"დრო სიყვარულს აძლიერებს"

"დრო სიყვარულს აძლიერებს"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, სერბეთის "ვოივოდინას" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი მერებაშვილის მარტოობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მისი რჩეული მშვენიერი სოფო ფაილოძეა. ახალშეუღლებულები თავიანთი სიყვარულის ამბავს გვიყვებიან:

- ერთმანეთი სად გაიცანით?

გიორგი: - ანტალიაში შეკრებაზე რომ ვიყავი, მეგობრის ფოტოებში შემთხვევით სოფოს სურათი ვნახე, უმალ მოვიხიბლე და გადავწყვიტე, თბილისში ჩამოსვლისთანავე ახლოს გამეცნო. თბილისში კი ერთმანეთი საერთო მეგობრის მეშვეობით გავიცანით.

- სოფო, როგორი შთაბეჭდილება დატოვა გიორგიმ პირველი შეხვედრისას?

სოფო: - მივხვდი, რომ კარგი პიროვნება იყო. მერე მისი ახლოს გაცნობის საშუალებაც მომეცა და, უფრო მკაფიო შთაბეჭდილება შემექმნა.

- გიორგი, დიდი ხანი დაგჭირდა სოფოს გულის მოსაგებად?

გიორგი: - დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ამისთვის უშედეგოდ ვიბრძოდი. ბოლოს იმედი გადამეწურა, რომ ოდესმე მის კეთილგანწყობას მოვიპოვებდი, მაგრამ, როგორც  ხედავთ, ოფლი ტყუილ-უბრალოდ არ დამიღვრია (იცინის).

- სოფო, გიორგი ერთ-ერთი ახალგაზრდა, ცნობილი და პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია. ვიდრე გაიცნობდი, იცოდი, ვინ იყო?

სოფო: - არა, არაფერი ვიცოდი. ფეხბურთი არ მიზიდავდა და არც ქართველი ფეხბურთელების შესახებ ვიცოდი ბევრი რამ. ალბათ, მეპატიება (იცინის). ცხადია, ახლა უკეთ ვერკვევი ფეხბურთში, გიორგის ყველა თამაშზე დავდივარ, გარდა გასვლითისა.

- შეყვარებული ადამიანი არაერთ ხერხს მიმართავს საყვარელი ქალის ყურადღების მისაპყრობად, ბევრ სასიამოვნო "სისულელესაც" სჩადის. გიორგი, შენ თუ უწყობდი სოფოს სიურპრიზებს?

გიორგი: - სპორტსმენს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. არც მე ვარ გამონაკლისი. ხშირად მიწევდა შეკრებაზე სიარული და სოფოსთან ბევრ დროს ვერ ვატარებდი, მაგრამ მთელი ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ სოფოს ეკუთვნოდა. მახსოვს, ერთხელ მხოლოდ 8 საათი მქონდა თავისუფალი და სოფოს სანახავად ბათუმში ჩავედი (იცინის).

- სოფო, გიორგის ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავდა. არ ეჭვიანობდი?

- არა, გიორგის ვენდობოდი, თუმცა როცა გიყვარს, უნებურად ეჭვიანობ კიდეც. მთავარია, ზღვარს არ გადახვიდე.

- შეყვარებულობის პერიოდში გიორგი 3 თვის განმავლობაში სერბეთში თამაშობდა. როგორ გადაიტანეთ განშორება?

სოფო: - ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო. თუმცა ვიმედოვნებდით, რომ მალე ისევ ერთად ვიქნებოდით და რადგან გიოს მომავლისთვის ასე იყო საჭირო, ეს განშორებაც გადავიტანეთ.

გიორგი: - ჩემთვის ეს 3 თვე საუკუნესავით გაიწელა. სოფოს მონატრებას ისიც დაერთო, რომ კლუბში ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც მოველოდი, თუმცა უფლის წყალობით გადავლახე ყველა დაბრკოლება. კლუბშიც ყველაფერი მოგვარდა და, რაც მთავარია, სოფოც გვერდით მყავს.

- სერბეთიდან დაბრუნებისთანავე შეუღლდით?..

გიორგი: - გადავწყვიტეთ, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გვექორწინა და ერთად დავბრუნებულიყავით სერბეთში. ასეც მოხდა, ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დავქორწინდით.

- სიყვარული როგორ აუხსენი?

გიორგი: - გაცნობიდან ძალიან მალე გამოვუტყდი სიყვარულში, თუმცა ორიგინალური ხერხისთვის არ მიმიმართავს. პირდაპირ ვუთხარი, რომ მასზე სერიოზულად ვფიქრობდი და მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო.

- მართალია, სიყვარულის მიზეზს ვერ ახსნი, მაგრამ ალბათ არსებობს რაღაც კონკრეტული, რაც ადამიანს გვაყვარებს...

გიორგი: - პირველად მამაკაცი, ალბათ, ქალის  გარეგნობით იხიბლება. გარეგნობასთან ერთად სოფოში ის დავინახე, რაც მას უფრო მეტად ალამაზებს - შინაგანი სამყარო, რომელსაც ძალიან ვაფასებ მასში.

სოფო: - მეც სწორედ ასე დამემართა.

- დიდი ქორწილი გადაიხადეთ?

- ქორწინება დროის უკმარისობის გამო ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ.

- მეჯვარეები ვინ იყვნენ?

გიორგი: - ჩემი მეჯვარეები ჩემი მეგობარი, ფეხბურთელი მათე ვაწაძე, ჩემი ბავშობის მეგობარი და თანაკლასელი გიორგი სეხნიაშვილი და უახლოესი მეგობარი ზვიად იმედაშვილი იყვნენ, სოფოსი კი მისი უახლოესი მეგობრები - ნინუცა იმნაძე, მეგი ჯაში და ნინო თოდაძე.

- ყურადღებიანი მეუღლეა გიორგი?

სოფო: - ძალიან ყურადღებიანია. თუ ერთად არ ვართ, ხშირად მირეკავს და მეკითხება, როგორ ვარ, ან რაიმე ხომ არ მჭირდება.

- შეუღლების შემდეგ რამე ახალი თუ აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

გიორგი: - განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ვხვდებით, რომ დრო სიყვარულს მხოლოდ აძლიერებს.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"