ავტორი:

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

"რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღე ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია" - სომხები რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს აფასებენ

სომხეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც თითქმის ორი კვირაა იმართება, რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ჩავიდნენ. აქციის მონაწილეები, რომელთა უკანაც, საზოგადოების ნაწილის შეფასებით, რუსეთიდან მართული ოპოზიცია დგას, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათთვის ფაშინიანის ხელისუფლება მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა ყარაბაღის ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სომხეთისთვის კაპიტულაციად არის მიჩნეული.

აქციების ფონზე, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

მათი პოზიციები, ძირათადად, მათმა მოადგილეებმა დაიკავეს. კონკრეტულად, განათლების ყოფილ მინისტრი, არაიკ ჰარუთუნიანი მისმა მოადგილემ ჟანა ანდრეასიანმა შეცვალა, შრომისა და სოციალურ საკითხთა ახალი მინისტრი მესოპ არაქელიანია, თავდაცვის სამინისტროს მეთაური კი, ვაგარშაკ არუთუნიანი იქნება. უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი არა აივაზიანმა დაიკავა.

ერევნის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიურობს სომხეთში სიდიდით მეორე ქალაქი გიუმრი, სადაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით, გიუმრის მოსახლეობის რადიკალური განწყობა იქ რუსეთის ბაზის არსებობით აიხსნება - მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაზაზეა დასაქმებული და რუსეთთან კავშირების დაკარგვა ან ურთიერთობის დაძაბვა, მათ ეკონომიკურ მდგომარებაზე ცუდად აისახება. თუმცა როგორც ფაშინიანის გარემოცვა აცხადებს, პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, "ახლა მთავარი დიპლომატიური მიმართულებაა".

რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს სომხეთში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილის შეფასებით, "კრემლმა ფაშინიანს თავისი ძალა აჩვენა და შემდეგ პატივი დასდო, პირისპირ გაცნობოდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რითაც აგრძნობინა, რომ მის გარეშე სომხეთში ვერაფერი შეიცვლება".

სხვები მიიჩნევენ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვერ განსაზღვრა, რომ რუსეთის ორბიტას ასე ადვილად ვერ დააღწევდა თავს, სომეხმა ხალხმა კი, ვითომ რევოლუციის სანაცვლოდ, რომელიც ვითომ დემოკრატიულ რეფორმებსა და პროდასავლურ მომავალს ჰპირდებოდა, მთიანი ყარაბაღი დაკარგა.

კიდევ ერთი ნაწილის მოსაზრებით, აქციები, რომელიც ახლა სომხეთის რამდენიმე ქალაქში იმართება, სომხეთის სტაბილური მომავლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და არა, კონკრეტულად ფაშინიანის ხელისუფლების.

"ამ კრიტიკულ სიტუაციაში რთულია ამის თქმა და არამომგებიანიც, მაგრამ უთქმელობაც რთულია - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი გავლენა, რითაც გვითხრა, როგორც მე გიკარნახებთ, ისე იცხოვრებთ, დასავლეთი დაივიწყეთ, თორემ ჰუმანიტურალი მისიით შემოსულ ათასობით სამხედროს, მაშინვე დავამატებთო... ვაქცინა ჩამოგვიტანეს, რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს და არავინ იცის, რეალურად არჩენს თუ კლავს. არანაირი სანდო კვლევა არ გაუვლია. ყველაფერი რეალურად ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი აღარ გვაქვს და არც არასდროს გვქონია, ეს ყველამ ნახა, ჩვენ თუ არ გვინდა დანახვა, სხვა საქმეა... ცხადია, მხოლოდ ფაშინიანი არაფერ შუაშია, ვწუხვარ სერჟ სარგსიანის გამო, რომელიც 58 წლის ასაკში Covid-19-ით გარდაიცვალა, მაგრამ ეს ღმერთის სასჯელია, იმის გამო, რაც მან და მისმა კლანმა წლების განმავლობაში თავის ხალხს გაუკეთეს", - წერს სერ მიკირტიჩიანი.

"ჰუმანიტარული მისიით ჩავიდნენ ყარბაღში... რამდენიმე დღის წინ, ავტომატების კაკანი რომ ისმოდა, გვეუბნებოდნენ - თქვენს უსაფრთხოებაზე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, არცახზე კი არაო და მშვიდად უცქერდნენ, როგორ იხოცებოდნენ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. ახლა კი, მათთან ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ, რუსეთს ხომ ყველგან მშვიდობა შეაქვს?! ბედის ირონიაა", - მიაჩნია ანა კარაპეტიანს.

"ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით განვითარდა, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანს მძიმე ტექნიკა მიჰყიდეს, რომ ჩვენთვის დაეშინა, აბა საქართველოსთან სტრატეგიული მოკავშირეობა აკავშირებთ, თურქეთი კი, მათი ქოლგაა. ჰოდა, დაელოდნენ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ბოლომდე რომ გადაგვიარა, კაპიტულაციას რომ მოვაწერეთ ხელი, მერე ჩამოვიდნენ და ფაშიანიანს შეხვდნენ - თუ ჩვენთან იქნებით, დაცულად და კარგად იქნებით, თუ არადა, საერთოდ აღარ იქნებითო.

ახლა ჯერი ჩვენზეა - ისევ მოსკოვს ჩავბარდებით და ისევ იგივეს გავაგრძელებთ, თუ ვეტყვით, უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს და უთქვენოდაც გავალთ ფონს, კრემლის "დახმარება" უკვე გამოვცადეთო. ჩვენ კი, ისევ უკან ვბრუნდებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ რუსეთმა სომხეთი მორალურად დაკარგა, ანტირუსული განწყობები ყოველდღიურად ძლიერდება, ბაზების გაყვანა კი დროის ამბავია", - წერს ჰაიათე მაგანესიანი.

"რამდენიმე დღეა ადგილობრივი პრორუსული არხები რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსანთა ვიზიტს აპიარებენ. სერგეი შოიგუსა და მისი დელეგაციის ყველა წევრი სათითაოდ აჩვენეს, კონკრეტული დავალებით ჩამოვედით - ყარაბაღში სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა უზრუნველვყოთო. ფაშინიანი განწირული სახით იჯდა და თავს უქნევდა, - მთელი ომის განმავლობაში ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას და იმედია, ძვენს ძმურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთო... სად, რაში, როგორი ფორმით იყო გამოხატული მათი მხარდაჭერა?! მადლობა, რუსეთო, ყველაფრისთვის, იმედია, ჩემი შთამომავლობა მაინც დაწერს მართალ ისტორიას, სადაც თქვენი როლი "ღირსეულად" იქნება წარმოჩენილი!" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი აზარატ ქოჩარიანი.

"ვინ ჩამოვიდოდა ამ მძიმე დღეებში, თუ არა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები?! თქვენთანაც გვინდა, მაგრამ დასავლეთი გვირჩევნიაო, ვეუბნებოდით, ჩუმად კი დასავლეთსა და ამერიკას ვეპრანჭებოდით, თუმცა, როგორც კი დაგვჭირდა, დანამუსება დავუწყეთ, - სად ხართ, რატომ არ გვეხმარებითო?! მაინც ჩამოვიდა ლავროვი, როგორც შეგვიძლია, დაგეხმარებითო, ვაქცინა ჩამოგვიტანეს, თავად თავზე ენგრევათ ყველაფერი... რატომ მოვედით აქამდე? რამ განაპირობა, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი? ამაზე არავინ საუბრობს", - წერს ნიკოლაი აბრამიანი.

"სომხეთს ისტორიული და ემოციური ბმა აქვს რუსეთთან. მისი მხარდაჭერით მოვედით აქამდე. რატომღაც თურქეთის ფაქტორი დაგვავიწყდა და შედეგიც მივიღეთ - მენანება ყოველი დაკარგული სიცოცხლე, მაგრამ იმედია, ჭკუას ვისწავლით და გვეცოდინება, საით უნდა ვიყუროთ", - მიაჩნია არტურ ოსიპიანს.

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე