ავტორი:

"აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს... თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ გავაძევებთ" - ბოლო ცნობები ყარაბაღიდან

"აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს... თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ გავაძევებთ" - ბოლო ცნობები ყარაბაღიდან

გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„განადგურდა მოწინააღმდეგის ორი - T-72 ტიპის ტანკი, ორი - BM-21 „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემა, 14 სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცა და 6 სატრანსპორტო საშუალება,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჯარი ფრონტზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს.

"თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დანარჩენ ოკუპირებულ მიწებს, მაშინ ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება და აზერბაიჯანელი ხალხისთვის ეს არის სამამულო ომი.

„ჩვენ ვათავისუფლებთ მიწებს დამპყრობლებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა ალიევმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში.

ალიევის განცხადებით, გუშინ ბარდაში თავდასხმის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.

„მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, სომხეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მესამედ გამოცხადდა და შეთანხმდა მისივე თხოვნით“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ალიევის თქმით, ისინი მონსტრებს ებრძვიან.

„მთელ პლანეტას, მთელ მაჰმადიანურ სამყაროს შეუძლია დაინახოს, თუ რა სახის მონსტრებს ვებრძვით. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს ”, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედიაც. "

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეფანაკერტის დაბომბვა განაახლეს. ქალაქზე თავდასხმა ღამითაც განხორციელდა და იქ 5 რაკეტა ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაცია 27 სექტემბერს მოხდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე

"მოგებული დარჩა რუსეთი, კავკასიის ქვეყნებმა კი ჭკუა ვერასდროს ვისწავლეთ" - სომხების ნაწილი სოცქსელებში წერს, რომ რუსეთმა მათ უღალატა

"მოგებულია რუსეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც, ხოლო დამარცხებულია სომხეთი და ფაშინიანი, რომელსაც მძიმე დღეები ელოდება" - ექსპერტი