აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ბაქოდან ეგრიმანს 7 თვეა ელოდება

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ბაქოდან ეგრიმანს 7 თვეა ელოდება

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი დანიშნულია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ბაქოდან ეგრიმანს ელოდება. ეგრიმანის გამოგზავნისთვის დაწესებული ზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები იმაზე საუბრობენ, რომ ეგრიმანის გამოგზავნის რამდენიმე თვით გაჭიანურება ძალზე საყურადღებო ფაქტია. ცნობისათვის: დიპლომატიურ ენაზე ეგრიმანი მიმღები ქვეყნის მიერ ელჩის ოფიციალურად აღიარებას ნიშნავს. ხელისუფლების მხრიდან კი ამ თემაზე არანაირი კომენტარები არ კეთდება.

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ახლა პარლამენტარი ირაკლი ქავთარაძეა. მის ელჩად დანიშვნაზე პრეზიდენტს თანხმობა პარლამენტმა ჯერ კიდევ თებერვალში მისცა. დიპლომატიური სამსახურის წესების თანახმად, იმ ქვეყნის ხელისუფლებამ, სადაც ელჩი ინიშნება, უნდა გაუგზავნოს ეგრიმანი და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ამ ელეჩთან მუშაობის საწინაღმდეგო არაფერი აქვს.

როგორც წესი, ეგრიმანის მიღებას ძალიან დიდი დრო არ სჭირდება და, ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყანა აგზავნის ელჩს და რომელი იღებს და ეგრიმანის საკითხს მიმღები ქვეყანა რამდენად პრიორიტეტულად ჩათვლის.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან მეგობრული ურითერთობა აქვთ, ეგრიმანის რამდენიმე თვით დაგვიანება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხზე საუბარი არავის სურს, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია წინა ელჩის ისტორიაც, როდესაც პარლამენტის მიერ ელჩად დამტკიცებული ვანო ნონიაშვილი ბაქოდან ეგრიმანის ჩამოსვლას აღარ დაელოდა და თვითონ მოითხოვა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ელჩად სულ რამდენიმე დღის დამტკიცებული იყო და თანამდებობიდან გათავისუფლების არგუმენტად დედის ავადმყოფობას ასახელებდა.

ძნელი სათქმელია, ნონიაშვილის შემთხვევაშიც ასე ძალიან თუ დაიგვიანებდა ბაქოდან ეგრიმანი, მაგრამ ფაქტია, რომ ნონიაშვილის შემდეგ ელჩად დანიშნული ქავთარაძე ბაქოში გამგზავრებას დღესაც ელოდება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამო ეს ფაქტი უფრო მეტ კითხვის ნიშანს და მეტ ინტერესს იძენს.

ექსპერტი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხი უდაოდ ყურადღების მისაქცევია, თუმცა, თავად ანალიზის გაკეთება უჭირს.

"ვერ გეტყვით, ეს რის გამო შეიძლება ხდებოდეს. ამაზე კომენტარი რომ გააკეთო, საქმის დეტალები უნდა იცოდე. აქ, ალბათ, არის ისეთი რაღაცთები, რომლის გამოც ჭიანურდება ეგრიმანის გამოგზავნა. იგივე, თუ არ იცი შიდა სამზარეულო, ტექნიკური მხარე და ა.შ, ვერაფერს იტყვი. მაგრამ, ეს დეტალები უნდა იცოდე, რომ შეფასება გააკეთო", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება იმას, თუ ზოგადად ეგრიმანის მიღების საკითხი როგორ რეგულირდება, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ "ზოგადად ამ საკითხზე დადგენილი ვადა არ არსებობს. მაგრამ რაღაც ზღვარს რომ გადასცდება, რამდენიმე თვეს და არ მოდის, ეს რაღაცას ნიშნავს. მაგრამ კონკრეტულად ეს რა შემთხვევაა და რასთან გვაქვს საქმე, ამაზე საუბარი ნამდვილად მიჭირს".

თუმცა, მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ეგრიმანს წლობით ელოდებოდნენ და, თუკი თვეობით იგვიანებს, რაღაც დასკვნები უნდა კეთდებოდეს. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ ამ თემაზე ხელისუფლებაში საუბარი არ სურთ.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავარი არის სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები და იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთი დღითიდღე უფრო მეტი ყურადღების ცენტრში ექცევა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაურკვეველი საკითხები ვის წისქვილზეც დაასხმას წყალს, გასაგებია.

მაგრამ საინტერესო ის არის, თუ ეს რის გამო ხდება და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ექსპერტი ლევან ალექსიძეც მიიჩნევს, რომ ვიდრე ეგრიმანის დაგვიანების მიზეზები ოფიციალურად არ დასახელდება, ექსპერტებისთვის რაიმე ანალიზის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

"ეს უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული და ვიდრე გადაწყვეტილება არ მიღებულა და მიზეზები არ დასახელებულა, რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. შესაძლოა, ეს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელის რაღაცა შეთანხმებაა, რომ არ იჩქარონ. არ ვიცი, ვერ გეტყვით", - აცხადებს ლევან ალექსიძე.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აგრიმანის დაგვიანება "რაღაც გაუგებრობის ბრალი იქნება" და ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე არ აისახება. თუმცა, რამაზ საყვარელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ეს პირადად ელჩს უკავშირდებოდეს.

"საქართველოს აზერბაიჯანთან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს, რომ რაიმე სირთულეებს არ ველოდები. სწორედ ამიტომ უფრო მეტად მიჭირს იმის თქმა, თუ რა სირთულე შეიძლება იყოს. კონკრეტული კანდიდატურა შეიძლება იწვევდეს რაიმე უკმაყოფილებას. თუ ჩაეძიებით მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას ან მის განცხადებებს, შეიძლება, ამან რაიმე გიკარნახოთ. მე ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება ირაკლი ქავთარაძეს იგი, მიუხედავად მცირე ასაკისა (დაბ. 1973 წ), უკვე მეორე მოწვევის პარლამენტარია. წინა მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამ პარლამენტში კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამასთან, იგი 2002 წლიდან დღემდე არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი.

გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ფლობს რაიმე ბიზნესს ან რაიმე ფორმით უკავშირდება აზერბაიჯანის ფინანსურ წრეებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, ამ მხრივ ქავთარაძე მხოლოდ ოპოზიციასთან მიმართებაში აქტიურობს და ისიც - შიდაპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ამიტომაც საკმაოდ ძნელია იმის ვარაუდი, თუ აზერბაიჯანის მხრიდან გამოჩენილი თავშეკავება რითი შეიძლება აიხსნებოდეს. თუმცა, იმედია, ეს საკითხის მნიშვნელობას ხელისუფლება სათანადოდ აფასებს და განმარტებები თუ არ გაკეთდება, პრობლემის მოგვარებაზე მაინც იფიქრებს.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე