ავტორი:

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ოპერმუშაკად მუშაობდა. ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოში სამსახური ძალიან სურდა და სწორედ ამიტომ ჩააბარა თავის დროზე იურიდიულ ფაკულტეტზე. ბიჭს, ალბათ, მაშინ ვერც წარმოედგინა, რა ურთულესი გზის გავლა, რა დავალებებისა და დაკვეთების შესრულება მოუწევდა. ის მალევე გახდა სისტემის ნაწილი, ასრულებდა დავალებებს და ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა მისი სამსახურებრივი კარიერაც. 25 წელი იმუშავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამიტომ მას დღეს უკან მიხედვის ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი ყველა ქმედება, დანაშაული და ამას ძალიან განიცდის. წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელია პენსიაზეა, მაგრამ ამბობს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. ბუნებრივია, მასთან საუბარი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პოლიციით დავიწყეთ.

  • ძირგამომპალი სისტემა

- ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგით ოპერმუშაკად დავიწყე მუშაობა. მარტო ეს სისტემა კი არა, მთლიანად ყველა სისტემა, ყველა დაწესებულება და სამინისტრო ძირგამომპალი იყო. ყველაფერი კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. პოლიციელებს ხელფასი არ გვქონდა. ფორმალურად ძალზე მიზერული თანხა იყო ოფიციალური ხელფასი, მაგრამ იმასაც არავინ გვაძლევდა.

თუმცა ეს პრობლემა არ იყო ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის, რადგან სისტემა ისე იყო აწყობილი, ხელფასი არავის აინტერესებდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სისტემა მთლიანად კორუმპირებული იყო. ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი ის იყო რომ, იმდროინდელი ხელისუფლება, ძალოვანი სისტემა და კრიმინალი, ფაქტობრივად, ერთი რგოლი იყო, მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობდა. ხშირად კრიმინალებზე არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ პოლიციელები. ისინი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

მთელმა ქვეყანამ იცის ერთ-ერთი ცნობილი "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის უზარმაზარი სახლი, რომელსაც 45 ოთახი ჰქონდა, როგორ ააშენეს წყნეთში. სახლის სახურავზე ვერტმფრენი ჯდებოდა, იქ არსებულ გვირაბზე არაფერს ვამბობ. როგორ ფიქრობთ, ეს სახლი ისე ააშენა ადამიანმა, რომ ვერავინ დაინახა? მაგრამ კალაშოვი საქართველოში რომ შემოდიოდა, ყველა ჩამოსვლაზე მილიონი დოლარი შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში. რა სტატუსით შეჰქონდა ამხელა თანხა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიუჯეტიდან იმ დღესვე ქრებოდა და ჩინოვნიკებში ნაწილდებოდა. როგორც კი შაქრო კალაშოვის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვებოდა, პირდაპირ ტრაპთან ხვდებოდნენ საკუთრების დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველგან მიაცილებდნენ, მათი თანხლებით დადიოდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი.

ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ ჩემი სამმართველოს უფროსი წყნეთის გზაზე შაქრო კალაშოვს გადაეყარა, მისი მანქანა გააჩერა, კალაშოვი მანქანიდან გადავიდა და რაღაც მანძილი ფეხით გაიარა. ჩემი უფროსი გაეკიდა. კალაშოვი მალევე შეჩერდა და ჩინოსანს ჰკითხა, რა გინდაო, გაცნობა მინდა შენი, ვინ ხარო, - უთხრა ჩემმა უფროსმა. "აი, ესენი გაიცანი", - მიუთითა თანმხლებ პირებზე კალაშოვმა და ისიც დაამატა, მიდი სამსახურში და შენი უფროსობა გეტყვის, მე ვინ ვარო. მაშინ გაირკვა, რომ მას საკუთრების დაცვის პოლიციელები ახლდნენ. ჩემს უფროსს მაშინ სისტემაში დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი სამმართველოს უფროსი იყო და არავისთვის რომ არ შეუთანხმებია, ისე დააკავა იქვე " კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი. მაშინ არ ისჯებოდა "კანონიერი ქურდობა", მაგრამ მისი დაკავების მიზანი კალაშოვისთვის ფულის წართმევა იყო. "გააჩერე, წაიყვანე პოლიციაში, ფული აიღე და გაუშვი", - ასე მარტივად წყდებოდა მაშინ საქმეები. ამ ფაქტიდან ზუსტად 4 დღეში ჩემი უფროსის მანქანა გაიტაცეს ქურდებმა და ცხინვალის საზღვართან დაწვეს.

  • პოლიციის "ობშიაკი"

სისტემა ასე იყო აწყობილი - თუ ოპერმუშაკი დააკავებდა ვინმეს და ფულს აიღებდა, თანხა სამძებროს უფროსთან უნდა მიეტანა, თავის მხრივ, სამძებროს უფროსს წილი მიჰქონდა კრიმინალურის უფროსთან, იმას - სამმართველოს უფროსთან და ასე მიდიოდა ჯაჭვი შს მინისტრამდე და ბოლოს ხელისუფლებამდე. მაგალითად, ჩემს დანაყოფს თვეში 12.000 დოლარი ჰქონდა ხარჯი. ამაში შედიოდა იმ სტრუქტურებისთვის გადასაცემი თანხაც, რომელსაც ჩვენი სამსახურის შემოწმება ევალებოდა. წაიკითხეთ სტატია სრულად

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

რას ყვება ვახტანგ გომელაური ურეკში მომხდარ ინციდენტზე