1-ელი სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღეა. ეს თარიღი ერთიანობის დღედ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 1-ელ სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადა.
2008 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოს ერთიანობის დასადასტურებლად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში "ცოცხალი ჯაჭვი" შეიკრა.
"ცოცხალი ჯაჭვი" შეიკრა ევროპის ყველა იმ დედაქალაქში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. აქციაში, ქართველებთან ერთად, სხვა ეროვნების მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
ამ აქციაში მონაწილეობასა და, ზოგადად, საუფლო ლოცვების აღვლენის კურთხევა მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისცა.
როგორც ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "საქართველოს ძალიან უსამართლოდ შემოუტიეს. მათ, ვისაც უნდოდა თავისუფლება, ერთიანობა, გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან. დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს შეგვიძლია ვუთხრათ - საქართველო ერთიანია. ჩვენი დროშა დღეს თავისუფლების სიმბოლოა".