ავტორი:

როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

ვინმეს მოსწონს თუ არა, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილია მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, დიდ ოპოზიციურ ერთობაში მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არჩევნების წინა დღესაც კი სრულიად განსხვავებული იყო.

„ვინმეს მოსწონს, თუ არ მოსწონს, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიშა არის მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია. ეს რა ერთობაა?! დავუშვათ თეორიულად, ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ასეთ დროს ეს ერთობა ერთ ბლოკად გამოდის?! ანუ პოლიტიკური ბლოკი ხდება?! თუ ისევ ცალ-ცალკე იყრიან კენჭს, როგორც იყო. მე ამ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ იქნება ასეთი ბლოკის წევრი?! ან „ლელო“ ან „გირჩი!?! იმიტომ, რომ მათი ჯამური პროცენტი არის 10%. თუ მელია და სხვები მოიაზრებენ, რომ ერთ ბლოკში უნდა იყვნენ, მაშინ მიშას საკითხის წამოწევა ჯერჯერობით არ ჯდება ამ სტრატეგიაში, იმიტომ, რომ ეს ცოტა მოგვიანებით უნდა მოხდეს. ამიტომაც ვლაპარაკობ, დღეს რა ერთობაზეა საუბარი?! უნდა დადგინდეს, თუნდაც ის ხალხი ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდა, თავს ერთ ბლოკად მოიაზრებს?! თუ როგორც საარჩევნო კამპანიის დროს გაერთიანდნენ, ახლა ისე არიან გაერთიანებულები იდეის გარშემო - არჩევნები გაყალბდა - ეს არის ჯერ გასარკვევი. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით ვერ ჩამოვა, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების 90% სააკაშვილს მოაქვს. ესეც რეალობაა და ამ რეალობაში როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, ამაზე საუბარი ცოტა მიჭირს.

თეორიულად ვამბობ, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ეს ხალხი ისევ ცალ-ცალკე გამოვა?! ახლა ალბათ ამ თემაზე მიდის შიდა დისკუსიაც და ის განცხადებაც, რაც გუბაზ სანიკიძემ გააკეთა („მთავარი არხის“ ეთერში) სწორედ ამისკენ არის მიმართული. ალბათ, ნიკა მელია თვლის, რომ ეს ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

"ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

მისივე შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტი უაღრესად სახიფათოა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომების დაშვების თვალსაზრისით.

„ჩვენ ისეთი პარლამენტების მოწმე ვართ, სადაც ერთპარტრიული უმრავლესობა იყო და ხშირად უმრავლესობა იპოზიციას არ უსმენდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში საერთოდ არ არის, არასწორი გადაწყვეტილებების რისკი იზრდება. რა მოსდევს ამას?! - როდესაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს უკმაყოფილების გაზრდას და მათ შორის ამ პარტიის მხარდამჭერების შემცირებას იწვევს, ხოლო როდესაც პარტიის მხარდამჭერი მისი მოწინააღმდეგისკენ გადადის, ეს თავისთავად არასტაბილურობის ხარისხს ზრდის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხმალაძემ.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ფაქტობრივად აღარ არსებობს და აღარ მუშაობს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი და იშლება ზღვარი მთავრობასა და პარლამენტს შორის.

ამასთან, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული პარტიების მიერ საარჩევნო მანდატებზე უარის თქმა არასწორია.

„ეს არასწორია იმის გამო, რაზეც ახლა ვისაუბრე. 30 წელია არჩევნების უსამართლო შედეგს ვუყურებ. უსამართლობასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. უსამართლობის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ხელში კეტების აღება. არსებობს უსამართლობასთან სიტყვით ბრძოლა. ძალიან ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე საზოგადოება სამართლიანობის გზაზე დადგება და სანამ საზოგადოება და ამ საზოგადოების წარმომადგენლები - პარტიები, ხელისუფლება სამართლიანობის გზაზე დადგებიან, მანამ უსამართლობასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საჭიროა სიტყვით, დარწმუნებით, მოქმედებით. ამის ადგილი არის პარლამენტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მანდატებზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება არ არის. ეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, თუ რაიმე სხვა ჩანაფიქრი არ არის ზოგიერთის თავში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთობა ბუტაფორიაა და განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია ჩანს.

„ამდაგვარი განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია არის, ვერც მოთხოვ ამდენად განსხვავებულ პოლიტიკური წარსულისა თუ ხასიათის მქონე ადამიანებს ჰარმონიულ ერთობას. ასეთი ერთობა დღეს საჭიროა თუ არა მათთვის, ეს კიდევ საკითხავია. მითუმეტეს, როდესაც ის საკითხები და თემები, რომელიც მათ შორის დახურულ კარს მითმა უნდა წყდებოდეს, ღიად არის გამოტანილი და მუშაობენ ღია ეთერში. ეს უნდა იყოს შიდა სამზარეულო. დაუფიქრებლობა - გენიალური სიტყვაა, რომელიც მათ ბევრ საქციელს დღეს ერგება; დაუფიქრებლობაა უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, დაუფიქრებლობაა მეორე ტურზე ის პოზიცია, რაც აქვთ; დაუფიქრებლობაა ის საკითხი, რაც ასე წამოწია გუბაზ სანიკიძემ, არიქა, სააკაშვილი თუ ჩამოვაო. არ არის ახლა სააკაშვილის ჩამოსვლის დრო. თვითონ ამ პარტიებმა უნდა აჩვენონ ახლა ბრძოლის უნარი, თორემ სააკაშვილი უუნაროებთან წასაგებად ჩამომსვლელი ნამდვილად არ არის. მოგებულებთანაც ჩამოვა თუ არა, ეგეც საკითხავია. ადამიანებთან, რომლებსაც ბრძოლა არ შეუძლია, ნამდვილად არ ჩამოვა. დაუფიქრებლობა იყო მელიას მხრიდანაც შეტევა, არიქა, ბიძინას პოზიციაზე დგახარო. უნდა იცოდე, რომ საზოგადოების წინ ხარ და უნდა მოიქცე ისე, როგორც საზოგადოების, მათი ამომრჩევლის თვალს უნდა, დაინახოს. თორემ მე პირიქით, მომეწონა, რომ იხსნება ფრჩხილები და საიდუმლოებები მცირდება. ბუტაფორია არ იყო აქამდეც მათი ერთობა? როდესაც ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ებრძვიან მათთვის საერთო მეტოქეს, მაგრამ არცერთ პუნქტში პოლიტიკური თემების არ აქვთ ერთობა, ბუნებრივია, ეს თავს იჩენს. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს თავიანთი მანდატის შესრულება, რისთვისაც აირჩიეს. თუ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა ხარ, მთელი დაპირისპირება უნდა გადაიტანო პარლამენტში. თუმცა, ამის ბერკეტი ამომრჩეველს არ აქვს. ბერკეტი და კეტი ისევ პირველყოფილ პოლიტიკურ ურთიერთობამდე დაიყვანს პროცესებს. ამომრჩეველმა უნდა ჩაიქნიოს ხელი და უნდა დაელოდოს ახალი პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ჯგუფების მომწიფებას, რომელიც უფრო მაღალი დონის იქნება. ევროპელმა ექსპერტებმა სწორედ ეს გვისაყვედურეს, რომ დაუღვინებელი პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გამოსვლაო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, არის იმის საფრთხე, რომ ოპოზიციამ ის ამომრჩეველიც დაკარგოს, ვინც ახლა ხმა მისცა.

„ამიტომ ცდილობენ, რომ ერთიმეორეზე რადიკალურები იყვნენ, რადგან ხვდებიან, რომ მათ რადიკალურმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. თუმცა, მეეჭვება, რომ ეს სწორი და გააზრებული სტრატეგია იყოს. სტრატეგიას დრო და შეცდომების ანალიზი უნდა, რაც ერთ დღეში არ კეთდება. მათაც სჭირდებათ ტაიმ-აუტი იმისთვის, რომ გაიზარონ რა რეალობა შექმნეს. არ არის ისიც გამორიცხული, რომ თავიანთი ამომრჩევლის გაზრდა მათაც სჭირდებოდეთ, რომ ამომრჩეველმა მათგან აღარ მოითხოვონ გადაგდება-გადმოგდება, ეს ისევ გვაბრუნებს შუა საუკუნეებში, მიუხედავად იმისა, იარაღს გამოვიყენებთ თუ არა. მომწიფება უფრო ძნელი საქმეა, შიგნიდანაც უნდა უწყობდეს გენეტიკა ხელს მას და გარე პირობებიც. თუ გენებში არ არის და პირობებმა ხელი არ შეუწყო, მომწიფება შეუძლებელია“, - განაცხადა საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ამ დროის მოცემულობით, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ რჩება. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48%-ზე ოდნავ მეტი მიიღო.

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკო - მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება