ავტორი:

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა, შეიძლება ითქვას, ყველა მთავრობის დროს იმუშავა აღნიშნულ სისტემაში. 28 ოქტომბერს უკვე შემოგთავაზეთ მისი მონაყოლი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბრობს იმაზეც, თუ როგორ ერეოდა პოლიცია არჩევნებში როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის პერიოდში.

"არასოდეს გვეცვა პოლიციელის ფორმა, ნიღბები გვეკეთა და ყაჩაღებივით ვმოქმედებდით - გავიტაცებდით ყველა ყუთს და პირდაპირ ვყრიდით მტკვარში. ამ დროს უკვე გამზადებული და დაპლომბილი იყო სხვა ყუთები, სადაც ხელისუფლების სასარგებლო ბიულეტენები ეყარა", - იხსენებს ყოფილი პოლიციელი.

მისივე თქმით, "პოლიციამაც იმუშავა მიხეილ სააკაშვილზე და ასე მოვიდნენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში".

როგორც ის ამბობს, წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელიწადია, პენსიაზეა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად.

  • 600.000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ

რომელი ოპერმუშაკი რა თანხას იღებდა ამა თუ იმ საქმეში, არავინ აკონტროლებდა. ეს მოლაპარაკებაზე იყო დამოკიდებული. თუ მოინდომებდა და ამაზე წავიდოდა, შეეძლო მთელი თანხა არც გამოეჩინა, მაგრამ ამას ვერ გაბედავდა, თბილისი ისეთი პატარაა, ერთ კვირაში გვეცოდინებოდა, და ამის გამო ამ ოპერმუშაკს საკადრის პასუხს მოსთხოვდნენ. ამიტომ ამაზე არავინ წავიდოდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემმა უფროსმა შინდისის გზაზე "ავტორიტეტი" ლაშა შუშანაშვილი დააკავა და მას იარაღი ჩაუდო. როდესაც პოლიციაში მიჰყავდა ჩადებული იარაღით, შუშანაშვილმა უთხრა, 350.000 დოლარს გადაგიხდი, ოღონდ დღესვე გამიშვი და ნუ დამაკავებო. ჩემმა უფროსმა მაშინვე შინაგან საქმეთა სამინისტროში ზემდგომთან დარეკა, უთხრა, რომ "კანონიერი ქურდი" ჰყავდა დაკავებული და მან 350.000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად შს სამინისტროდან ასეთი პასუხი მიიღო: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა, უნდა დააკავო, ფული არ გამოართვა, რადგან ეგ "კანონიერი ქურდი" ციხეში უნდა ამოლპესო. სხვა გზა არ ჰქონდა და დაემორჩილა ზემდგომის მითითებას, დააკავა "კანონიერი ქურდი". ამ ამბიდან მესამე დღეს შუშანაშვილი გარეთ აღმოჩნდა, მერე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანმა, რომელმაც მისი დაკავება მოითხოვა, ეს "კანონიერი ქურდი" 600.000 დოლარად გაუშვა. ასე გაუზარდა გადასახდელი თანხა, იმანაც იყიდა თავისუფლება ამ ფასად. ეტყობა, არ უნდოდათ 350.000 დოლარი იმ რაიონის პოლიციაში დარჩენილიყო, რომელსაც დაჭერილი ჰყავდა შუშანაშვილი, ამიტომ წაიღო საქმე შს სამინისტრომ და ამ გზით თანხის ოდენობის გაზრდის საშუალებაც მიეცათ. რა თქმა უნდა, შანსი არ გაუშვეს ხელიდან და ჩაიჯიბეს კიდეც 600.000 დოლარი. ჩემს უფროსს პრეტენზია ვერ ექნებოდა, რამე რომ ეთქვა, სამსახურიდან მოხსნიდნენ. ვის გაუწევდა წინააღმდეგობას, თავის ხელმძღვანელებს? ამიტომ გაჩუმდა.

მაშინ ციხეშიც ცალკე ტარიფები იყო. ეს "კანონიერი ქურდი" ცოტა ხნით ციხეში რომ მოხვდა, "ბელუქსის" ავეჯით დაწყებული, ყველაფერი შეუტანეს ციხეში. თავისი საკნის გარემონტება 17.000 დოლარი დაუჯდა. სხვათა შორის, იმ წლებში რიგით პოლიციელად დანიშვნა 200 დოლარი ღირდა, წოდების მინიჭება, მაგალითად, ოფიცრის - 500 დოლარი. რაც ზევით მიიწევდი კარიერულ კიბეზე, გადასახდელი თანხაც იმატებდა. ქვეგანყოფილების უფროსად ერთი წლით რომ დაენიშნეთ, 10.000 დოლარი უნდა გადაგეხადა, თუ მეორე წელსაც გაგიგრძელებდნენ და იმავე თანამდებობაზე დაგტოვებდნენ, ისევ 10.000 დოლარი უნდა მიგეტანა. პოლიციის სამმართველოს უფროსის პოსტი 50.000 დოლარი ღირდა, თუმცა გააჩნია, რომელ რაიონში იწყებდი მუშაობას და რა შემოსავლის შოვნის პოტენციალი ჰქონდა რაიონს. 100.000 დოლარს იხდიდნენ უფრო ზემდგომი თანამდებობისთვის. ავტოინსპექციას, გაი-ს, კიდევ სხვა ფასები ჰქონდა. იქიდანაც აბსოლუტურად ყველასთან მიდიოდა წილი. თითო ქვეგანყოფილებას ყოველთვე 12.000 დოლარამდე ჰქონდა გადასახდელი, საბოლოოდ კი რაიონის პოლიციას ჰქონდა მისატანი ყველა ქვეგანყოფილებიდან წილი.

ყველაფერი ჯაჭვივით იყო აწყობილი: რაიონის კრიმინალურის უფროსს ქალაქის კრიმინალურის უფროსთან მიჰქონდა, ადმინისტრაციულის უფროსს - შს ადმინისტრაციულის უფროსთან, ნარკომანიასთან ბრძოლის უფროსს - თავის ზემდგომთან და ა.შ ეს სქემა მოქმედებდა ყველა მინისტრის, ყველა სამმართველოს უფროსის დროს. რაიონის გაი-ს უფროსს, გარდა იმისა, რომ თავის რაიონში სოლიდური წილი ჰქონდა გადასახდელი, შს სამინისტროშიც უნდა მიეტანა თანხა. ამასთან, რადგან დიდ მანქანებს აკონტროლებდა, თუ რომელიმე მაღალჩინოსანი ან სამმართველოს უფროსი სახლს იშენებდა, მას უნდა მიეზიდა იმ ჩინოსანთან სამშენებლო მასალა, ცემენტი იქნებოდა თუ აგური. ბუნებრივია, ყველაფერი უსასყიდლოდ. წარმოიდგინეთ, ამხელა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული და თვითონაც ხომ უნდა დარჩენოდა რაღაც?! ხელფასს არავინ იღებდა და ისინიც ფულს მოქალაქეებისგან იღებდნენ. წაიკითხეთ სტატია სრულად

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

ლენტეხში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს