ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება და განსაკუთრებით ოპოზიცია პასიურობს. სამთავრობო ცვლილებებმაც ჩაიარა და ტელევიზიები საკურორტო სეზონის გაშუქების იმედად დარჩნენ. თუმცა ლეიბორისტული პარტია გამონაკლისია. მათ მუდამ აქვთ გასაპროტესტებელი თემა. ბატონ სოსო შატბერაშვილს რომ დავურეკეთ, ქობულეთში დასასვენებლლად აღმოჩნდა. შვებულებიდან დაბრუნებულმა მეორე დღესვე ბრიფინგი გამართა.
- ბატონო სოსო, მეგონა ლეიბორისტები არასოდეს ისვენებდით...
- დასვენება ჰქვია ათდღიან შვებულებას? ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში მთელი აჭარის რეგიონი შემოვიარე. ხალხს ვხვდებოდი და მათ პრობლემებს ვეცნობოდი. როგორც ხედავთ, საქმე და დასვენება ერთმანეთს შევუთავსე.
- როგორ შეგხვდნენ აჭარლები?
- მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტებს არასოდეს გვაკლდა რეიტინგი, წელს მაინც გაკვირვებული ჩამოვედი. მსგავსი თბილი დამოკიდებულება არასოდეს მახსოვს. ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდებოდი. მაგალითად, ერთხელ ოჯახთან ერთად ქუჩაში გავიარე და იქ მდგარმა მოქალაქეებმა ტაში დამიკრეს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ჩემი ოჯახის წევრებთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. სასიამოვნოდ გაოცებული ჩამოვედი.
- მითხარით, მოსახლეობის პრობლემებს გავეცანიო, ძირითადად რა პრობლემები აწუხებთ ამ რეგიონში?
- ეს არის სოციალური პრობლემები და დასაქმების საკითხი. ასევე ხელისუფლების მიერ მოსახლეობის რეკეტი.
- არადა ამბობენ, სააკაშვილი განსაკუთრებულად ზრუნავს აჭარაზე. უამრავი სასტუმრო და რესტორანი აშენდა.
- ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ამ რესტორნებსა და სასტუმროებში თურქები ან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებული. მერე მეორე, თუ რომელიმე ადგილობრივს კერძო ბიზნესი აქვს, ხელისუფლება არეკეტებს. ასევე ძალიან უკმაყოფილონი არიან ბანკებით. როგორ შეიძლება საკურორტო ზონაში კრედიტზე 24-26% დააწესო. ბანკის თანამშრომლებს ბანდიტებს ეძახიან. ან ვის გაუგია, კანალიზაციისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა სეზონის დასაწყისში დაიწყო? გადათხრილ-გადმოთხრილია ბათუმი და ქობულეთი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების უნიათობაზე.
- უცხოელი დამსვენებლები თუ შეგხვდნენ, ბატონო სოსო?
- რა თქმა უნდა, ძირითადად სომხები, მაგრამ გამიხარდა, რომ შიგადაშიგ აზერბაიჯანელებიც დავინახე. ნელ-ნელა ისინიც მოდიან ჩვენს კურორტებზე და ეს ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი რომ მოწესრიგებული დახვედროდათ, გაცილებით მეტნი და კმაყოფილნი იქნებოდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობას ომის დაწყების შიში შევატყვე. ძალიან მწარედ ახსოვთ 2008 წლის აგვისტო. ამბობენ, სააკაშვილმა დაგვღუპა და მას მერე წელში ვერ გავიმართეთო. ისევ რომ დაიწყოს ომი, რა გვეშველებაო. ამას დაერთო გადათხრილ-გადმოთხრილი ქუჩები.
- ომისგან ღმერთმა დაგვიფაროს. პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს რას უკავშირებთ?
- რა თქმა უნდა, ადგილობრივ არჩევნებს. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არჩევნების მოგება სააკაშვილს მილიარდ დოლარზე მეტი უჯდებოდა. შემდეგ თვითონ დაადასტურა თითო არჩევნები მილიარდი, მილიარდ-ნახევარი მიჯდებაო. ან ეს მილიარდ-ნახევარი რაღაა. ეს ფული ხომ ჰაერიდან არ ცვივა, ამიტომ უცხოეთიდან შემოსული კრედიტების ხარჯზე იფარება. მე არ მინდა მოსახლეობას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ზოგიერთი ბრიყვი, რომელიც მიდის და ხუთ ნომერს შემოხაზავს იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი კილო მაკარონი ან ერთი ბოთლი ზეთი მისცა, რამდენიმე თვეში ფასების გაძვირების შედეგად ეს ფული ნაწილი ბიუჯეტში და ნაწილიც მთავრობის ჯიბეში ბრუნდება.
