ავტორი:

"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს

"რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური..." - პრემიერი პომპეოს ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს, მისი შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

როგორც გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

“მოგეხსენებათ, გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რაც განხილული იყო, ესაა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, შემდგომი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას.

საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ფასეულობებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო ბიოსტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და მისი ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს.

„რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ქვეყანაში პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ერთობლივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, ისე მოიქცევა, როგორც ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქესა და იმ მოლოდინებსა და პასუხისმგებლობას ეკადრება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, იქნება ეს გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს 17-18 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქსა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერი შეხვდა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდი დასრულდა: "ძალიან ცხარე კამათი იყო" - რაზე შეთანხმდნენ ან ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა" - ლევან გოგიჩაიშვილი