ავტორი:

რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

რა მიზნით ეწვევა პომპეო თბილისს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, გახარიას განცხადება და ოპოზიციის კრიტიკა

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

"მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მაიკ პომპეო თბილისში შეხვედრებს გამართავს, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოხატოს.

„თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გარდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-23 ნოემბერს საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და საუდის არაბეთსაც ეწვევა.

"სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - აცხადებს გიორგი გახარია.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია.

როგორც ზალკანიანი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ოპოზიცია თარგმანსა და ლოგიკაშია დაკარგული. ის ოპონენტებს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩის განცხადებები კარგად წაიკითხონ და პოლიტიკურ პროცესებს დროულად დაუბრუნდნენ.

„ღიმილისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე ოპონენტებს სერიოზული პასუხი გავცე, რადგან ეს არის არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის. ვფიქრობ, ისინი ბოლო პერიოდში საერთოდ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ჩვენი როლი რეგიონში, როგორც ერთ-ერთი ლიდერის წარმოჩენა, ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. როგორც ჩანს, ოპონენტებმა ვერ გაიგეს, ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც გაჟღერდა უკვე, ძალიან კარგად იციან მათ, აშშ-ს პოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული იმ მრავალრიცხოვან განცხადებებში, რომელიც გაკეთდა უკვე. აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომელიც გავრცელდა არჩევნების შემდეგ, ეს ხომ არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია, რა განსხვავებულ გზავნილს ელოდებიან ისინი სახელმწიფოს მდივნისგან? ელჩი აჟღერებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ეს არის მთავარი გზავნილი და უმჯობესია, ისინი დროულად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

"ცოტა ვისაუბრეთ არჩევნებზე, კითხვა დასვა სასამართლოში არსებულ კლანზე, ინფორმირებულია და სჯერა, რომ კლანი არსებობს" - NGO-ის წარმომადგენლები პომპეოსთან შეხვედრაზე

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს" - ზალკანიანი