეოდა. გათავისუფლებული ტყვეები ყვებოდნენ, რომ მძარცველი მათ უთანაგრძნობდა, საკვებს სთავზობდა და მათ დისკომფორტზე წუხდა კიდეც. როგორ ახსნით მის ასეთ ქცევას?

- მოდით, დავიწყოთ ასე: როდის იღებს ადამიანი თავზე ხელს? - როდესაც ის აბსოლუტური მშიშარაა. ყველაფერზე წასვლა არის შიშის უკიდურესი გამოვლინება. ეს მძარცველიც სინამდვილეში ძალიან მშიშარა ადამიანია. ის იმყოფებოდა ძლიერი შიშის ქვეშ, რაც შეეხება მის ე.წ. სიკეთეებზე ლაპარაკს, ეს ფაქტები მას ოდნავადაც არ ახასიათებს დადებით პიროვნებად. სინამდვილეში საქმე შეეხება ურთიერთშიშს. ამ შემთხვევაში ორივე მხარე იყო ერთ მდგომარეობაში, იყვნენ საერთო სივრცეში, საერთო განსაცდელის, შიშის ქვეშ და გაუცნობიერებლად ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, ერთიანდებოდნენ. თუ სხვადასხვა მდგომარეობაში იქნებოდნენ, ის ვერც ხაჭაპურის შემთავაზებელი იქნებოდა და ვერც კონდინციონერის ჩამრთველი.

- რაც შეეხება პოზიტიურ, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, რომელიც მძარცველის მიმართ გაჩნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ამაზე რას გვეტყვით?

- ამას უწოდებენ "სტოკჰოლმის სინდრომს" და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ამ ტერმინს საფუძვლად უდევს ბანკის ანალოგიური ძარცვა ქალაქ სტოკჰოლმში. ამ შემთხვევაშიც მძევლები თანაუგრძნობდნენ მძარცველებს, სიმპათიით იყვნენ მოძალადის მიმართ განწყობილი, ციხეშიც კი აკითხავდნენ მოსანახულებლად. ბოლოს კი ისეც მოხდა, რომ ტყვე და მძარცველი დაქორწინდნენ.

ფსიქოლოგიურად ეს შემდგნაირად იხსნება: მძევალი ამ დროს განიცდის ძლიერ შიშს, დაძაბულობას, რის გამოც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, გაიგივებას ახდენს მოძალადესთან, იმ მომენტში ძალაუფლების მქონესთან. ამით ის საკუთარი უმწეობის, უსუსურობის, შიშის ე.წ. გადაფარვას ახდენს. ამისი მაგალითები ხშირად გვაქვს სკოლაში. თუ, მაგალითად, კლასში არის ისეთი ბავშვი, რომელიც ფიზიკურად სუსტია, არ შეუძლია თავის დაცვა, არის ბულინგის ობიექტი, ცდილობს დაუახლოვდეს მოძალადე ბავშვს, უფრო ძლიერს. ცდილობს მას აჩუქოს რაღაცეები, შეუსრულოს მითითებები და ყველანაირად მოიგოს მისი გული, რათა თავი უფრო დაცულად იგრძნოს. "სტოკჰოლმის სინდრომის" მაგალითები ყოფილა საკონცენტრაციო ბანაკებშიც და ა.შ.

ეს სინდრომი უჩნდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მყარი შინაგანი ფასეულობები. ადამიანი, რომელიც შინაგან ცხოვრებისეულ ფასეულობებს ეყრდნობა და აქვს არჩევანის თავისუფლება, არასოდეს მოიქცევა ასე. ის არც მოძალადე იქნება და არც - მოძალადის მეხოტბე. ეს არის დაფუძნებული პიროვნულ მოცემულობაზე. რაც შეეხება შინაგანი ფასეულობების არქონას, იგი გამოწვეულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზებით. ბიოლოგიურია, როდესაც ადამიანს გენეტიკურად ერგო ფსიქიკური სისუსტე, ფსიქოლოგიური მიზეზი მდგომარეობს შემდეგში - ადამიანს თავისი აღზრდის, ბავშვობის მომენტში, მშობლებთან ურთიერთობის პრობლემების გამო შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები. ხოლო რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს - აქ მხედველობაშია მისაღები სოციუმში დამკვიდრებული დამოკიდებულებები. სოციუმში გამეფებული აზრი დიდწილად განსაზღვრავს პიროვნების ქცევას.

- მაშინ, როდესაც ათეულობით მძევალი და მათი ოჯახის წევრები წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ და გადარჩენისთვის ლოცულობდნენ, სოციალურ ქსელში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობდა, ამ შემზარავ ამბავში სახუმარო ასპექტი დაენახა და ემხიარულა. ამას როგორ ახსნით?

- ვისაც შეუძლია ასეთ დროს იხუმროს და არ შეწუხდეს, არ უთანაგრძნოს განსაცდელში მყოფებს, მას აქვს საკუთარი უსუსურობის განცდა, სუსტია ასეთი ადამიანი. ეს ხუმრობა არის შიშისაგან გაქცევის საშუალება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაგროვილი აგრესიის რეალიზაცია. ამ აგრესიასაც საფუძვლად უდევს ისევ და ისევ შიში, რომელიც განპირობებულია იმ სამი ფაქტორით, რაზეც ვისაუბრეთ - ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით.

ადამიანთა ამ ნაწილს უკვე ჰქვია მასა და არა ხალხი. თავის მხრივ ამ მასაში ყოველ ადამიანს აქვს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემა . ამ პრობლემებს შორის ყველაზე მძიმე ის არის, რომ ადამიანში არ არის ის ფასეულობები, რომელიც მას მყარად ამყოფებს ცხოვრებაში.

"მომეჩვენა, რომ აორტა გადაიკეტა და ტვინს ჟნგბადის მიწოდება შეუფერხდა..." - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებთან 40:0 დამარცხდნენ

პარლამენტთან პროტესტი დასრულდა - ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დააანონსა