ავტორი:

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე

გენერალურ პროკურატურაში გრძელდება სკანდალური საქმის გამოძიება და პირთა დაკითხვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მრავალტომიანი საქმე უკვე აკინძულია და ტომები ტომებს ემატება. დაკავებულებს ბრალი 3 500 ჰა ტერიტორიის საქართველოს საწინააღმდეგოდ მის ფარგლებს გარეთ მოქცევასა და საქართველოს ისტორიული დაკულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

ბრალდებულთა შედგენილ ალბომებში დატანილია შეთანხმებული საზღვრის ამსახველი მონაკვეთები, რომლებიც 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, გამოძიების ცნობით, ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მოლაპარაკება-შეთანხმების ძირითადი სახელმძღვანელო იყო. ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პერიოდში ჰქონდათ 1937-1938 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკა, თუმცა ისინი სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ამ ინფორმაციას, რათა ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში არ გამოეყენებინათ. რუკის დედანი ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში იპოვეს. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამოძიების ცნობით, დელიმიტაციის პროცესში სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000 და 1:50 000 მასშტაბის რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზი, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და ჩვენს ისტორიულ საზღვარს ეწინააღმდეგებოდა. ამის დასადასტურებლად გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაატარა ექსპერტიზა, რომელშიც ჩაერთვნენ პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის ექსპერტები... ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი, კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი ერთ-ერთია იმ პროფესიონალ კარტოგრაფებს შორის, რომელთაც ეს დასკვნა შეიმუშავეს.

- ამ საქმეზე სექტემბერში ორი კვირა 7 ექსპერტი ვმუშაობდით, ყველა - პროფესიონალი კარტოგრაფი... პროკურატურამ წარმოგვიდგინა 1: 500 000 მასშტაბის რუკა, რომელსაც, როგორც კარტოგრაფი, რუკასაც ვერ ვუწოდებ. წარმოდგენილი იყო კალკაზე ამონახაზიც (ადრე, სანამ კომპიუტერი გაჩნდებოდა, კარტოგრაფები რუკიდან ხელით ხაზავდნენ). დავადგინეთ, რომ ეს ამონახაზი მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის იმ კარტოგრაფიულ გამოსახულებას, რომელზეც ხელია მოწერილი და არ მიესადაგებოდა 1:500 000 მასშტაბის რუკას, რომელიც დაბეჭდილია 1938 წელს ქართულ და რუსულ ენებზე თბილისში, კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. ფერადი ადმინისტრაციული დაყოფის რუკა და ის რუკა, რომელსაც ეს მიესადაგებოდა, არის ე.წ. სინკა ანუ ლურჯი სინჯი. მე, როგორც კარტოგრაფმა, მაშინ ვთქვი, რომ ეს არ არის რუკა, ეს არის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკის ერთი პლანშეტი, ერთი ფურცელი, რომელსაც არა აქვს ლეგენდა. თუ რუკას ლეგენდა არ აქვს, ჩვენ მას ვერ წავიკითხავთ. რაც მთავარია, ამ გამოსახულებაზე არ ჩანდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, როგორიც არის სიმაღლეები, მწვერვალები. საზღვრის დადგენის დროს მთავარი არის რელიეფი. არის შემთხვევები, როცა საზღვარი გაგვყავს თხემზე, ბუნებრივ ბარიერზე, ამ რუკაზე კი არაფერი იკითხება. რელიეფის ფორმები არ არის. იზოფიქსები არის ხაზები რუკაზე, რომლებიც ერთნაირ აბსოლუტურ სიმაღლეებს აერთებს; სიქსომენტიული ხაზები, საფეხურები არ ჩანდა; ასევე არ ჩანდა დასახლებული პუნქტები. ერთი სიტყვით, შეთანხმება არასრულფასოვან კარტოგრაფიულ გამოსახულებაზეა გაფორმებული. არ შეიძლებოდა 500 000-იანი არასრულფასოვანი კარტოგრაფიული გამოსახულებით სარგებლობა, უნდა გამოეყენებინათ 1:200 000 სამხედრო მასშტაბის რუკა. ისიც ვერ გამიგია, რატომ უწოდებენ ჟურნალისტები ამ საქმეს კარტოგრაფთა საქმეს, როცა არც ერთი დაკავებული კარტოგრაფი არ არის. ორივე მიწათმომწყობია და ეს სულ სხვა სფეროა. კარტოგრაფთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ, საერთაშორისო ასოციაციის წევრია და ყველა კარტოგრაფი ჩვენთან არის გაწევრებული. ჩრდილს არავის ვაყენებ, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან მიწათმოწყობაში და არა - კარტოგრაფიაში. გააგრძელეთ კითხვა

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია