ავტორი:

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

Ambebi.ge აგრძელებს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრილი ახალი სახეების გაცნობას და ამჯერად მკითხველის ყურადღებას გიორგი ბარვენაშვილზე შევაჩერებთ. შეიძლება ახლა ვერ გაიხსენოთ, ვინ არის ბარვენაშვილი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ყველა მედია მასზე წერდა და საუბრობდა.

გიორგი ბარვენაშვილის სახელი და გვარი მედიით პირველად 2019 წლის ნოემბერში გაჟღერდა. მაშინ სკანდალში გაეხვა "ქართული ოცნების" პოლიტელიტა, რომლებიც მილიონერის დაბადების დღეზე კომოს ტბაზე იყვნენ მიწვეულები.

მილანში სამუშაო ვიზით წასული კახი კალაძე, არჩილ თალაკვაძესთან და 30-მდე მეგობართან ერთად კომოს ტბაზე დააფიქსირეს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნების მიღების წესი პირველი მოსმენით ჩაშალა, პარლამენტის თავმჯდომარეს კომოს ტბაზე განტვირთვა მედიამ არ აპატია.

ამიტომ არჩილ თალაკვაძე იძულებული გახდა, რომ წვეულებაზე მოლხენამდე დაბრუნებულიყო საქართველოში და მეორე დილას საკუთარი კაბინეტიდან ჩაერთო და ყველაფერი ოპოზიციურ მედიას დააბრალა.

კომოს ტბაზე ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ სხვა დეპუტატებიც ოჯახებთან ერთად. მათ შორის გოჩა ენუქიძე და ბექა ოდიშარია. ოდიშარია-გამცემლიძის წყვილი წლებია რაც ბარვენაშვილის ოჯახთან მეგობრობს. მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ბარვენაშვილი მეუღლესთან ერთად რომანტიკულ გარემოში იმყოფება.

გიორგი ბარვენაშვილი მეუღლესთან ერთად

კომოს ჩაშლილი წვეულების შემდეგ გიორგი ბარვენაშვილი არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში ვიზიტის დროს გაასეირნა. მაშინ ქართველი მილიონერი კამერის ობიექტივში არჩილ თალაკვაძისა და ქართული დიასპორის შეხვედრის დროს მოხვდა.

როგორც ქართველი ბიზნესმენების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს ბარვენაშვილიც საბოლოოდ პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობდა და მის ახდენას სწორედ "ქართული ოცნების" საშუალებით აპირებს. ამბობენ, რომ სიაში რიგით 71-ე ნომრად პირადად არჩილ თალაკვაძის კვოტით მოხვდა.

გიორგი ბარვენაშვილმა 2012 წლიდან დღემდე 5 კომპანია დააფუძნა. მისი მთავარი ბიზნესპარტნიორები კი მილიონობით ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. მილიონერმა ბარვენაშვილმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 60 ათასი ლარი შესწირა. 2020 წლის 14 სექტემბერს კი მმართველ პარტიას ჩაურიცხა 60 ათასი ლარი.

გიორგი ბარვენაშვილი მეორედ გახლავთ დაოჯახებული, მისი მეუღლე მაიკო მაისაძეა. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. პირველი ქორწინებიდან გიორგი ბარვენაშვილს ვაჟი ჰყავს, მაიკო მაისაძეს კი გოგონა.

როგორც ოჯახთან დაახლოებული პირი გვიყვება, გიორგი ბარვენაშვილს მართლა ძალიან ბევრი ფული აქვს და ხშირად მოგზაურობს მეუღლესთან ერთად. თუმცა განსაკუთრებულად იტალია უყვართ და დაბადების დღეებს ყოველთვის იქ იხდიან.