ავტორი:

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

"არცერთი არ დაინდო ვირუსმა, არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო...“ - უმძიმესი ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრიც კორონავირუსმა იმსხვერპლა

საქართველოში უკვე არაერთია ისეთი შემთხვევა, როცა კორონავირუსმა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმსხვერპლა. ახლაც ერთ-ერთ მსგავს ტრაგიკულ ამბავზე გიყვებით. ვირუსმა ერთი ოჯახის სამი წევრი შეიწირა.

"ბევრი იბრძოლა პატიკომ, ძალიან ბევრი და მაინც ვერ გაუძლო, ვერ მოერია. არც ერთი არ დაინდო ვირუსმა. არც მარგო ბებო, არც დარეჯანი, არც პატიკო“ - წერს სოციალური პლატფორმა "ქალები საქართველოსთვის“ გრაფიკული დიზაინერი მარიკა მორჩილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მარიკამ სოციალურ ქსელში პირველად ახლობლების ავადმყოფობის შესახებ სტატუსი 31 ოქტომბერს დაწერა:

"დღეს დეიდაჩემი დავკრძალეთ. როგორც თქვენ არ გჯერათ ვირუსის, ისე მე არ მჯერა, რომ ეს საყრდენი გამომეცალა. არც რამე ქრონიკული სჭირდა, არც 180 წლის იყო, მხნე იყო და ყოჩაღი, მუშაობდა გიჟივით, მილიონ საქმეს აკეთებდა. ყველას გვეიმედებოდა და ყველას გაჭირვების ტალკვესი ეს იყო.

მას რომ გაუჭირდა, ვერ ვუშველეთ. სამი დღის წინ მარგო ბებო დავკრძალეთ, დღეს დარეჯანი. პატიკო აპარატზეა შეერთებული და იბრძვის. გაუფრთხილდით ხალხო ერთმანეთს, საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, მითუმეტეს როცა გაუფრთხილებლობას ასეთი დიდი ტკივილის მოტანა შეუძლია...“ - წერდა მაშინ მარიკა მორჩილაძე. სამწუხაროდ, ვერც პატიკო გადარჩა.

კორონავირუსით გარდაცვლილი ოჯახის სამივე წევრი "ფეისბუქის" ქართული სივრცისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მათ შესახებ ერთი წლის წინ სოციალური პლატფორმა, "ქალები საქართველოსთვის" წერდა.

დარეჯან მღებრიშვილი პროფესიით გეოლოგი გახლდათ. მისი ძმა, პაატა, დედამ 44 წლის ასაკში გააჩინა. ბიჭი დაუნის სინდრომით დაიბადა:

"მე ვუვლი 94 წლის დედას და პატიკოს, ასევე, გვყავს 93 წლის დეიდა. როცა დეიდა ცუდადაა ხოლმე, ჩვენთან მოგვყავს, მაგრამ მაინც თავის სახლში ურჩევნია ყოფნა და რომ გამოკეთდება, სახლში გარბის. გარდა იმისა, რომ მე მატერიალურად უზრუნველყოფილი მყავს ესენი, თავის თავს უვლიან, ძალიან ყოჩაღი მოხუცები არიან. ბევრ რამეს აკეთებენ, ძალიან სოლიდური ასაკი აქვთ, მაგრამ ცდილობენ, ნაკლებად შემაწუხონ. ბოლო წელს ძალიან გაუჭირდა დედას, ბევრი რამე გადაიტანა, მაინც ცდილობს პატიკოს მიხედოს, საჭმელი აჭამოს, სანამ მე მოვალ, დაეხმაროს იმიტომ, რომ პაატას საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლია.“ - ყვებოდა დარეჯანი ინტერვიუში და ოცნებობდა საკუთარ სახლზე, სადაც პაატას და მოხუც დედას უფრო მეტი სივრცე ექნებოდათ.

"პაატას უკვე უჭირს მოძრაობა და სამწუხაროდ, თეატრში ვეღარ დავდივართ. "ქეთო და კოტე“ უყვარს ძალიან. ჩვენი ყოველი დღე “ქეთო და კოტეს” ძახილით იწყება. სტუმრად სიარულიც ძალიან უყვარს და როცა ვახერხებ, სულ დამყავს. ჩვენ რომ გვსტუმრობენ, ეგეც უხარია.

მინდა, სოფელში მქონდეს პატარა და კოხტა სახლი ეზოთი, სადაც დედას, დეიდასა და პაატას წავიყვან. ჰაერზე, ყვავილებსა და სიმწვანეში მეყოლებოდნენ და სადაც დასვენების საშუალება მომეცემოდა. ეს არის ჩემი ოცნება.“ - ვკითხულობთ დარეჯანთან ერთი წლის წინანდელ ინტერვიუში.

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული - "ტვირთთან ერთად ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

"შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს.. " - ნიკა მელია უქურთუკოდ გადაღებულ ფოტოსა და კომენტარს აქვეყნებს

აქციაზე "ბარბერის" ქურთუკით მისული ნიკა მელია სოცქსელების ვარსკვლავად იქცა - რა ღირს სამოსი, რომელიც ოფიციალურ საიტზე შეზღუდული რაოდენობითაა