ავტორი:

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

სიკვდილი მოკვდა! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

„ბიბლიის განმარტებების“ მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის სასიხარულო სიახლე გვაქვს: 23 ნოემბრიდან მე-16 ტომში „ახალი აღთქმის“ განმარტებები იწყება!

მკითხველი ამ სერიის წიგნებს ტრადიციულად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენს. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

მუხრანისა არ იყოს, ვიღაცას სცივა, ვიღაცას შია, ვიღაცას სტკივა, ვიღაც ტირის... ჰოდა თავზე რომ ჭერი გაქვს, რომ არ გშია და არ გწყურია, უთხარი რა მადლობა უფალს... ვისაც სტკივა და სცივა, იმას ტკბილი სიტყვით მაინც შეეწიე... ნუ გაიჩერებ გულში დარდსა და ბოღმას იმის გამო, რომ რაღაც მეტი გინდოდა გქონოდა და არ გაქვს... ყველაფერი გექნება ისე, როგორც გჭირდება შენი სულისთვის... ოღონდ მიენდე უფალს... ოღონდ ნუ წარიკვეთ სასოს... ოღონდ იმედს ნუ დაკარგავ და იმოქმედე... იმოქმედე სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით, რწმენით... ოღონდ ნუ მოატყუებ სხვას, ნუ ატკენ, ნუ წაართმევ, ნუ შეგშურდება... არც ისე ძნელია... შეეცადე შენც, უსუსურო ჩემო თავო, და აუცილებლად გამოგივა! ბედნიერებას გისურვებთ ყველას!

***

პირველობის, სხვაზე აღმატების, უპირატესობის სურვილია ის, რაც გულიდან და გონებიდან ძირფესვიანად უნდა ამოვირეცხოთ. მხოლოდ ის ეძებს კაცობრივ დიდებას, ვისაც საღმრთო დიდების შესახებ არაფერი სმენია! ჩემთან პირველი ის მოვა, ვინც თქვენ შორის უკან დგასო - უფალმა ბრძანა! ვისურვოთ სხვათა სამსახურში ყოფნა და არა სხვებზე უფროსობა, თვმდაბლობა და არა ქედმაღლობა! თუ ღვთის ნებით, სხვათა წინამძღოლად აღმოჩნდება კაცი, მათ მსახურად იქცესო და არა მბრძანებლად, მათზე მზრუნველ და მოფიქრალ მამად და არა პატივმოყვარე ხელმძღვანელად. ღმერთმა მოგვმადლოს! შეგვაძლებინოს!

***

ქარიანი დილა იყო იმ დღეს და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში, სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის ხსენების სადღესასწაულო წირვა ტარდებოდა, ხალხმრავლობა იყო. ეზოში იდგა მრევლის ნაწილი, სახარებაზე სანთლის ანთება ვერ შევძელით - ქარი გვიქრობდა, მერე ქვიშის სასანთლისკენ გავიხედე და მარტო ორი სანთელი ენთო, სხვა ყველა ჩამქრალიყო, ახლოს მივედი და ვიღაცას ეს ორი სანთელი გვერდიგვერდ დაენთო, წამოუბერავდა ქარი, ერთს რომ ჩააქრობდა, მეორეს ვეღარ მოერეოდა და ის მეორე ისევ აანთებდა პირველს, ახლა სხვა მხრიდან დაუბერავდა, მეორე ჩაქრებოდა და პირველი უწილადებდა ალს, კარგა ხანს ვუყურე ამ მობრიალე სანთლებს... ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, აი, ასე ერთად თუ ვიქნებით, ერთმანეთის გვერდით, ერთად თუ დავუდგებით ქარსა და წვიმას, ჩვენც ასე ვიძლიერებთ... მე რომ დავეცემი, შენ წამომაყენებ და შენს სითბოს მიწილადებ... შენ რომ გამოგელევა ძალა, იქნებ მე შევძლო და ხელი შეგაშველო უფლის შეწევნით... იქნებ ასე ერთად ჩავიწვათ და ჩავიღვენთოთ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში...

***

როგორ გვეხმარებიან წმინდა გულის მქონე ადამიანები? როცა მას საკუთარ გასაჭირს ეუბნები, მადლით გულ- და გონებაგანათებული ჩვენს განკითხვას კი არ იწყებს, როგორც სხვები, ვისაც ფიქრები ათასი ბალღამით აქვს სავსე, არამედ მაშინვე უფლის წინაშე აენთება ჩვენს დასახმარებლად თავისი სიწმინდით... ლოცვით... მთელი არსებით... და მერე, ჩვენ რომ ვერც წარმოვიდგენთ, ისეთი თანმიმდევრობით განვითარდება ჩვენი არეული საქმეები, ისე დალაგდება ყველაფერი... იმასაც კი ვერ მივხვდებით, რომ მისმა სიკეთემ, მისმა სისუფთავემ გაგვინათა გზა... აი, ასე შეგვეწევიან წმინდა ადამიანები...

გვეწეოდეს ყველა წმინდანის ლოცვა!

***

ქრისტიანი ის არის, ვინც დაეცა და თავის ცოდვებზე ტირის... ქრისტიანი ის არ არის, ვისაც თავი მართალი და გადარჩენილი ჰგონია თავისი "კარგი" ცხოვრების გამო... ქრისტე არ მოსულა მართალთა მოსახმობად, ქრისტე ცოდვილთა ხსნისთვის მოვიდა...

ღვთის იმედად ვიყავით და სახელმწიფოც გვქონდა! ისევ გვექნება! ისევ ვიქნებით! უფლის შეწევნით! გაგახაროთ უფალმა!

***

"ბიბლია განმარტებებით" - მათეს სახარების განმარტებიდან... ჩვენზე, ადამიანზე საუბრობს იუსტინე პოპოვიჩი:

- ცოდვებითა და სიკვდილით შერცხვენილი, თავლაფდასხმული, დასუსტებული, მოკვდავობით დასნებოვნებულიო...ჰოდა ასეთ ადამიანურ ცნობიერებას არც წარმოდგენა შეუძლია და არც დანახვა განკაცებული ღმერთისა ადამიანში... ღმერთისა, რომელმაც დალეწა ბჭენი ჯოჯოხეთისანი...

ჯოჯოხეთის მცველთა მთავარი ძალა სიკვდილია, რომელიც ცოდვამ წარმოქმნა.ეს სიკვდილი სიკვდილითვე დასთრგუნა მაცხოვარმა და მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე...ჩვენ კი, ისევ თავლაფდასხმულნი, ისევ შეშინებულნი, ისევ ურწმუნონი, ვდგავართ და მოვთქვამთ ჩვენს უსუსურობას!

არიქა, დაიხოცებითო! - გვაშინებენ! და გულგახეთქილები ერთმანეთს ვაწყდებით... რა გვეშველებაო!

უკვე ნაშველი გვაქვს, ადამიანებო! სიკვდილი მოკვდა!!! ოღონდ ავირჩიოთ ღმერთი!

შიშის მიზეზი ჩევნი ურწმუნობა და სულმდაბლობაა, ჩვენი ცოდვიანობაა! რწმენით, მედგრად დავხვდეთ განსაცდელს! ნუ გეშინიათ, მეგობრებო! ჩვენთან არს უფალი, აწ და მარადის... ნუ გეშინიათ!!!

23 ნოემბრიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-16 ტომი! მათეს სახარების განმარტებები - არ გამოგრჩეთ!

23 ნოემბრიდან საუკუნის პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ 9 ტომი ახალ აღთქმას დაეთმობა

იყიდე წიგნები და საჩუქრად მიიღე იგივე ღირებულების სათამაშოები.

მკითხველი სულ მალე პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გამარჯვებულთა წიგნებს იხილავს