ავტორი:

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი "კოვიდ-19-ს 21 დღის განმავლობაში ებრძოდა. სამწუხაროდ, ვირუსის დამარცხება ვერ შეძლო. ქართულ საზოგადეობას, კინემატოგრაფს, ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებს მისი სახით კიდევ ერთი საუკეთესო ადამიანი დააკლდა. ცნობილი რეჟისორი ცხოვრების მანძილზე ქართულ კინოს ემსახურებოდა.

გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მათ შორის - "ლაზარე“, "ჩირიკი და ჩიკოტელა", "ისლამი საქართველოში", "მარკოზის სახარება“, „ლეხაიმ!“, „დიმიტრი მეორე“ და კიდევ არაერთი საინტერესო სურათი... იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი.

არაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი და მათი გულშემატკივარი. ბუბა ხოტივარი გახლდათ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი და 2019 წლიდან - საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას. იყო კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი, საქართველო-ინგლისის ერთობლივი ორგანიზაციის „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი. მისი გარდაცვალების ამბავს უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა და რეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

AMBEBI.GE ბუბა ხოტივარის მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს, ნათესავებს და იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვინც მას კარგად იცნობდა.

ლევან თუთბერიძე, კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარის დისშვილი:

- ეს არის ტკივილი არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო, მისი ჯანმრთელობით და ენერგიით სულ მეგონა, რომ 100 წლამდე იცოცხლებდა, მაგრამ რაღაც საშინელი ავადმყოფობა ყოფილა ეს კოვიდი... თუმცა ბოლო მომენტამდე ნორმალურად იყო, სიტუაცია სამ დღეში დამძიმდა... მანამდე, ხომ ვამბობ, საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა, სამუშაო განწყობაზეც იყო, გეგმებს სახავდა, ადამიანებს სატელეფონო ზარებზე პასუხობდა, ვიღაცებს რაღაც საქმეებს ავალებდა... მას ძალიან საინტერესო როლი აქვს ქართულ კინოში, როგორც დოკუმენტალისტიკაში, ისე მხატვრული მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ერთადერთი ქართველი რეჟისორია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ისტორიული კინო გადაიღო და ეს არის „დემეტრე მეორე“. ფილმი ისტორიულ წყაროებზეა შექმნილი და ამით არის გმორჩეული. ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, გიჟდებოდა საქართველოზე, ქართველებზე და სამწუხაროა, რომ მისი როლი ქართულ ხელოვნებაში მაინც დაუფასებელია...

- ბატონი ბუბა თქვენი ბიძა იყო, დედის ძმა. რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან თქვენც კინორეჟისორი ბრძადებით?

- ერთი ოჯახი ვიყავით, როგორც უფროსი ძმა, ჩემთვის ასე იყო, 13 წლით უფროსი იყო, ფაქტობრივად, ვმეგობრობდით. პატარაობაში ასაკში განსხვავება იგრძნობოდა, მაგრამ მერე რაღაც დამეგობრების ამბავი იყო. ძალიან დამაკლდა მეც, თავის საქმეს და ქვეყანას... გულისხმიერი, კეთილი, ძალიან თბილი, ემოციური კაცი იყო ბუბა. სულ სხვის ქებაში იყო, არც მახსოვს, თავის თავზე რაიმე ეთქვას. სხვისი ნიჭის დანახვა და დაფასება იცოდა.

მანანა ანასაშვილი, რეჟისორი, კინოაკადემიის პრეზიდენტის მოადგილე:

- ბუბას გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიცნობდი. ერთად მოგვიწია მუშაობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნვერსიტეტში - მას სარეჟისორო ჯგუფი ჰყავდა, მე იმ ჯგუფს მსახიობის ოსტატობას ვასწავლიდი... მართლა გამორჩეული ადამიანი იყო თავისი წესიერებით, პასუხისმგებლობის გრძნობით, ცხადია, შემოქმედებითი უნარებით. თითქოს თავიდან დოკუმენტალისტი იყო, მაგრამ ამის გარდა, რამდენიმე მხატვრული ფილმიც გადაიღო, მარტო „ლაზარე“ რად ღირს?! ფილმი თავიდან მისმა ძმამ დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ბუბამ დაასრულა. ის ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრია. მასში კარგად ჩანს, როგორ შეეძლო მსახიობთან მუშაობა... არც ისე დიდი ხნის წინ, ირაკლი პაპავასთან ერთად გადაიღო ფილმი "მარკოზის სახარება“.

