ავტორი:

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. წყლის ჭავლის სახეში მოხვედრის შედეგად თვალის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმა და “TV პირველის” ოპერატორმა პავლე ხაჩიძემ.

რამდენიმე ოპერატორმა ჭავლის ძლიერი წნევით გამოყენების გამო გონება დაკარგა.

გადამღები ტექნიკა დაუზიანდათ რადიო "თავისუფლებისა“ და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: თორნიკე მანდარიას, გელა ბოჩიკაშვილს, დათო ქორიძეს, შიო ხიდაშელს, მარიამ ნიკურაძეს, სალომე ბოკუჩავას.

როგორც ანა ბარათაშვილი ყვება, წყლის ჭავლის წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მანქანიდან გადმოაგდო. ჟურნალისტს თვალის ბადურა დაუზიანდა, თუმცა ექიმები არწმუნებენ, რომ მის მხედველობას საფრთხე არ ემუქრება.

"ცესკოსთან მედიისთვის განკუთვნილ ავტომობილზე ვიდექი, სადაც მხოლოდ ჟურნალისტები და ოპერატორები ვიყავით. როდესაც დაიწყეს აქციის დაშლა, მომხვდა წყლის ჭავლის ნაკადი, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილიდან გადმოვვარდი. ძირს არ დავცემულვარ, რადგან იქ მყოფებმა დამიჭირეს. გუშინვე გადამიყვანეს "კავკასიის სამედიცინო ცენტრში“, სადაც დამიდგინეს თვალის ბადურის დაზიანება. ქირურგიული ჩარევა არ დამჭირვებია, წოლითი რეჟიმი დამინიშნეს და მკურნალობა", - ამბობს ანა ბარათაშვილი.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა განპირობებული აქციის დაშლა მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებებით, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი აქციაზე ყოფნის პერიოდში მსგავსი რამ არ მომხდარა.

"სიტუაცია იყო წყნარი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ დაშლას არ აპირებდნენ. შემდეგ დაიწყო კონკრეტული პირების დაპირისპირება სამართალდამცავებთან, არ დამინახავს, რომ ვინმე რამეს ისროდა. მართალია, მე ცოტა დაგვიანებით მივედი, და იმ პერიოდში რაც მე იქ ვიყავი, არანაირი ქვების დაშენა არ ყოფილა“, - ამბობს ანა ბარათაშვილი.

თვალის არეში მიიღო დაზიანება " TV პირველის“ ოპერატორმა პავლე ხაჩიძემაც. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, პავლეს თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და როგორც ექიმები ეუბნებიან, მალე ძველებურად შეძლებს დანახვას.

"ეს მოხდა აქციის დაშლის მეორე ეტაპზე. შემცვალეს ბიჭებმა, დავისვენე და ისევ მივედი, რომ შემეცვალა ჩემი კოლეგები. შევხედე, რომ ჩვენი სტაჟიორი და ჟურნალისტი იჭყლიტებოდნენ ამ ჩოჩქოლში და გადავწყვიტე, შევშველებოდი. ამ დროს სამივეს ერთდროულად მოგვხვდა ჭავლის ნაკადი და ძირს დავცვივდით. შემდეგ მე წამოვდექი ავიღე კამერა რომ არ დაზიანებულიყო. ავწიე თუ არა თავი, უეცრად მომხვდა ჭავლის ნაკადი სახეში. ეს იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ გონების დაკარგვამდე მივედი. ძირს დავეცი და თვალებში დამიბნელდა... შემდეგ ფრაგმენტებად, კადრებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. ჩემმა მძღოლმა გამარიდა იქაურობას. მალევე სასწრაფოც მოვიდა. ჩამიტარდა ოპერაცია, მაქვს სისხლნაჟღენთები. მეუბენებიან, რომ მალე გაიწოვს და ჩემს მხედველობას საფრთხე არ ემუქრება", - იხსენებს პავლე ხაჩიძე.

"ფორმულას“ ოპერატორს ნიკა მათიაშვილს გუშინდელი მოვლენების გახსენება უჭირს, რადგან, როგორც თავად ამბობს, გონება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული.

"აქციის დაშლის მეორე ნაკადში ვიდექი ჩემს ჟურნალისტთან, რატი წვერავასთან ერთად სამართალდამცავებთან ახლოს. ეს იმდენად უეცრად მოხდა, არაფერი მახსოვს ... თავის არეში მომხვდა წყლის ჭავლი და იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ გონება დავკარგე ვერაფერს გავიხსენებ, რადგან არ მახსოვს უბრალოდ. გონს საავადმყოფოში მოვედი. წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მითხრეს, რომ საფრთხე არ მემუქრება. " - გვეუბნება "ფორმულას“ ოპერატორი.

8 ნოემბერის აქციის დროს დაშავებული მედიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ, სამართლებრივ დავის დაწყებაზე ჯერ არ უფიქრიათ, თუმცა არ გამორიცხავენ.

მოქმედი ხელისუფლების პირობებში 8 ნოემბრის აქცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციების გაუფრთხილებლად დაშლის გამო ჟურნალისტებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს და ხელი შეეშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. 2019 წლის 20-21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის დროს მიტინგის დაშლის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები - სამედიცინო ცნობები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც კი, სახელმწიფომ არცერთი მათგანი არ ცნო დაზარალებულად.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე, რომელიც 20-21 ივნისის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს იცავს, იმედოვნებს რომ სიმართლეს სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, სადაც საჩივარი უკვე დარეგისტრირებულია.

"ჟურნალისტს, რომელსაც მე ვიცავდი, თავში მოხვდა რეზინის ტყვია და ოთხი ნაკერი დაადეს, სხეულზეც ჰქონდა დაზიანებები, მას ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო ცნობები, რომლებიც პროკურატურასაც წარედგინა. სამხარაულის დასკვნაც დევს საქმეში, მაგრამ მაინც არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ უარი თქვა მათ დაზარალებულად ცნობაზე, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ გენერალურ პროკურატურაში, იქაც უარი მივიღეთ და შემდეგ სასამართლოში გავასაჩივრეთ ერთჯერადად. არ ვიცი რა ლოგიკით, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იქაც უარი გვითხრეს. ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენი საჩივარი დარეგისტრირებულია და სახელმწიფოს მიეცა ვადა მომავალი წლის იანვრამდე წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებით " - ამბობს ადვოკატი.

გავრილოვის მედლები და მავთულხლართები - რა ხდება პარლამენტის გარეთ, სანამ დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"