ავტორი:

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

ამერიკულ გაზეთ "პოლიტიკო“-ს («Politico») ევროპულ ვერსიაში დაბეჭდილია სტატია სათაურით "რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს“, რომელში განხილულია რუსეთ-თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პერსპექტივა, მასალაში გაკრიტიკებულია აგრეთვე ევროკავშირის პასიურობა (ავტორი - ნიკუ პოპესკუ, ევროსაბჭოს "დიდი ევროპის“ პროგრამის დირექტორი).

"ახლა, როცა კონფლიქტი ოფიციალურად, ალბათ, ისევ გაიყინა, შექმნილ სიტუაციაში, ვიდრე ევროკავშირი შორიდან უყურებდა და სულ უფრო უსარგებლო ხდებოდა თავის მეზობლებისათვის, რეგიონში ორი აშკარა გამარჯვებული გამოვლინდა - რუსეთი და თურქეთი, რომლებმაც კავკასიაში თავიანთი ძალის დემონსტრაცია მოახდინეს. თუ ევროკავშირი თავის სტრატეგიას არ შეცვლის, მაშინ ის ისევ დამკვირვებლის როლში გამოვა, სხვები კი თავის ინტერესების შესაბამისად პრაქტიკულად იმოქმედებენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:

"შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, სომხეთი კი დამარცხდა, მაგრამ ორივესათვის სიტუაცია არც ისე მარტივი არ არის. ბაქოსათვის ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე შვიდი რაიონი დაიბრუნა და, შესაბამისად, მთიან ყარაბაღს ანკლავის სახით შეინარჩუნებს, თუმცა ანგარიშს გაუწევს და შეურიგდება გარკვეულ შეზღუდვებს თავის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების სისტემაში.

რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების გათვალისწინებით (რუსული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩათვლით), მოსკოვს მოულოდნელად ხელში ჩაუვარდა აზერბაიჯანში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბერკეტები.

მთიანი ყარაბაღი ახლა სულ უფრო დაემსგავსება საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - 2008 წლამდე მდგომარეობით. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსეთისათვის გეოპოლიტიკურად კომფორტული კონფლიქტური ზონები, რომელთა მეშვეობით მოსკოვი, სურვილის მიხედვით, საქართველოში ტემპერატურას მართავდა. ახლა საქართველოს აზერბაიჯანიც გვერდით დაუდგა: ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში მოსკოვს და ბაქოს ერთმანეთთან იდილიური ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ რუსეთის ყოფნა მთიან ყარაბაღში შეიძლება რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში მომავალი დაძაბულობის წყაროდ იქცეს.

რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ნაწილობრივ კი ინარჩუნებს გარკვეულ დე-ფაქტო კონტროლს მთიან ყარაბაღზე რუსეთის დახმარებით, მაგრამ ამით მისი დამოკიდებულება რუსეთზე მკვეთრად გაიზარდა, რასაც სამომავლოდ კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. სომხეთი ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ იძულებული გახდება მოსკოვს ბევრ არასასურველ საკითხში დაეთანხმოს (საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში).

ნამდვილი გამარჯვებულები კი, საბოლოო ჯამში, რუსეთი და თურქეთი არიან. მოსკოვმა სომხეთზე გავლენა გააფართოვა, ანკარამ კი აჩვენა, რომ იგი თავისი მოკავშირის ერთგულია. თურქეთმა საკუთარი იარაღის რეკლამირებაც განახორციელა. აშკარაა, რომ მოსკოვი და ანკარა ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

ეს ყველაფერი კი ევროკავშირის რეპუტაციას და მის საგარეო პოლიტიკას კარგს არაფერს უქადის. აშკარაა, რომ მის ახლოს მდებარე რეგიონში მეზობელი სახელმწიფოების (თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მილიტარიზებული ხდება: ვისაც როგორ სურს, უცერემონიოდ ატარებს თავის პოლიტიკას - სამხრეთ კავკასიიდან ლიბიამდე და სირიამდე. სანამ ევროკავშირი მხოლოდ დიპლომატიურ საშუალებებს იყენებს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. გასაგებია, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა (ვთქვათ, ჯარის გაგზავნით) ევროკავშირს ყველა პერიფერიაში არ შეუძლია, მაგრამ მას აქვს ერთი ვარიანტი მოქმედებისათვის: გააღრმაოს პარტნიორული ურთიერთობები ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე. ევროკავშირი უნდა გახდეს ის ძალა, რომელსაც გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროშიც. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცევენ ყურადღებას ევროკავშირის ხმას და უფრო მეტად მოუსმენენ მას იმ რეგიონში, სადაც მის პოზიციას ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს“. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს" - ალიევი

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა გაიკეთა - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკელი ექსპერტი