ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირამოკერილი დევნილი - რამაზ არონია და მალუზა აბრამიშვილი შეუძლოდ გახდნენ.
სამინისტროს შენობასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოშიმშილეებს პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რამაზ არონია და მალუზა აბრამიშვილი მეშვიდე დღეა, სამინისტროსთან თბილისში საცხოვრებელი ფართების გამოყოფის მოთხოვნით შიმშილობენ. მათ პირი აქვთ ამოკერილი.
სამინისტროსთან სულ ექვსი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ოთხი პირამოკერილია.
სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ მივიდნენ "კონსერვაოტრი" ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" წარმომადგენელი ალეკო შალამბერიძე.
ლაშა ჩხარტიშვილმა მოუწოდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, შეასრულონ ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო დაპირება და დევნილები დაკმაყოფილონ თბილისის მასშტაბით საცხოვრებელი ფართებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხარტიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს.