ავტორი:

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანში ზეიმი, სომხეთში კი არეულობა მოჰყვა. ერევანში დემონსტრანტები პრემიერ-მინიტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

ბოლო ცნობებით, სამართალდამცველებმა ერევანში 6 ადამიანი დააკავეს და მათ ხელისუფლების მიტაცების მცდელობებს ედავებიან. სომხური მედიის ცნობით, 6 დაკავებულიდან 2 პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

სომხეთში ოპოზიცია დღეს მასშტაბურ დემონსტრაციას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ერთობლივი განცხადება 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა.

"ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთიანობა, შიდა არეულობებისა და პროვოკაციების გამორიცხვა. ხვალ, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე ერევანში, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად სომხეთში უკვე ჩავიდა რუსული სამშვიდობო მისიის წარმომადგენელთა ნაწილი და ამ დროისთვის ისინი ყარაბაღისკენ მიემართებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ილ-76-ის ტიპის 20 თვითმფრინავით 400-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა. მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.

  • თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი

აღსანიშნავია, რომ შეიქმნება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

"ყოველთვის გვსურდა, რომ თურქეთსა და რუსეთს თანაბარი როლი ეთამაშათ სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და ჩვენ ამას მივაღწიეთ“, - ამბობს ალიევი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცენტრი რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს.

"მნიშვნელოვანია ამ ცენტრის მალე ჩამოყალიბება. უკვე არსებობს გრაფიკი სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩვენი მიწებიდან გაყვანის შესახებ. ამ თვის ბოლოს მათ უნდა დატოვონ ყველა ჩვენი ტერიტორია, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, ამ ცენტრის მოკლე დროში დაარსება დიდი სარგებლის მომტანია“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ფოტო ბაქოდან, სადაც ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და მიღწეული შეთანხმება იზეიმეს

  • თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბარი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეთანხმებას კონფლიქტის ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ მიმართული "სწორი ნაბიჯი“ უწოდა.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთთან ერთად "სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე“ ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი უნდა დააფუძნოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული პირების მთიან ყარაბაღში დაბრუნების მიზნით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კორიდორის გახსნის აუცილებლობას.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი მას „ისტორიული მნიშვნელობის“ შეთანხმება უწოდა, რომელიც, მისი თქმით, სომხეთის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადების ტოლფასია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს