ავტორი:

ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

გერმანულმა ჟურნალმა "შპიგელმა" («Der Spiegel») გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს", რომელშიც განხილულია კორონავირუსით გამოწვეული "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებისა და მის გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. "მალე მოხდება პირველი ვაქცინების დარეგისტრირება. ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე საკმაო ხნის წინათ დაიჯავშნეს თავისთვის ვაქცინის მილიარდიანი დოზები. ზოგიერთებს კი რუსეთზე ან ჩინეთზე დამოკიდებულება ემუქრება", - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს გიგანტური პროექტის განხორციელება მოუწევს სახელწოდებით "კოვიდ-19"-ის ვაქცინის მაქსიმალურად სწრაფი წარმოება და მისი განაწილება". ეს არის უზარმაზარი ლოჯისტიკური გამოწვევა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

ის, ვინც პირველი აღმოჩნდება ვაქცინის რიგში, პირველი დაასრულებს "ლოქდაუნს", გახსნის სკოლებს, რესტორნებს და ეკონომიკის გააქტიურებას შეძლებს. ის სახელმწიფო, ვის ხელშიც აღმოჩნდება საუკეთესო ვაქცინის წარმოება და კონტროლი, თავის ძალაუფლებას გააფართოებს. ზოგიერთ ქვეყანას პანდემია შესაძლებლობას აძლევს ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი ინსტრუმენტი ჰქონდეს და ამით გავლენა გაიძლიეროს. ეს იგივეა, რაც მეოცე საუკუნეში იდეოლოგიის მეშვეობით ხდებოდა.

თავის მხრივ, სხვა, უფრო სუსტ ქვეყნებს მოუწევთ დიდი ძალისხმევა მოახმარონ ვაქცინის მიღებას.

"თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რა გვაჩვენა კორონავირუსმა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ "კოვიდ-19"-მა გამოავლინა და გააშიშვლა საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი", - ამბობს კარლინე კლიაერი, საქველმოქმედო საზოგადოება "ექიმები საზღვრებს გარეშეს" კოორდინატორი, - არასოდეს მინახავს ასეთი საზიზღარი, მაფიოზური და ქუჩური მენტალიტეტი, როგორიც პირბადეების ხელში ჩაგდებას უკავშირდებოდა პანდემიის პირველ თვეებში. არადა, პირბადეების პრობლემის გადაწყვეტა ლოჯისტიკურად შედარებით ადვილი იყო. რას იზამს და როგორ მოიქცევა საზოგადოება ვაქცინის დაუფლების შემთხვევაში?".

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, არის იმედი იმისა, რომ ვაქცინის წარმოება-განაწილება ნორმალურად მოხდება. ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე ვაქცინა მზადდება: ჯანმო-ს მონაცემებით, კლინიკური გამოცდის პროცესშია 48 პოტენციური ვაქცინა, მათგან 11-ის გამოცდა ბოლო ეტაპზე იმყოფება. ამ ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები არიან ჩინეთში, აშშ-ში, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, აგრეთვე რუსეთში და ინდოეთში.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული აქვს, რომ მასობრივი ვაქცინაცია უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს. მაგრამ ამისთვის მას მოუწევს იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებსაც ვაქცინაციის (აცრის) ჩატარება არ სურს და მათი რაოდენობა ცოტა არ არის - მოსახლეობის 59%. გარდა ამისა, რუსეთს აქვს კიდევ ერთი პრობლემა - ვაქცინის განაწილება ქვეყნის ვრცელ ტერიტორიაზე, უტრანსპორტობისა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის - გაცივების სისტემის არარსებობის პირობებში.

გასაგებია, რომ ეს იმ ქვეყნის პრობლემაა, ვისაც თვითონ შეუძლია ვაქცინის წარმოება და ჯერჯერობით უარს ამბობს გარედან დახმარებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ვაქცინის განაწილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო რთული იქნება, თვით განვითარებულ რეგიონებშიც კი. უპირველესად, როგორც უკვე ვახსენეთ, პრობლემას ქმნის ვაქცინის გაცივების სისტემებით უზრუნველყოფა: ვაქცინა მინუს 70 გრადუსზე ინახება, რაც ხშირად თანამედროვე საავადმყოფოებშიც კი შეუძლებელია. გარდა ამისა, ვაქცინის ამპულის დასამზადებლად საჭიროა სპეციალური სამედიცინო მინის წარმოების გაზრდაც, რაც დიდი რაოდენობით იქნება მოხმარებული მსოფლიოში.

გამზადებული ვაქცინის - სანუკვარი წამლის - დატაცების თავიდან ასაცილებლად ფარმაცევტული კომპანიები ფიქრობენ, რომ ტვირთები სპეციალური GPS-ტრეკერებით აღჭურვონ, ან მძარცველთა მოტყუების მიზნით ცარიელი სატვირთო ავტომანქანებით ისარგებლონ. ასევე მოსაფიქრებელია, თუ როგორ განხორციელდეს 15 ათასზე მეტი ავიარეისი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში ვაქცინის სწრაფი მიტანის მიზნით (როგორც ეს ლოჯისტიკურმა კონცერნმა DHL-მა გამოთვალა). არაფერს ვიტყვით ვაქცინაციის სადგურების მოწყობაზე და სამედიცინო პერსონალის მომზადებაზე, ინექციის კვალიფიცირებული დონით გაკეთების უზრუნველსაყოფად.

ამ შემთხვევაში მოგებულნი აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომლებიც საწარმოო სიმძლავრეების საკმაო რესურსებს ფლობენ ან ფინანსურად ძლიერები არიან. კვლევითი ცენტრის Duke Global Health Innovation-ის მონაცემებით, რამდენიმე ათეულმა განვითარებულმა და განვითარებადმა სახელმწიფომ უკვე დაჯავშნა სავარაუდო ვაქცინის 6 მილიარდი დოზა, თუმცა ზუსტად არავინ იცის მათი ვარგისიანობა. მაგალითად, აშშ-მა, ევროკავშირმა და ინდოეთმა საკუთარი მოსახლეობისათვის მილიარდამდე დოზის დატოვება დაგეგმეს. ამასთან, ექპერტები შიშობენ, რომ ბევრი განვითარებადი სახელმწიფო, შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეების გამო, უარეს შემთხვევაში, ვაქცინის გარეშე შესაძლოა 2024 წლამდე დარჩეს".

უკვე ახლავე შესამჩნევია, რომ მსოფლიო "ვაქცინურ ბლოკებად" იყოფა: მოწინავე mRNA-ვაქცინები გამოყენებული იქნება შეძლებული განვითარებული ქვეყნების მიერ - არამარტო მისი შენახვის აუცილებლობით დაბალ ტემპერატურაზე, არამედ თავისი ფასის გამოც. ერთი დოზა ვაქცინის ფასი კი, როგორც ვარაუდობენ, 20-დან 25 დოლარამდე ეღირება. ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ამ ფასებს ვერ შეწვდება.

ჩინეთი ყველა შესაძლებლობას იყენებს თავისი გავლენის ზონის გასაფართოებლად. ბოლო დროს პეკინმა ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას შესთავაზა კრედიტი თავისი ჩინური ვაქცინის შესასყიდად, ხოლო აფრიკისა და აზიის ქვეყნებს პრივილეგიებს დაპირდა მიწოდების საკითხში. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტომ ჩინეთის ლიდერს მადლობა ასეთი სიტყვებით უთხრა:

"ჩინეთი კარგია იმით, რომ რაიმეს მისაღებად მასთან ხვეწნა და ვედრება საჭირო არ არის. დასავლეთს კი უპირველესად ერთი ლოზუნგი აქვს: მოგება, მოგება და ისევ მოგება".

ამასობაში კანადამ საკუთარ თავზე იგრძნო, რომ პეკინმა შეიძლება სხვაგვარადაც იმოქმედოს. ჩინეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა კანადური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა თავის მოსახლეობაზე - პრეპარატი საბაჟოზე გააჩერეს და "გაყინეს". პეკინმა ოტავას ოფიციალურად არ განუმარტა, რატომ მოხდა ასე, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება: 2018 წელს კანადამ, აშშ-ის თხოვნით, ჩინური კომპანიის Huawei-ს ფინანსური დირექტორი მენ ვანჯოუ დააპატიმრა, ხოლო პეკინმა, შურისძიების მიზნით, კანადის ორი მოქალაქე დაიჭირა და საპყრობილეში ჩასვა. თუმცა, რასაკვირველია, ვაქცინის გამოცდისათვის ხელის შეშლა კანადის ვაქცინაციის პროგრამას ვერ დაარღვევს.

მოკლედ, დასკვნა ასეთია: ვაქცინის მისაღებად უფლების მიცემა შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ჯილდო ("კარგი ქცევისათვის") და როგორც რეპრესიული ზომა ("ცუდი ქცევისთვის").

წყარო

სიმონ კილაძე

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე