"წიგნის თაროს" სტუმარია საზოგადოებრივი მოძრაობის - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - დამფუძნებელი, ადვოკატი ეკა ბესელია. ქალბატონმა ეკამ, როგორც გვითხრა, კითხვა ადრეულ ასაკში დაიწყო და თავიდანვე სერიოზული ნაწარმოებებით დაინტერესდა.
- რომ გითხრათ, წიგნს ადრინდელივით ხშირად ვკითხულობ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მეგობრებმა იციან წიგნისადმი ჩემი სათუთი დამოკიდებულება. ხუთი წლის ვიყავი, ლერმონტოვის კრებული რომ წავიკითხე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება პოეზიასთან. მე-6 კლასში უკვე მთელი ბიბლიოთეკა წაკითხული მქონდა. თან ერთდროულად რამდენიმე წიგნის კითხვა მიყვარდა... თუ ვინმეს ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნების მონიჭება სურს, წიგნი უნდა მისახსოვროს.
- საბავშვო წიგნები არ გიყვარდათ?
- ზღაპრებს მეხუთე კლასამდე ვკითხულობდი, თუმცა საბავშვო ლიტერატურა დიდად არ მყვარებია. პატარა ვიყავი შექსპირი და ბალზაკი რომ წავიკითხე... დღეს ჩემს გემოვნებას, ლექსიკას, ყველაფერს წიგნებს ვუკავშირებ. წიგნი, ოჯახის შემდეგ, ადამიანზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
- ახლა რას კითხულობთ?
- ჩემი ყოველი დღე კონკრეტულ მოქმედებასა და ღონისძიებებს ეთმობა. პრესას და ინტერნეტს დილა-საღამოს ვეცნობი, მხატვრული ნაწარმოებებისთვის კი მხოლოდ შაბათი და კვირა მრჩება. ხელახლა დავიწყე მონტესკიეს "კანონთა გონის" კითხვა, რადგან ბოლო ხანს ისევ აქტუალური გახდა ქვეყნის მოწყობის ფორმები, რაც მონტესკიეს ამ წიგნში არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული. აგრეთვე ვკითხულობ "ქართველ წმინდანთა ცხოვრებას".
- წარუშლელი შთაბეჭდილება რომელმა ნაწარმოებმა დაგიტოვა?
- რამდენიმეს დაგისახელებთ: რემარკის "სამი მეგობარი", დიუმას "გრაფი მონტე კრისტო", სტენდალის "წითელი და შავი"... ქართველი მწერლებიდან ვგიჟდები ვაჟა-ფშაველაზე. სხვანაირად ვგრძნობდი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი ილიას. სკოლის დამთავრებისას ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარმა". ჩემი საქმიანობის მიუხედავად, დეტექტივები არ მიყვარს.
- საყვარელი მწერალი...
- ძალიან მიყვარს ილია ჭავჭავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და მიხეილ ჯავახიშვილი, მსოფლიო კლასიკოსებიდან - შექსპირი და ბალზაკი.
- თქვენც ხომ არ წერთ?
- ადრე ვწერდი. უფრო ჩანახატებისა და ნოველების წერა მიზიდავდა. რამდენიმე პატარა რომანიც მაქვს დაწერილი და ასაკში რომ შევალ, შვილიშვილებს წავუკითხავ.
- თქვენს შვილებს კითხვა თუ უყვართ?
- ჩემი ვაჟი ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას მოსწავლე იყო და როგორც ქართულ, ისე მსოფლიო კლასიკოსებს სწავლობდნენ. გოგონა ექვსი წლისაა და წიგნი მასაც ძალიან უყვარს. სიამოვნებით კითხულობს "საბავშვო სახარებას".
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ჰგავს ეკა ბესელია?
- ჩემს თავს ყოველთვის რევოლუციონერი ქალის როლში ვხედავ. პირველად ოთარაანთ ქვრივი გამახსენდა (იცინის). უსამართლობას ვერც მე ვეგუები.
- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გაგონებთ?
- ჩვენს რეალობაში "დათა თუთაშხიას" ყველა პერსონაჟს მოიძიებთ. მიხეილ სააკაშვილი სეთურს მაგონებს. ქვეშევრდომები მას, ისევე როგორც სეთურს, ბრმად ემონებიან. ამ ნაწარმოებში კარგად არის გადმოცემული, როგორ უნდა გავრცელდეს ჭორი, რაშიც მერაბიშვილის უწყება დახელოვნებულია. ახლა არ მკითხოთ, დათა თუთაშხიას ვიღას ამსგავსებო (იცინის)? ამის თქმა მართლა გამიჭირდება.
- წიგნიერი პოლიტიკოსები გვყავს?
- პოლიტიკაში წიგნიერების დიდი დეფიციტია. ზედაპირულობა, საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებაა გამეფებული. ეს განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს ეტყობა. იშვიათად თუ გამოარჩევ ადამიანს, რომელიც კარგად აზროვნებს და მეტყველებს.
გიგა ბოკერია განათლებული პოლიტიკოსია, თუმცა სხვა ინტელექტუალის დასახელება ძალიან გამიჭირდება. ეს არის უწიგნური ხელისუფლება, რომელსაც ერთმანეთში ერევა დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და კონსტანტინე გამსახურდია. აღარაფერს ვამბობ იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც ქართულად საერთოდ ვერ ლაპარაკობენ და ვერ გვაგებინებენ, რისი თქმა სურთ. გვარს აღარ დავასახელებ, მაგრამ ყველამ იცის, ახალ მთავრობაში ასეთი ვინ არის.
- რის წაკითხვას გვირჩევს ეკა ბესელია?
- ვიკითხოთ საქართველოს ისტორია და ბიბლია, რომელიც ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს.
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)