- ბოლო დროს ოპოზიცია პასიურობს. თითქოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი აღარაფერი ხდება.
- როგორ არ ხდება. სააკაშვილს უნდა მესამედ მოვიდეს ხელისუფლებაში. მის ინტერვიუს თუ გაეცნობით, რამდენიმე ჟურნალში წერს, რომ ის არის ბაგრატიონების შთამომავალი და აპირებს მეფედ დაჯდეს. თქვენ ახლა გაგეცინათ და ასევე ეცინებოდათ, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და ამბობდნენ, პრეზიდენტი გახდებაო. ამ სიცილ-სიცილში დაგვენგრა ქვეყანა. ხვალ შეიძლება ჩაატაროს რეფერენდუმი, სურს თუ არა ქართველ ხალხს სამეფო ტახტზე იხილონ სააკაშვილების საგვარეულო. გაყალბებული რეფერენდუმის შედეგად მოგვევლინება მეფედ. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ეს არ დავუშვათ.
- განახლებულ მინისტრთა კაბინეტზე გკითხავთ. ქალბატონები მომრავლდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
- მე არ ვიცი, ქალბატონები იქნებიან იქ თუ ვაჟბატონები, მაგრამ სააკაშვილს ერთ რამეში ვეთანხმები, რომ ამბობს, მინისტრთა კაბინეტი არის ხორცკომბინატი, მინისტრები - სახორცე მასალა და უსაქმურობისგან აღარ იციან რა ქნანო.
- პრეზიდენტს ამაში მაინც ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, თავის მინისტრები რომ ხორცის ნაგლეჯები არიან, აბსოლუტურად მართალია. ადამიანს როცა ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ, მინიმუმ პოსტი მაინც უნდა დატოვოს, მაგრამ მე წავიკითხე კობა სუბელიანის ინტერვიუ, სადაც ის წერს, კი, ვეთანხმები მიშა სააკაშვილს, ჩვენ დავმყაყდით უძრაობისგანო. ხედავთ, დაეთანხმა, რომ ხორცის ნაჭრები არიან. თან ახალი ხორცის კი არა, ვადაგასულის. აი, ასეთი უთავმოყვარეოა ჩვენი მინისტრთა კაბინეტი. ზოგიერთი მოქალაქე გვეუბნება, თქვენ სააკაშვილს ლანძღავთო. არადა პრეზიდენტი არასოდეს გაგვილანძღავს, უბრალოდ სიმართლეს ვამბობთ.
- "გეიაღლუმს" გადავრჩით მგონი, გააპროტესტეთ ლეიბორისტებმა?
- მაშინ, როდესაც სააკაშვილმა თავის ხელისუფლებას ძეგლი დაუდგა გმირთა მოედანზე, რა გასაკვირია, გეიაღლუმის ჩატარების ნება დაერთო. ამიხსენით, ვისი ძეგლია ეს ძეგლი?
- იქ გმირების სახელებია ამოტვიფრული, ბატონო სოსო...
- მე იქ მივედი, გარშემო შემოვუარე და ვერაფერი ვერ წავიკითხე. რაღაც გაურკვეველ ასოებს ვხედავ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა ქართველი გმირის სახელი ვიცოდი ზეპირად. ახლა ერთადერთი გმირი ჩვენი მთავარსარდალია. რაც შეეხება გეებს, რა გითხრათ აბა, ჩვენთან პოლიტიკურად ისეთი სიტუაციაა შექმნილი, ცისფერზე ხმას რომ ამოიღებ და რამეს იტყვი, მაშინვე თავს დაგესხმებიან, მათი უფლებები ირღვევაო. ჩვეულებრივი, ნორმალური ორიენტაციის ადამიანის უფლებები რომ ირღვევა, ეგ არაფერია? რამდენმა ჩამოიხრჩო თავი, ზოგი მდინარეში გადახტა. წამლის ფული არა აქვს ხალხს. ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს მევახშის. რატომ მათ უფლებებზე არ საუბრობენ? როგორც კი გეიზე ხმას ამოიღებ, ატყდება ერთი ამბავი.
- არც უფასო კონცერტები მოგწონთ? ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მუსიკალური ლეგენდა ესტუმრა საქართველოს.
