ავტორი:

"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

"ახლა იწყება "ოცნების" ბრძოლა ოპოზიციის გასახლეჩად..." - ექნება თუ არა მმართველ პარტიას დისკომფორტი ოპოზიციის ბოიკოტით, ექსპერტების შეფასება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს.

"თუ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პრიზი სახელმწიფოებრივი განვითარებაა, ყველამ წააგო, წააგო ორივე მხარემ და რაც მთავარია, წააგო სახელმწიფომ. თუ პრიზი არის ძალაუფლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო, თუმცა, ძალიან სუსტი ლეგიტიმაციით და უფრო მაღალი რისკის ზონაში შევიდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური გამარჯვება, რომლის ფასიც სამომავლოდ მისთვის შეიძლება იმაზე ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებისთვის ეს დამახასიათებელია, ისინი ძირითადად ინსტინქტებით აზროვნებენ, გრძელვადიან გეგმებს არ ისახავენ. მათ სისტემური, გრძელვადიანი გეგმები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიან, ერთჯერად ამოცანებზე არიან ორიენტირებული. მათ ჰქონდათ ერთჯერადი ამოცანა, რომ ნებისმიერი მეთოდით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და „ხვალისა ხვალემ იფიქროსო“ ან "ხვალ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო“, ეს არის სამწუხაროდ მათი პოლიტიკური ფილოსოფია, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი. ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა ზარალის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ზარალი რომ უკვე სახეზეა და კიდევ უფრო რომ დამძიმდება, ეს სამწუხარო რეალობაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ორივე მხარეს აქვს ხისტი პოზიცია და ისინი კონსენსუსის მოსაძებნად მზად არ არიან.

"როდესაც სახელმწიფოში არის მძიმე ვითარება, ვფიქრობ, რომ სჯობს ეს კრიზისი გადავიტანოთ საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი პოლიტიკური ბატალიები. მათ შორის თავისი პიკებით. შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, პიკი გარდაუვალია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელია. არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს. სრულიად ცალსახაა, რომ 90 -კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური, იმიტომ, რომ ის სრულფასოვნად ვერ შეასრულებს უფლებამოვალეობას და კრიზისი მაინც იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. მათ აშკარაა, რომ უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ისინი ამიტომ ცდილობენ დააპირისპირონ ეს პარტიები ერთმანეთს, ვიღაცა იყიდონ, დააშანტაჟონ, შეაშინონ. ეს მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვხედავთ. სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი განმარტებით, ამ დროისთვის არსებული მოცემულობით, "ოცნება" ფიქრობს, რომ "გამარჯვებული ის დარჩა", თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი იქმნება.

"ოცნების“ მმართველობის არსია, რა მდგომარეობაც მათ მიიღეს, ეს მათი „შინაგანი კონსტიტუციაა“. ისინი რეალურად დემოკრატები არც არიან, გაფორმდა ის, რაც შინაგანად იყო მათში. 2012 წელს „ოცნება“ დაპირდა თავის ამომრჩეველს, რომ „ნაციონალებს“ პოლიტიკური რუკიდან გააქრობდა. 2012 წელს და 2016 წელს მან ეს ვერ შეძლო და ახლა დადგა ეს რეალობა, როცა ფაქტობრივად შეუსრულა „ოცნებამ“ ხალხს ეს დაპირება. პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მართალია, ეს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებით მოხდა, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირი მოწოდებაა ოპოზიციისკენ, რომ შევიდნენ პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ. ეს ფაქტორები „ოცნებას“ აფიქრებინებს, რომ გამარჯვებული ის დარჩა, ამომრჩეველთანაც დანაპირები შეასრულა და დასავლეთიც დიდად არ აწვება და არ წუხს იმაზე, რომ საქართველში ერთპარტიული მმართველობაა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ლაგაზიძის შეფასებით, თუ ისინი მაინც დაიშლებიან და ერთი ნაწილი პარლამენტში შევა, ეს მთლიანად ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს.

„ისინი, ვინც პარლამენტში შევლენ, პოლიტიკურად რომ დამთავრდებიან ცხადია, მაგრამ, ვინც გარეთ დარჩება, არც იმათ ელის კარგი დღე. ამომრჩევლისთვის შედეგი იქნება ის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ერთიანობის შენარჩუნება, საკუთარი ხმების დაცვა და ეს გამოიწვევს ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას. ოპოზიცია უნდა ეცადოს ერთიანობის შენარჩუნებას. რეალურად, ახლა იწყება „ოცნების“ ბრძოლის ეტაპი ოპოზიციის გასახლეჩად. „ოცნებას“ უნდა შეინარჩუნოს ერთგვარი დემოკრატია, ამიტომ ის შეეცდება, რომ ვიღაცები შეიყვანოს პარლამენტში. ერთპარტიული მმართველობა რომ იყოს საქართველოში, გამოვა, რომ დასავლეთის 30 წლიანი მცდელობა და ამერიკის პოლიტიკა საქართველოში სრულად ჩავარდება. ამიტომ ეცდება „ოცნება“, რომ ყველაფრის ფასად ოპოზიცია გატეხოს.

ოპოზიციის სრულად გარეთ დარჩენაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან დასავლეთი უნდა დაარწმუნონ, რომ ისინი მხარდაჭრას იმსახურებენ და ამისათვის აუცილებელია, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას, პასიური ამომრჩეველი კი არ იყოს, პროტესტი ღიად გამოხატოს, მათ შორის ქუჩის აქციებით. როცა ოპოზიცის შანსებზე და მისი წარმატების თუ მარცხის კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტია ოპოზიცა შეძლებს თუ არა ხელისუფლება წამოიყვანოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. თუ ამაზე წამოიყვანა, მაშინ ყველა მისი მცდელობა იქნება გამართლებული, თუ ვერ წამოიყვანა, მაშინ პროცესი დროში გაიწელება და ქუჩიდან ბრძოლა გაცილებით რთულია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე