ავტორი:

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

ადევნება და სექსუალური ძალადობა – ეს ორი ფრაზა ბოლო პერიოდში ხშირად ისმის. გახშირებულია ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც. ადევნება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით გამოხატული, მათ შორის, მუდმივი შემაწუხებელი მიწერით. საქართველოში რამდენიმე წლის წინ მიღებული კანონმდებლობა ამ ქმედებას დასჯადად ცნობს. საქართველოში ეს კანონი ცოტა ხნის წინ მიიღეს, თუმცა მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ათწლეულებია არსებობს. აშშ–ს კანონმდებლობით დევნა და მუქარა მოიაზრებს შემაწუხებელ სატელეფონო ზარებსაც, წერილობითი შეტყობინებების დატოვებას ან პირის ქონების დაზიანებას. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ამ ქმედებებს, შესაძლოა, ახლდეს ან არ ახლდეს რეალური საფრთხე და ზიანი, ასევე, ასეთ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს ან არ მოჰყვეს პირზე თავდასხმა ან მკვლელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ადევნება არის დასჯადი.

როგორია ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობა და რა ქმედებებია დასჯადი – ამ საკითხებზე დეტალურად საადვოკატო ბიურო OK&CG-ის სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი თამუნა ხაჩირაშვილი საუბრობს.

რას ნიშნავს ადევნება?

ადევნება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მიერ მსხვერპლის ან მისი ოჯახის წევრების ან ახლობლების უკანონო თვალთვალს ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. ეს ქმედება არის დასჯადი. არასასურველი კომუნიკაცია შეიძლება დამყარდეს ტელეფონის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, მესენჯერის, ვოთსაფის, მეილის სახით. ეს შეიძლება იყოს ფოსტით არასასურველი წერილების გაგზავნაც.

გარდა აღნიშნულისა, ადევნებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი განზრახ ჩადენილი ქმედება, რომელიც აუცილებლად იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ოჯახის წევრების დაზიანების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს. ეს ყველაფერი მსხვერპლს ყოფითი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან აგრძნობინებს ამის რეალურ საჭიროებას.

ადევნების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან ლოდინი, ბავშვების ბაღთან ან სკოლასთან დახვედრა, ხშირი რეკვა, საჩუქრების გაგზავნა. ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც არასასურველია, უკანონო და დასჯადია.

როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ ხვდება რომ ვინმე აედევნა?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ დანაშაულის მსხვერპლი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ ქალი. კანონი ადევნების დანაშაულში სპეციალურ სუბიექტს არ გამოყოფს, ანუ ქალი არ არის აღნიშნული დანაშაულისთვის სპეციალური სუბიექტი. ეს ნიშნავს, რომ ამ კუთხით შესაძლებელია ნებისმიერი პირის სამართლებრივი უფლებები იქნეს ხელყოფილი.

თუ მსხვერპლი ხვდება, რომ მას აედევნენ და ამის საფუძვლიანი ეჭვი აქვს, მან უნდა მოახდინოს ოპერატიული რეაგირება და მიმართოს შესაბამის სამსახურებს. ეს არის პოლიცია, რომელიც მსხვერპლს უნდა დაეხმაროს ძალადობის აღმკვეთი შესაბამისი ოპერაციების განხორციელებით.

მსხვერპლის მოთხოვნისა და მისი დაცვის მიზნით შეიძლება გამოიცეს დამცავი და შემაკავებელი ორდერი. ასევე შესაძლებელია ოჯახში ძალადობის აღკვეთის კანონის თანახმად მსხვერპლმა ისარგებლოს უფასო თავშესაფრით ან კრიზისული ცენტრით. აღნიშნულ ცენტრებში განთავსებისას მსხვერპლს შეუძლია მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია, უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარება.

ონლაინ მუქარის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მსხვერპლი?

მსხვერპლმა ონლაინ მუქარის შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, როგორც ეს ფიზიკური მუქარის ან ადევნების დროს ხდება. ონლაინ ფორმით გამოვლენილი მუქარაც ითვლება მუქარად, თუ მსხვერპლმა იგი რეალურად აღიქვა და არსებობს სხვა წინა პირობებიც, რომელიც ადასტურებს, რომ მუქარა რეალურია.

თუ მშობელი ხვდება, რომ ბავშვი შევწიროვების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს, როგორ უნდა მოიქცეს ის?

თუ გვაქვს ინფორმაცია ან მესამე პირისგან ვიცით, რომ ბავშვი არის შევიწროვების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აუცილებლად უნდა მიმართოთ პოლიციას და ბავშვის დაცვის შესაბამის სამსახურს. შესაძლებელია არ გვქონდეს მტკიცებულებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა ბავშვის ნათქვამი და ძალადობასთან დაკავშირებული სიმპტომები საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ შესაბამისი ზომები და მოახდინონ რეაგირება დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

კანონიერია თუ არა ძალადობისგან თავის დაცვის ისეთი საშუალებები, როგორიცაა ელექტროშოკი ან წიწაკის სპრეი?

ქალმა და არა მარტო ქალმა, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას თავი, თუ ამის შესაძლებლობა მას გააჩნია. ამისთვის შეუძლია გამოიყენოს მოწყობილობა, რომლის ტარების უფლებაც გააჩნია და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. ეს შესაძლებელია იყოს ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ობიექტის დროებით დასაზიანებლად. ასევე შეიძლება იყოს გაზის აეროზოლური მოწყობილობა, რომელსაც გამაღიზიანებელი და ცრემლმდენი ეფექტი აქვს. ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს წიწაკის სპრეი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილი საშუალებების გამოყენების პროცესში აუცილებელია, მსხვერპლმა მათი გამოყენების წესები და მეთოდიკა კარგად იცოდეს.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