ჩვენი ქვეყნის მეზობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ღვთისმშობელი განსაკუთრებულად იფარავს და საქართველოსთვის ტკივილის მიყენების უფლებას არავის მისცემს.
ამის შესახებ უწმინდესმა დღეს წმინდა სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით გამართული საღრმთო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.
უწმინდესის თქმით, არსად, არც ერთ ქვეყანაში ისე არ სცემენ თაყვანს ღვთისმშობელს, როგორც - საქართველოში.
უწმინდესმა გაიხსენა მოციქულთა ძველი წესი, რომლებიც იკრიბებოდნენ ტრაპეზზე და ორ სკამს ყოველთვის ტოვებდნენ თავისუფალს - ერთს მაცხოვრის, ხოლო მეორეს ღვთისმშობლისათვის, რადგან სწამდათ, რომ ერთიც და მეორეც უხილავად ყოველთვის მათთან ერთად იყო.
უწმინდესმა გაიხსენა ქართული სუფრის უნიკალური ტრადიციაც და მრევლს სთხოვა ამის აღდგენა.
პატრიარქის თქმით, პირველი სადღეგრძელოთი ქართველი კაცი ყოველთვის ადიდებდა უფალს, წმინდა სამებას, იყო სადიდებლად მამის, ძისა და წმინდისა სულისა, ხოლო სუფრა მთავრდებოდა ღვთისმშობლის სადიდებელი სადღეგრძელოთი.
"ამ ზღუდეში ვართ ჩვენ მოქცეული - ღვთისმშობლისა და უფლისა. ნურავის ნურაფრის შეგეშინდებათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მეზობელმა, დიდმაც და პატარამაც, რომ ღვთისმშობელი იფარავს საქართველოს და არავის აპატიებს ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილის მიყენებას. ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ ამისი ცხადი მაგალითი", - ბრძანა პატრიარქმა.