ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია მმართველი ეკონომიკური გუნდისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ბაზრობების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინეს, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი პანდემიის პირობებში და რა სახის დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებას და მეორე მხრივ, შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისას მთავრობის მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი" არ იგეგმება.

პრემიერის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

"ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს", - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება არ იძლევა საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს სისტემური "ლოქდაუნი", რომელიც გულისხმობს სახლიდან გამოსვლის ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.

"დაახლოებით 4000 შემთხვევა გვქონდა დღეს და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა ძალიან უარყოფითად აისახება მათ შორის ეკონომიკაზეც. ყოველგვარი შეზღუდვების დაწესების გარეშეც, დღეს ჩვენ ბიზნესისგან მოვისმინეთ, რომ სწორედ ამ ეპიდემიოლოგიური ფონიდან გამომდინარე მათი გაყიდვები ისედაც შეზღუდულია, ამიტომ ყველას საერთო ამოცანა და საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება, დავასტაბილუროთ სიტუაცია და ამით ჩვენს მოსახლეობას, სავაჭრო ქსელებს, ბიზნესს მივცემთ იმ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შეზღუდვების კონკრეტული ჩამონათვალი და რომ შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით იგეგმება.

„როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ პრაქტიკას რომელსაც ყველა ქვეყანა მიმართავს. ეპიდემიოლოგები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან იმაზე , რომ ვირუსის გავრცელების შენელების ყველაზე ეფექტური საშუალება არის მობილობის დაგდება, ისევე როგორც პირბადის მოხმარება. როდესაც მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება გარკვეული დღეების განმავლობაში, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა , შეიძლება იყოს ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში ტრანსპოტის შეჩერება, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ „ლოქდაუნზე“, ან „ლოქდაუნის“ მსგავს ღონისძიებებზე. ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე ან მათ ერთობლიობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმაში, რომ მობილობა დავწიოთ, და შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

PACE-ს დამკვირვებლები ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში