ავტორი:

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

"იმედი ნამდვილად არსებობს" - რას ყვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა გამოცდას გაუძლო

COVID-19-ის მეორე ტალღა მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა და მდგომარეობაც არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად მძიმდება. ერთმანეთის მიყოლებით ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ე.წ. ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვებიც ბევრგან, მათ შორის - საქართველოშიც დაწესდა. მსოფლიოს მოსახლეობა ახალი კორონავირუსის ვაქცინისა და მისი სამკურნალო პრეპარატების მოლოდინშია. 9 ნოემბერს კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ მის გამოცდაში მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამ საკითხზე გვესაუბრება გერმანიის ქალაქ შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი და ინტენსიური თერაპიის ექიმი ნინო ნაცვალაძე.

- ეს გახლავთ BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა - BNT162b2. წელს ექსტრემალურ პირობებში დაიწყეს ბევრი და სხვადასხვაგვარი ვაქცინის შექმნა. მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 200 პროექტიდან მცირე რაოდენობამ შეძლო კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაში გადასვლა. მათ შორის იყო გერმანული კომპანია BioNTech და ამერიკული Pfizer.

ყველამ ვიცით, რომ, ზოგადად, ვაქცინა შექმნისას სხვადასხვა ფაზას გადის. ვაქცინა BNT162b2 შეიქმნა და გამოიცადა BioNTech-ისა და Pfizer-ის თანამშრომლობით. კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო 27 ივლისს. კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 154 ცენტრი და ყველა ასაკისა და სქესის 44 ათასი ადამიანი ჩაერთო, ასევე - შიდსით და B და C ჰეპატიტით დაავადებულებიც. რამდენადაც ვიცი, ბავშვები და ორსულები კვლევაში არ მონაწილეობდნენ.

- დაწვრილებით შეგიძლიათ გვითხრათ, რა ტიპის კვლევა გაიარეს ამ ადამიანებმა?

- კვლევა იყო რანდომიზირებული, აცრა - 2-ეტაპიანი, 21 დღის შუალედით. მესამე ფაზა დასრულდა და ექსპერტები ამბობენ, რომ დადებითი შედეგები მიიღეს, რადგან ვაქცინამ მთავარ გამოწვევას გაუძლო: უჩვენა მიზანმიმართული მოქმედება, შექმნა იმუნიტეტი, დაადასტურა ეფექტიანობა, ორგანიზმის მიერ ამტანობა და უსაფრთხოება, ანუ ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ გამოვლენილა. მწარმოებელს სურს, გააგრძელოს ვაქცინის გამოცდა 164 კოვიდდადასტურებულ ანუ დასნებოვნებულ პაციენტში, რადგან დასადგენია, შეძლებს თუ არა ვაქცინა ინფექციისგან დაცვის პარალელურად, დაავადების მძიმე ფორმების შემსუბუქებას.

ვაქცინა BNT162b2 არის ე.წ. გენბაზირებული ვაქცინა.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს, რომ იგი შეიცავს კორონავირუსის, SARS-CoV 2-ის გენომის (რნმ-ის) იმ ფრაგმენტს, რომელიც სპაიკ-პროტეინის წარმოქმნაზე არის პასუხისმგებელი. აცრის დროს სწორედ ამ ცილით წარმოიქმნება ორგანიზმში ანტისხეულები, რაც იმუნიტეტს კორონაინფექციის საწინააღმდეგოდ ამზადებს.

- როგორც ცნობილია, სხვა კომპანიებიც მუშაობენ ვაქცინაზე. მათზე რას იტყვით?

- BioNTech-Pfizer კონკურენციას უწევს ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ აცრებსა და ბიოსამედიცინო წამლებზე პასუხისმგებელი გერმანიის Bundesinstitut PEI. ჯანმო - ს მონაცემებით, 47 ვაქცინა გადის კლინიკურ გამოცდას, მათგან 10 - მესამე ფაზაშია. მიღებულ საიმედო შედეგებზე დაყრდნობით, BioNTech-Pfizer უახლოეს დღეებში ელოდება დამტკიცებას და რეალიზაციის უფლებას. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, მთავარი ის კი არ არის, პირველები ვიყოთ, მთავარია, ვაქცინა იყოს საიმედო, უსაფრთხო და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი სწრაფი რეალიზებაო. ჯერ მაინც უცნობია, რომელი ვაქცინა მიიღებს კომპეტენტური ორგანიზაციების დასტურს. საბოლოოდ, ბაზარზე გასვლის უფლებას იძლევა ევროპის წამლის სააგენტო - EMA.

იმედი ნამდვილად არსებობს. გუშინ გერმანიაში შედგა ეთიკური კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს Fair Priority-ის პროგრამა და ვაქცინის განაწილების 3-ფაზიანი გეგმა. ვაქცინა დამტკიცებისთანავე ნებაყოფლობით გაუკეთდება მაღალი რისკის პაციენტებს, შემდეგ - სამედიცინო პერსონალს. წლის ბოლომდე ვარაუდობენ 50 მლნ ვაქცინას და მომავალ წელს - 1,3 მილიარდი ვაქცინით იმუნიტეტის მიღწევას.

ასევე, ინტენსიურად გადის გამოცდას ანტივირუსული წამლები, რომელიც აუცილებელია ვაქცინასთან ერთად. მანამდე კი მთავარ რეკომენდაციად რჩება საუკუნეებით გამოცდილი ნორმები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად ვიცით - ეს არის ჰიგიენა, პირბადე და დისტანცია! ასე რომ, ვიდრე მეცნიერები დაუღალავად მუშაობენ, ხოლო ექიმები პაციენტების გადარჩენისთვის იბრძვიან, ადამიანებს სწორედ ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და ერთი უმნიშვნელოვანესი რამ გვევალება - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი -

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან