"თამბაქო კლავს! თამბაქო იწვევს კიბოს, გულის დაავადებებს!" - ალბათ, გეცნობათ ეს ფრაზები, რომლებიც ნებისმიერი სიგარეტის კოლოფს აწერია - ყველამ იცის, რომ თამბაქოს ადამიანისათვის კარგი არაფერი მოაქვს, მაგრამ მას მაინც ეწევიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში წარმოებული სიგარეტის ხარისხს დიდი ხანია ეჭვქვეშ აყენებენ. უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ექსპერტი ზურაბ ფუტკარაძე მოგვითხრობს:
- საქართველოში ათი წელია მოქმედებს "კანონი სურსათისა და თამბაქოს შესახებ". იქ დეტალურად არის ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მოხდეს თამბაქოს პირველადი დამუშავება, ექსპორტი, როგორ უნდა იყიდებოდეს, ამასთანავე, შემუშავებულია ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მავნე ნივთიერებების რაოდენობას თამბაქოში.
თამბაქო სიცოცხლისთვის საშიში მცენარეა, რადგან 4 ათასზე მეტ მავნე ქიმიურ ნაერთს შეიცავს. თამბაქოში დიდი რაოდენობით არის ნიკოტინი, დარიშხანი, სხვადასხვა სახეობის ციანიდი და კანცეროგენური ნივთიერება, რომლებმაც შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს.
თამბაქოში დიდი რაოდენობითაა ისეთი რადიაქტიური ნივთიერებები, როგორიცაა პოლონიუმი, ტყვია, ბისმუტი, რომლებიც იწვევენ სიმსივნეს, ბრონქიტს, ემფიზემას, სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებას, სისხლძარღვების შევიწროებას და ა.შ. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ რაც უნდა ხარისხიან სიგარეტს ეწეოდეთ, მასში მაინც არის მომწამვლელი ნივთიერება. წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა სიგარეტში ეს ნივთიერებები მომატებული დოზითაა.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში კანონით დადგენილი ნორმები არ სრულდება?
- ყველაზე მთავარი საფუძველი არის ის, რომ საქართველოში საერთოდ არ მოწმდება თამბაქოს ნაწარმი, არც იმპორტული და არც ადგილობრივი წარმოებისა. არავითარი კონტროლი ამ სფეროში არ არსებობს.
კაცმა არ იცის, რა მინარევებს შეიცავს ესა თუ ის სიგარეტი და რა რაოდენობით. ეს არის დღეს მთავარი სატკივარი. მე თუ მკითხავთ, სიგარეტი საერთოდ არ უნდა მოვწიოთ, მაგრამ როდესაც ამდენი მწეველი გვყავს, სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს სიგარეტის წარმოების სფერო. ვინმემ მაინც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანმა, რომელიც სიგარეტს ეწევა, ნაკლები შხამი და მომწამვლელი ნივთიერება მიიღოს.
როგორც ვიცი, უცხოური სიგარეტის ნაწილი უკრაინიდან შემოდის, ნაწილი კი აქ მზადდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია როგორღაც შემოწმდეს რადიაციული ნივთიერებების რაოდენობა ქართულ ბაზარზე გამოტანილ სიგარეტში.
- ხალხში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სიგარეტი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მის მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს.
- ავადმყოფურ ლტოლვას, პირველ რიგში, იწვევს ნიკოტინი, მით უმეტეს თუ დიდი დოზით არის სიგარეტში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ნივთიერების გარკვეული დოზა ცხენს კლავს და ადამიანს რაღას დამართებს? არანაკლებ მავნე ზემოქმედების მქონეა კუპრი და მხუთავი აირი, რომლებიც თითქმის ყველა სიგარეტის შემადგენლობაშია.
- არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
- ან უნდა აიკრძალოს ქვეყანაში თამბაქოს რეალიზაცია, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, ან თამბაქოს ნაწარმზე კონტროლი უნდა დაწესდეს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ამგვარი კონტროლი არ ხდება. მხოლოდ ბიზნესმენების კეთილსინდისიერებას არ უნდა მივანდოთ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ჯერ არ მინახავს ბიზნესმენი, რომელიც იტყვის, ჩემი პროდუქცია უხარისხოაო. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს შემოწმებას, არსებობს რამდენიმე აკრედიტებული ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს ჩვენს ბაზარზე გამოტანილი სიგარეტების ხარისხი.
- ბატონო ზურაბ, არასამთავრობო სექტორი რატომ ვერ ახერხებს თამბაქოს ხარისხის საფუძვლიან შესწავლას?
- სამწუხაროდ, ეს ძვირად ღირებული პროცედურაა. არასამთავრობო სტრუქტურებს წარმოებაში შესვლისა და მონიტორინგის უფლებასაც არავინ მისცემს. ისევ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით.
წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ ის სიგარეტები მაინც უნდა გამოიკვლიონ, რომელსაც მოსახლეობა მასობრივად ეწევა. უნდა ვიცოდეთ, როდის შემოდის, როგორ არის დამზადებული. გარდა ამისა, კეთილსინდისიერმა მეწარმემ თვითონ უნდა შეამოწმოს, რა ხარისხის პროდუქცია შემოაქვს. მონიტორინგი ევალება სურსათის უვნებლობის სამსახურსაც.
- სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს და ჩვენი მოსახლეობა ეწევა სიგარეტს, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერებების დოზა მომატებულია!
- საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ის ნივთიერებები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩვენს ბაზარზე შემოსულ სიგარეტში მომატებული დოზითაა. უფრო მეტიც, ამაში 80-90 პროცენტით ვარ დარწმუნებული. იმ წარწერებსაც არ ვენდობი, სიგარეტის კოლოფებს რომ აქვს გაკეთებული. არავინ იცის, სინამდვილეში როგორია სიგარეტის შემადგენლობა. ჩვენს ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს და აძლიერებს.
ცნობისათვის
თამბაქო ბალახის მსგავსი მცენარეა. მსოფლიოში აღრიცხულია თამბაქოს 60-მდე სახეობა. ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, რომელსაც დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ. თავდაპირველად თამბაქო მხოლოდ ინდიელებს მოჰყავდათ. ევროპაში ეს პროდუქტი ქრისტეფორე კოლუმბმა და მისმა თანამგზავრებმა შემოიტანეს. სწორედ ისინი გახდნენ პირველი მწეველები ამ კონტინენტზე.
თამბაქოსადმი დამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა. მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ადამიანი, რომელიც დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწევა, იმავე დოზის რადიაციას იღებს, როგორსაც 200 რენტგენის სურათის გადაღებისას მიიღებდა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)