- კუტუნიო არის ლეგენდა? მისი ჩამოსვლის დღეს ლეიბორისტებმა "კუტუნიობა" დავარქვით. როცა ლეგენდა იყო, მაშინ ვუსმენდით. "ბონიემის" მსმენელიც გახლდით და საერთოდ თქვენი მონამორჩილი თავის დროზე მელომანი იყო. ამათ ისეთი მომღერლები ჩამოჰყავთ, რომელთაც თავის ქვეყანაშიც აღარ უსმენენ... მე ვურჩევდი, ცოტა უფრო გემოვნებიანად შეარჩიონ.
- ვის ჩამოყვანას ურჩევდით?
- მე ვინმეს ჩამოყვანას კი არა, იმას ვურჩევდი, რომ თვითონ წავიდეს პრეზიდენტის პოსტიდან. მერე როგორ კონცერტებსაც მოვაწყობთ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას როგორ დავეხმარებით, ნახოს, ჩვენ ვიცით, როგორ მივიღოთ სტუმრები და კულტურულ მემკვიდრეობას როგორ გავუფრთხილდეთ. დაერია ძეგლებს, ყველაფერს ანადგურებს, რაც ჩვენს წინაპრებს ამდენი შრომითა და ჯაფით შეუქმნიათ. ქვეყანა თავზე გვენგრევა. რა გვეკუტუნიოება, მაინტერესებს.
- ლეიბორისტულ პარტიასაც გდებენ ბრალს, რომ მუდმივად ოპოზიციურ მდგომარეობაში ხართ. კარგი არაფერი კეთდება ქვეყანაში?
- მითხარით ერთი, კარგი საქმე რა გააკეთეს ნგრევის მეტი და დაგეთანხმებით.
- მაგალითად ქვეყანაში დაიგო გზები...
- აკი ბატონო. ამბობთ, რომ გზა დაიგო. ჯერ ერთი, სააკაშვილს გზა კი არ დაუგია, აგებს. როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის საგარეო ვალი იყო ორი მილიარდი დოლარი, მაშინ ითვლებოდა, რომ ეს იყო კატასტროფა, დღეს საგარეო ვალი არის ათი მილიარდი დოლარი. იცით, ეს რას ნიშნავს? მე რომ ბანკიდან გამოვიტანო ფული, ავიშენო სასახლე, შევიდე შიგ და ვთქვა, აი, რა სასახლე ავიშენე. მალე ამ გზასაც დაედება ფასი და იქ გასავლელად ფულის გადახდა მოგვიწევს. ეს რომ ქართული ეკონომიკის ხარჯზე კეთდებოდეს, მე მართლა ვიტყვი, ყოჩაღ, სააკაშვილი, მაგრამ როცა საწარმოები არ მუშაობს, სოფლის მეურნეობა მკვდარია, ტყეები იყიდება, ჟინვალჰესი არაბებს მიჰყიდეს, მთელი საგანძური გაიყიდა რა უნდა თქვას.
- აბა, ყველაფერი კახა ბენდუქიძემ გაყიდაო?
- ბენდუქიძემ რაც მოასწრო გაყიდა, ახლა რაც დარჩენილია, ის იყიდება. ახლა ტყეების გაყიდვას აპირებენ. თუ ტენდერს გამოაცხადებენ, ქალბატონ ვერა ქობალიასთან მოგვიწევს ურთიერთობა, ოღონდ არა სტრიპტიზის ბარში. ან ეს გზებიც, რაც იგება, მალე ფუჭდება. რომ აკეთებ, ხარისხიანად ხომ უნდა გააკეთო.
- თქვენი პარტიის საშემოდგომო გეგმებზე რას გვეტყვით?
- მე ერთი რამ ვიცი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მებრძოლები და ვრჩებით მებრძოლებად. არავინ თქვას, პოლიტიკა ბრძოლა არ არისო. პოლიტიკოსიც მებრძოლია, ექიმიც და ინჟინერიც. ყველა პროფესიას აქვს თავისი ბრძოლის ელემენტები. თქვენც, ჟურნალისტებიც მებრძოლები ხართ. როცა აქციაზე ვართ და ვიღაცას ჩაგრავენ, ვეუბნებით, მოდით, გააპროტესტეთ. არა, ჩვენ ვერ გამოვჩნდებით, გვეშინია. მაშინ ჩვენ რატომ არ გვეშინია? თქვენ პოლიტიკოსები ხართო. ვპასუხობ, კი მაგრამ, მკვდარი პოლიტიკოსი არ გინახავთ?.. ბრძოლას გავაგრძელებთ. არანაირი მუქარა, დაშინება, ტერაქტის მოწყობის მცდელობა, რომელიც უამრავჯერ გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ, ვერ გაგვაჩერებს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)