ავტორი:

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი – ადვოკატი ანა გორდეზიანი ჩუქებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი – ადვოკატი ანა გორდეზიანი ჩუქებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე

ჩუქების საკითხზე წარმოშობილი დავები საქართველოში საკმაოდ ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ნათლად განსაზღვრავს ამ პროცესის დეტალებს, მაინც ხშირია გაურკვევლობები და შესაბამისად, სასამართლო დავები. ქვეყანაში განსხვავდება მოძრავ და უძრავ ნივთებზე ჩუქების წესი. მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია, დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

ჩუქების პროცესზე, ნაჩუქარის უკან დაბრუნებასა და ამ საკითხზე წარმოებულ სასამართლო დავებზე იუირიდიული კომპანია OK&CG–ის სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი/ადვოკატი ანა გორდეზიანი საუბრობს.

რაზეა დამოკიდებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა ?

მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება, იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

რა შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება?

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

ამასთან, კანონმდებლობა მჩუქებელს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს დასაჩუქრებულისგან ნივთის უკან დაბრუნება, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეეძლება საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუმცა, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

როგორ განისაზღვრება კანონმდებლობაში შეურაცხყოფა ან უმადურობა, რომლის დროსაც უქმდება ჩუქება?

კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება, ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, საქციელს, რაც, შეიძლება, შეფასდეს მძიმე შეურაცხყოფად ან უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, წარმოიშვას ჩუქების გაუქმების საფუძველი. თავისთავად, „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო, გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.

ერთგვაროვანი პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ფაქტი ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად.

სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულებაც კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტია ამ ქმედების იმ თვალსაზრისით შეფასება, ობიექტურად არის თუ არა მიჩნეული უმადურობად ან შეურაცხყოფად ეს ქმედება. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება, გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

რამდენად ხშირია აღნიშნულ საკითხზე მომართვიანობა ?

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნით ხშირია მოქალაქეთა მომართვიანობა, ხშირ შემთხვევაში დავა ეხება ოჯახის წევრებს შორის წარმოშობილ კონფლიქტურ სიტუაციას, როდესაც გამჩუქებელს, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დასაჩუქრებული ოჯახის წევრი ზღუდავს და არ აძლევს როგორც ამ ქონებით სარგებლობის უფლებას, ასევე მის მიმართ იჩენს მისთვის შეურაცხმყოფელი სახის მოქმედებებს. გარდა ამისა, სამწუხაროდ ხშირად მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ჩუქების შემთხვევაში მათ კვლავინდებურად შეუძლიათ ისარგებლონ ნივთით და უფრო მეტიც დასაჩუქრებული მათი ნების გარეშე ვერ განკარგავს აღნიშნულ ქონებას, რაც არ შეესაბამება მოქმედ რეგულაციებს, კერძოდ

რეალურად კი ჩუქების საფუძველზე დასაჩუქრებული ხდება ნივთის ერთპიროვნული მესაკუთრე, შესაბამისად ჩუქების ძალაში ყოფნის პერიოდში იგი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით განკარგოს საჩუქრის სახით მიღებული აქტივი და განსაზღვროს მითითებული ქონებით მოსარგებლე პირთა წრე.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