დაიწყება თუ არა შიმშილობა?! ანუ პანიკის ზღვარზე მყოფი ადამიანები

დაიწყება თუ არა შიმშილობა?! ანუ პანიკის ზღვარზე მყოფი ადამიანები

- ყოველდღე ფასების ცვლა ვის გაუგია, კაცო, რა არის ეს? - დაიწუწუნა ბუთხუზა ქალმა და მარკეტის ბორბლებიანი კალათი სურსათით დატვირთული ერთი დახლიდან მეორეში მიაგორა - ეს ისე, მრავალფეროვნებისთვის კეთდება ქალბატონო, მყიდველებმა რომ არ მოიწყინონ, - უკბილოდ იხუმრა დაცვის ზორბა თანამშრომელმა და თვალი აარიდა...

- რა იუმორი აქვთ ამ "სექიურითებს" რა - არ შეარჩინა ქალმა. - მგონი ის დროა, საკვებს ვიმარაგებდეთ, ხელფასს რომ ავიღებ, ზეთი, მარილი, შაქარი, პურის ფქვილი, ბურღლეული და კონსერვები უნდა ვიყიდოთ. ხომ ხედავ, როგორ ძვირდება ცხოვრება... ჰო, კიდევ, "სალფეთქები" არ დაგვავიწყდეს და ჰიგიენის საშუალებები... მედიკამენტებიც, რა იცი რა ხდება?!. ზეთისხილი კი მაქვს ხუთი ქილა.

- რა გვიჭირს აბა, - ჩაილაპარაკა შეწუხებულმა მამაკაცმა, მაგრამ მისი მეორე ნახევარი თავის სტიქიაში იყო და განგრძობდა - სარდაფი დავალაგოთ, რომ მივალთ... იმ შენს ნაგავს სულ გადაგიყრი, რამდენი ხანია ვიძახი, ჩავიდეთ და მივალაგოთ იქაურობა-მეთქი, - ქალმა ხმაურით დაახეთქა სოკოთი სავსე რკინის ქილა და გამყიდველ გოგონას უხერხულად გაუღიმა. - უუხ მე შენი... - ბრაზით გადახედა მამაკაცმა აქტიურ მეუღლეს, - კინაღამ გამივარდა ხელიდან, ვერ უნდა მიხვდე, რომ დაიჭირო, შენს იმედზე ყოფნა ხომ არ შეიძლება რა, - ქალი არ ჩერდებოდა და რაც კი ხელში ხვდებოდა, საქმიანი სახით ყველაფერს კალათში ყრიდა - რა დღეში ხარ, ქალო, წარღვნას ელოდები?!

- გაიკვირვა კაცმა, როცა ცოლის ხელში შავი წიწაკის ოცამდე შეკვრას მოჰკრა თვალი - ოჯახია, რა იცი, რაში გამოგადგება, - უკან არ დაიხია ქალმა. მოლარემ დახუნძლული ცოლ-ქმარი რომ დაინახა, გაეცინა და სურსათ-სანოვაგის ამოლაგებას დინჯად შეუდგა. ჩემს შემდეგ რიგში ორი ერთნაირად ქერა, ჭორფლიანი, შლოპანცებიანი და წითელსათვალეებიანი უცხოელი იდგა, სახეზე ბედნიერი გამომეტყველებითა და ხელში ნატურალური წვენებით. უცნაური წყვილის დანახვაზე გაოცებულებმა ერთმანეთს ხმადაბლა რაღაც გადაულაპარაკეს და თავიანთ რიგს მოთმინებით დაელოდნენ. - როდის ჩვენ ამ მარაგის დაანგარიშებას მოვრჩებით, ქალო, გავატაროთ ის პატიოსანი ხალხი, - გადაულაპარაკა კაცმა ცოლს. - იმათ წესრიგი და კულტურა შენზე უკეთ იციან და წინ მაინც არ წავლენ, - ვალში არ დარჩა ქალი. - ოოხ, შენ რა ხარ, - მიდი, მაინც შესთავაზე. - სთხოვა კაცმა და უცხოელებს ხელის მოძრაობით ანიშნა, მიბრძანდითო - ო, ნოუ - იუარეს მათ ღიმილით, - ფლიიზ, ფლიიზ - არ ეშვებოდნენ ისინი. - სენქიუ, ნოუ...

ერთი სიტყვით, სალაროსთან ისეთი პატიჟი გაიმართა, რამდენიმე წუთში ჩვენ უკან რიგი დადგა. - რა ამბავია, კაცო, იმათ ტრამვაი თუ მოაკითხავთ, თორემ იმ ხორაგს საღამომდე ვერ გაზიდავენ, - აღშფოთდა წვერიანი კაცი. - ჭკვიანები არიან ისინი, ისე ყოველ წუთს ძვირდება ყველაფერი, მარაგის გაკეთება არც სხვებს გვაწყენს, - მიუგო ფაშფაშა ქალბატონმა.

უცხოელების რიგი ჯერ არ დამდგარიყო, მაგრამ მოთმინებით იდგნენ და იღიმებოდნენ - რავა ყველის ვაჭრებივით იკრიჭებიან ეს უპატრონოები, - გაბრაზდა წვერიანი თავაზიან უცხოელებზე და თვალი აარიდა... რაშია საქმე, ისევ ტალონებზე გადავედით? - იკითხა მარკეტში ახალშემოსულმა მყიდველმა და რიგის დანახვაზე უკან გაბრუნდა... - ეეჰ, მგონი, შორს არ არის იქამდე... გაერომ ხომ თქვა, ათ წელიწადში პურისთვის ომი ატყდებაო. - კაი, თუ ძმა ხარ რა, გაერომ ისიც კი თქვა, აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედისო, მაგრამ გამოსულებს უფრო ჰგვანან, - პოლიტიკაში გადაიჭრა წვერიანი. - ფაქტია, რომ პური გაძვირდა და... - აჰყვა საუბარში ვიღაცა, რომელიც ნამეტანი უკან იდგა, მხოლოდ ხმა ისმოდა მისი...

- კაცო, რომ იკითხო, კრიზისია და რა დღეშია ეს ხალხი, ათას ლარამდე ივაჭრეს მგონი, - უკვე ყველანი ბოლთას ვცემდით, რადგან თადარიგიანი ცოლ-ქმრის ნავაჭრის ნახევარიც კი არ იყო დაანგარიშებული და კალათიდან პროდუქტის ყველა სახეობის ამოღებას ოცამდე კაცი აყოლებდა თვალს... როცა ქალმა ჰიგიენური საფენები დადო მოლარის მაგიდაზე, ქმარმა მწყრალად გადახედა, - უუხ მე შენი... - რა გინდა, კაცო? - შეუტია ქალმა - რა მინდა და შენთან ცხოვრებას წარღვნა თუ არ მერჩივნოს, კაცი არ ვიყო, - აფეთქდა სახეშეცვლილი კაცი და მარკეტიდან გავარდა...

ნინო აფხაზავა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"