ავტორი:

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

ქართველი საოპერო მომღერალი გია ონიანი უცხოეთში უკვე 15 წელზე მეტია, რაც ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამ ხნის მანძილზე 3 წელი იტალიაში იცხოვრა, დანარჩენი - გერმანიაში და ოჯახთან ერთად, დღესაც იქ არის. მთელი ეს პერიოდი და არც მანამდე, არასდროს ამხელა შემოქმედებითი პაუზა არ ჰქონია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თეატრებს დღის წესრიგი შეუცვალა - პრაქტიკულად დახურა... არადა, მსახიობების ცხოვრება თეატრის, სცენისა და მაყურების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ამის გადატანა და ამასთან შეგუება ძალიან ჭირს. ჩვენი რესპონდენტიც საოცრად განიცდის. გია ონიანი ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- 10 თვე თეატრისა და საყვარელი საქმის გარეშე ყოფნა რას ნიშნავს მსახიობისთვის, მომღერლისთვის?

- 10 თვე ხელოვანისთვის დიდი პაუზაა, თუ ხმა არ ავარჯიშე და ბოლომდე არ დაიხარჯე, ნელ-ნელა ფორმიდან ვარდები, რის აღდგენასაც ასევე თვეები სჭირდება. კი, მართალია, გამღერებებს და პერმანენტულ გაკვეთილებს ვიღებ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც სცენაზე ღებულობ სპეკტაკლის დროს... ისე, პანდემიამდე სულ რამდენიმეკვირიან თავისუფალ დროს ვნატრობდი, მაგრამ 10 თვე ნამდვილად არ მინატრია...

- რა ხდება გერმანიაში ეპიდთვალსაზრისით? მაღალია დაინფიცირებულთა რიცხვი და ქვეყანა როგორ იბრძვის ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ?

- გერმანიასაც დაარტყა „მეორე ტალღამ“, არადა, „პირველ ტალღას“ საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, როგორც საქართველო. დღესაც სავალალო მდგომარეობაა. ყველანაირი კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, ოჯახშიც 10 კაცზე მეტის შეკრების უფლება არ გვაქვს, ის ათი ადამიანიც მხოლოდ 2 ოჯახის წევრები უნდა იყვნენ, სხვა შემთხვევაში, დაგაჯარიმებენ. პოლიციას უფლება მისცეს, დაუკითხავად შემოგეჭას სახლში და შეგამოწმოს. ცოტა უჩვეულო კანონები მიიღეს, მაგრამ რა ქნან, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასე ჩაიარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დაბადების დღეებმა შინაურ პირობებში და აღნიშვნის გარეშე.

- გერმანია წესრიგის მოყვარული ქვეყანაა... ალბათ ყველა რეკომენდაციას მოქალაქეები ზედმეტი შეხსენების გარეშე ასრულებენ...

- რა თქმა უნდა - ზოგადად გერმანია კანონმორჩილებით გამოირჩევა, მაგრამ შეუგნებელ ადამიანებს რა გამოლევს?! აქაც იმართება ხოლმე პერმანენტურად მრავალათასიანი კორონასანქციების საწინააღმდეგო აქციები. ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლითაც დაარბიეს პოლიციელებმა. საბედნიეროდ, ძირითადი მასა გაგებით ეკიდება და რეგულაციებს იცავს. ვინმეს პირბადე თუ არ უკეთია, ხალხი არ შეუშვებს არც ტრანსპორტში და არც - მაღაზიაში.

- თეატრის ხელმძღვანელობა რას ამბობს და თავად მსახიობები? იმისთვის, რომ ამდენი უმოქმედობის გამო პროფესიული ზრდა, წინსვლა, განვითარება არ შეჩერდეს, რეპეტიციებს მაინც არ გადიხართ?

- სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაზე მეტად ჩვენს სფეროს დაარტყა. მოგეხსენებათ, თეატრი მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებმა რაღაც ხერხი მოძებნეს და „ლაივ სტრიმით“ თუ ონლაინრეჟიმში რაღაც მოახერხეს, ჩვენთან ეს გამორიცხულია. სცადეს კიდევაც, მაგრამ არაყურებადი აღმოჩნდა. მართალიცაა, ხელოვნება და ზოგადად ოპერა ცოცხალი ორგანიზმია, თუ დარბაზში არ განიცადე ის, რაც სცენაზე ხდება, შეგრძნებები უფერულდება...

- საინტერესოა ამ პერიოდში დრო რას ეთმობა? რაიმე ალტერნატიული საქმე ხომ არ გამოიჩინეთ?

- ალტერნატიული საქმე მხოლოდ ოჯახურ საქმეებში გამოვნახე. განსაკუთრებით კულინარიამ გამიტაცა და ახალი კერძების დატესტვაში ვატარებ ძირითად დროს. თუ ასე გაგრძელდა და ოპერა თუ დროზე არ გაიხსნა, ჩემგან კარგი შეფ-მზარეული გამოვა... ეს პროცესი საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როცა შენს გაკეთებულს გემრიელად მიირთმევენ... განსაკუთრებით მეუღლეს უხარია ეს ჩემი ახალი გატაცება...

- ოჯახის წევრებზეც გვიამბეთ... მათაც ასევე ეშლებათ ხელი საქმიანობაში?

- მეუღლე საბავშვო ბაღში მუშაობს და ჯერჯერობით არ შეუწყვეტიათ საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ბავშვებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ამ საკითხს მთავრობა სენსიტიურად ეკიდება - გარკვეული ჯაჭვია: ბაღი რომ დაკეტონ, ერთი მშობელი მაინც სამსახურში ვერ წავა და ეკონომიკა ჩამოინგრევა... ამიტომ, ყველანაირად ცდილობენ, არ დაკეტონ... სკოლაშიც დაუდასტურდა ჩემი გოგონას კლასელს, მაგრამ სკოლა ერთი დღითაც არ დაკეტილა... ვისაც კონტაქტი ჰქონდათ, მხოლოდ იმათ დაუწესეს თვითიზოლაცია.

- ისე, საინტერესოა - გერმანელების განწყობა პანდემიის პერიოდში - დეპრესია ხომ არ მოეძალათ?

- სახლიდან თითქმის არ გავდივარ და დეპრესიულ ხალხს სად ვნახავ?! ეს ხუმრობით... დეპრესია, რა თქმა უნდა, აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის წყარო გაუჩერდათ... სამწუხაროდ, არიან ასეთები, ძირითადად ინდმეწარმეები და პატარა ფირმები.

- ზოგადად, როგორია თქვენი ვარაუდი, მოლოდინი - როდის უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო ჩვეულ რიტმს?

- ჩემი პროგნოზი დამაიმედებელია. უკვე იანვრიდან ოფიციალურად ჩაეშვება ხმარებაში ვაქცინა... მანამდე იქნებ წამალიც გამოიგონონ და დიდი ალბათობით, გაზაფხულზე უნდა დავუბრუნდეთ ადრინდელ ცხოვრების რიტმს.

- ადამიანებს რას ურჩევდით?

- ხალხს, როცა ყოველდღიური სავალალო სტატისტიკის არ სჯერა, მე რა უნდა ვურჩიო?! ერთს კი ვეტყოდი: მე და ჩემს ახლობლებს სათოფეზე ნუ გაგვეკარებიან... რაღაც სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა... ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა ეს, ვერ ვხვდები... ხოლო ვისაც სჯერა, საზოგადოებრივი თვითშეგნება გააჩნია, მათ იციან, როგორც მოიქცნენ, ჩემი რჩევა არ სჭირდებათ.

თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს

"საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ..." - როგორ შეცვალა პანდემიამ ნინო ჩხეიძის ცხოვრება?

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