ეს ნამუშევარი მართლა გამორჩეული დოკუმენტური ფილმია, სადაც ბუბამ ირაკლი ფარჯიანის სრულიად გამორჩეული ნახატები გამოიყენა. უნიკალური ფილმია და ის ინგლისურადაც გაახმოვანეს, რადგან სხვადასხვა ფესტივალი ითხოვდა... ბუბა 2019 წლის შემოდგომიდან კინოაკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს, მე კი მისი მოადგილე გახლდით შემოქმედებით დარგში. გეგმაში გვქონდა, ძალიან უნდოდა, რომ ქართული ეროვნული კინოჯილდოს გადაცემის ტრადიცია დაგვემკვიდრებინა, ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გააჩერა... ახლა კი ბუბა ამ ქვეყნიდან თავად წავიდა... დავკარგეთ გულისხმიერი, კეთილი, თბილი და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი... ტელეკომპანია "პულსი ტვ"-ში "კინოანატომია" მიჰყავდა. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. კინოს ხალხსაც პატიჟებდა, მათთან დიალოგს მართავდა და ექიმებსაც იწვევდა, კინოზე, მუსიკაზე, ქართულ კულტურაზე ესაუბრებოდა, „კინოანატომიაში“ უამრავი საინტერესო გადაცემა ჩაწერა. ერთ-ერთ ჯერზე მეც მიმიწვია. იქ ჩანდა რამდენად ერუდირებული იყო და როგორ შეეძლო, ყველა პროფესიის ადამიანთან დიალოგი ძალიან საინტერესოდ წარემართა.

გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი, ბუბა ხოტივარის ნამოწაფარი:

- პირველი ჩვენი შეხვედრა ძველ კინოსტუდიაში შედგა. ადრე სასწავლო კინოსტუდია იქ იყო, სადაც სტუდენტებისთვის სახელოსნოები იყო, ხელობას იქ ვსწავლობდით. ჩენი ოსტატი ნოდარ მანაგაძე გახლდათ. პირველ კურსზე ვიყავით, თვალები, როგორც იტყვიან, ფართოდ გვქონდა გახელილი, ყველფერი გვაოცებდა და იმ პერიოდში, მახსოვს, ბატონმა ნოდარმა სახელოსნოში ბუბა ხოტივარი მოიყვანა. თქვენი პედაგოგი იქნება, პროფესიას გასწავლითო, გვითხრა. მასზე პირველად როგორი შთაბეჭდილებაც შემექმნა, ეს შთაბეჭდილება გამომყვა ბოლომდე, არ გამქრალა, რადგან ასეთი ადამიანი იყო - თითქმის არ იცვლებოდა, თითქოს წლებიც არ ემატებოდა. თან, რამხელა ოპტიმიზმი ჰქონდა და იმედს გვისახავდა, ბრძოლის ჟინს გვიმატებდა, რომ სირთლეების მიუხედავად, გვემუშავა, ხელი არ ჩაგვექნია და ყველაფერი მხოლოდ ასე გამოგვივიდოდა!

ეს ოპტიმიზმი სულ ჰქონდა, რაც მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაცია იყო... წლების შემდეგ უკვე მე ვიყავი ბუბას ასისტენტი თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტებს ვასწავლიდი და ის ხელმძღვანელი იყო. მოდიოდა და მოჰქონდა თავისი ცეცხლი, იმედი, ბრძოლის განწყობა. ვეუბნებოდი - ბატონო ბუბა, თუ რამე არ გამომივა, არ იფიქროთ, რომ ჩემი ბრალია, ეს თქვენი ბრალი იქნება-მეთქი. ამაზე მპასუხობდა - "მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ".

თუ შემაქებდა, ვეტყოდი, ეს თქვენი დამსახურებაა-მეთქი და ვიყავით ასე... მასზე ღიმილით მინდა ვისაუბრო, რადგან ბუბასთან ურთიერთობა დრამა არასდროს ყოფილა... შინაგანი ბობოქრობა ჰქონდა, სულ ღელავდა, მოტივით - "არ გავჩერდეთ და ყველაფერი გამოვა!". "კინოსტუდია ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოში წლების განმავლობაში ერთად ვიყავით და იქაც სულ ასეთი განწყობა ჰქონდა. ამას გავაკეთებთ, განვავითარებთ - სკეპტიკოსების დასათრგუნავად ეს იყო მისი მთავარი ლოკომოტივი. მოკლედ, დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ეს ყველაფერი მე მაინც არ მჯერა, არ მივიღე მისი გარდაცვალება - ბუბას რა მოუვიდოდა? ეს როგორ უნდა მოსვლოდა?!. ბოლოს თავის ახალი დოკუმენტური ფილმი გამომიგზავნა - გიორგი, ნახე და შენი აზრი მაინტერესებსო. უდროობის გამო, ბოლომდე ვერ მოვახერხე ფილმის ნახვა, რომ პასუხი მიმეწერა, მოკლედ, ამას ახლა ძალიან ვნანობ. ის ზაზა ურუშაძის შემდეგ, კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. ორი პრეზიდენტი ჰყავდა კინოაკადემიას და ორივე ასე ტრაგიკულად წავიდა... ძნელია ბუბაზე წარსულში ლაპარაკი, ის ჩემი მხოლოდ მასწავლებელი და კოლეგა კი არა, ძალიან კარგი მეგობარი იყო.

ეკა მელქაძე, ჟურნალისტი:

- პატარა ვიყავი და მკაფიოდ მახსოვს ის დღე, როცა მამასთან ერთად ძველ თბილისში ვსეირნობდი. მამამ ხიდზე გადავიდეთ, იქვე, ღვინის აღმართზე, ჩემი მეგობრები ფილმს იღებენო, მითხრა. ჩვენს დანახვაზე ვიღაც კეპიანი და კეთილღიმილიანი კაცი ჩვენსკენ დაეშავა, მამას მიესალმა და უთხრა - ეს "რიჟიკა“ გოგო ვინ არის? და ხელში ამიყვანა. მე ბუბა ბიძია ვარ - ასე გამეცნო, რატომღაც მეგონა, რომ ბუბა მხოლოდ კიკაბიძე შეიძლებოდა ყოფილიყო და სხვას არ უნდა რქმეოდა ეს სახელი. ამიტომ, რაღაც გავიბუტე.

ამაზე იმდენი იცინეს, დაიხოცნენ სიცილით. მერე ცოტა ხანს სადღაც გაქრა და მალე დაბრუნდა, ნაყინი მომიტანა და ასე შემირიგა. ნაყინის ხათრით შერიგებაზე უარს როგორ ვიტყოდი? ჰოდა, დავძმაკაცდით... ერთი წლის წინ სტუმრად გვყავდა გადაცემა „ავტოგრაფში“, სანამ დაიწყებოდა, ნიკოლოზ წულუკიძეს დაუჯდა გვერდით და კარგა ხანს უყვებოდა როგორი მამა მყავდა (მამა გივი მელქაძე კინოოპერატორი იყო). იმ დღეს იმდენი ვიტირე, თვალები დამისივდა... ერთი თვის წინ „პლეხანოვზე“ ვნახე ბუბა ბიძია, თავის განუყრელი კეპით, ჟილეტით და ისევ ისეთი კეთილი ღიმილით, როგორც მრავალი წლის წინ, პირველი შეხვედრისას. ცხადია, თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი...

ქეთი დუმბაძე, პარლამენტის წევრი:

- ბუბა ძალიან ახალგაზრდული ადამიანი იყო, მუდმივად ახალ პროექტებზე ფიქრობდა, იდეებს გვიზიარებდა და ამ ყველფერთან დაკავშირებით ძალიან აინტერესებდა სხვისი აზრი. კი, ბევრი გეგმა ჰქონდა, გულსატკენია, რომ საინტერესო, თბილი, ქალაქელი, ტრადიციული, კეთილშობილი ადამიანი ასე გარდაიცვალა. ჩვენ ერთი თაობა არ ვართ, მაგრამ კულტურის სფეროში ყოფნისას ძალიან დავმეგობრდით და ხშირად გვქონდა შეხვედრები თეატრალურ საზოგადოებაში.

ძალიან ზრუნავდა ახალგაზრდა თაობაზე, სულ ფიქრობდა, რომ როგორ შეიძლებოდა ხელი გაემართა მათთვის, რომ რაღაც თანხები გამონახულიყო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ფილმები გადაეღოთ - მათი წარმატებისთვის ძალიან ზრუნავდა. რაღაც მძიმე წელი აღმოჩნდა, ძალიან ბევრი კარგი, ხარისხიანი ადამიანი დავკარგეთ, რომელთა არსებობა საზოგადოებისთვის ბევრს ნიშნავდა, რომლებიც ყველასთვის მაგალითები იყვნენ. ამიტომ, ბუბას ტკივილით გააცილებს თბილისი...

AMBEBI.GE მწუხარებას გამოქვამს ცნობილი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები