ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ზაალ სამადაშვილმა არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დევნილებისა და გარემოვაჭრეების დაშვების შესახებ.
კერძოდ, ჩხარტიშვილის თქმით, გუშინ მან სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით საკრებულოს სპეციალური განცხადებით მიმართა. დღეს კი, დევნილები და გარემოვაჭრეები სხდომაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ თითქოს კარი, საიდანაც მოქალაქეების შეშვება ხდება, დაზიანდა და ჩაიკეტა.
ჩხარტიშვილის შეფასებით, რეალურად დევნილები და მოვაჭრეები იმიტომ არ შეუშვეს, რომ მათ ხალხისა და სიმართლის ეშინიათ. გარდა ამისა, "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ეჭვობს, რომ სხდომაზე მათი პრობლემების განხილვა საერთოდ არ მოხდება.
თავად მოვაჭრეები და დევნილები კი გარევაჭრობის აღდგენას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას საკრებულოს შენობასთან დღეს, 12:00 საათის შემდეგ მოითხოვდნენ. ამ დროისთვის აქცია უკვე დასრულებულია. მათი მომდევნო საპროტესტო აქციები 30 აგვისტოს დევნილთა სამინისტროსთან, 2 სექტემბერს კი თბილისის მერიის შენობასთან გაიმართება.