ავტორი:

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

ერთ დღეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, თუ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ.

ნაფიც მსაჯულებს საბოლოო ვერდიქტი არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ. აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ იმდენად მაღალი ინტერესი არსებობს, რომ ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ წლების წინ მას ფილმიც კი მიუძღვნა, რომელშიც ჩანს, რა ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე თითოეული მსაჯულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება და სამსახური, თუმცა ჩვენთან ეს საკითხი აქტუალური მხოლოდ 2010-იან წლებში გახდა.

ამავე თემაზე მთელი მსოფლიო იცნობს 1957 წლის სიდნეი ლუმეტის შედევრს - „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შავ-თეთრ ფილმად მიიჩნევა.

ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ წყვეტს 12 ნაფიცი მსაჯული - „12 განრისხებული მამაკაცი“ 18 წლის ბიჭის ბედს, რომელსაც მამის მკვლელობაში ადანაშაულებენ. სასჯელის ფორმა - სიკვდილია, ნაფიც მსაჯულებს კი განაჩენის გამოსატანად უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რისკი დიდია - შეიძლება, უდანაშაულო ადამიანი ელექტროსკამზე აღმოჩნდეს ან მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება გამართლდეს.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ერთი ადამიანის აზრსაც კი და როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, ერთ ნაფიც მსაჯულს უდანაშაულობრალდებული სიკვდილისგან იხსნას. 1957 წელს გადაღებული მართლაც უნიკალური ეკრანიზაცია ასახავს, რას ნიშნავს, როცა ნაფიცი პასუხისმგებლობას ბოლომდე იაზრებს, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიისაა ის.

მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, როცა სტალინის გარდაცვალების მე-5 წლისთავი სრულდებოდა, აშშ-ში ნაფიცი მსაჯულების მნიშვნელობაზე ფილმებს იღებდნენ. კონტრასტი მართლაც თვალსაჩინოა. ჩვენს ქვეყანაში მძიმე კატეგორიის საქმეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2010 წლიდან დამკვიდრდა, თუმცა საზოგადოების ნაწილს მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. სწორედ ამიტომ,ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ იურიდიული კომპანია OK&CG-ის ადვოკატი თამუნა ხაჩირაშვილი გვესაუბრება:

ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი მსაჯული და რა კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი თუ იგი 18 წელს გადაცილებულია, ფლობს ქართულ ენას დაცხოვრობს იმ რეგიონში, რომლის სასამართლოც განიხილავს დანაშაულს. ნაფიც მსაჯულს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები. პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის პროცესში, თუ იგი გამომძიებელი, პოლიციელი, ბრალდებული, ნასამართლევი, ფსიქოლოგი, სასულიერო ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია. ასევე, თუ იგი მონაწილეობს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში.ნაფიცი მსაჯულის აცილების მიზეზი შეიძლება გახდეს ინდივიდუალური საფუძველიც. მაგალითად, როდესაც პირის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ან მისი პირადი გამოცდილების გამო, მისი ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა აშკარად უსამართლო იქნებოდა.

საინტერესოა, ვინ ადგენს ნაფიც მსაჯულთა სიას?

ნაფიც მსაჯულთა სიას ადგენს თავად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისგანმხილველი მოსამართლე.მოსამართლე 50 პირისგან შემდგარ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების სიას აკეთებსმხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით .

დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ირჩევა ნაფიც მსაჯულთა რაოდენობაც. ჩვეულებისამებრ, საქმის განხილვისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული; ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე რვაზე ნაკლები, ხოლო მძიმე დანაშაულთა კატეგორიის საქმეებზე, ათზე ნაკლები.

საინტერესოა, ვინ არის სათადარიგო ნაფიცი მსაჯული და რა ფუნქციას ასრულებს ის?

სათადარიგო ნაფიც მსაჯულს საქმის ხელახალი განხილვის თავიდან ასაცილებლად ირჩევენ. მაგალითად, თუ რომელიმე ნაფიც მსაჯულს გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვევა, მაგალითად, ავადმყოფობა, მას სათადარიგო მსაჯული ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ სათადარიგო ნაფიცი მსაჯული აუცილებლად უნდა დაესწროს როგორც სასამართლო სხდომას, ისე სასამართლო თათბირს, თუმცა მას უფლება არ აქვს, საკუთარი აზრი გამოხატოს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ან ძირითად ნაფიც მსაჯულებზე გავლენა მოახდინოს.

თუ შერჩეულ კანდიდატს არ სურს ნაფიცი მსაჯულის სტატუსით სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება, შეუძლია თუ არა მას უარის თქმა?

დიახ, მას შეუძლია, განაცხადოს თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე თუ იგი 70 წელს არის მიღწეული, უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

აღსანიშნავია, რომ გარდა თვითაცილებისა, მხარეებსაც აქვთ უფლება, მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ იშუამდგომლონ. საქმეში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ, მოსამართლეს სთხოვონ ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება დასაბუთებული მიზეზით, რომ მას არ შეუძლია იყოს კომპეტენტური, ყურადღებიანი, ან იმოქმედოს ნაფიცი მსაჯულის ფიცის შესაბამისად. დასაბუთებული მიზეზით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების გარდა, მხარეებს უფლება აქვთ ნაფიცი მსაჯულობისკანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშეც. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უკუგდება მთლიანად მოსამართლეზეა დამოკიდებული.

იღებენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები ანაზღაურებას მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის?

ნაფიცი მსაჯული ხელფასის სახით ანაზღაურებას არ იღებს, თუმცა მას უნარჩუნდება ნაფიც მსაჯულად არჩევამდე დაკავებული სამსახური და შესაბამის შემოსავალი.

გარდა ამისა ნაფიც მსაჯულს ან მსაჯულობის კანდიდატს სახელმწიფო უნაზღაურებს ყველა იმ ხარჯს რაც პირდაპირ დაკავშირებულია მის მიერ საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან.სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საცხოვრებელი ადგილიდან სასამართლომდე და უკან.

რა ვადით ირჩევენ ნაფიც მსაჯულებს?

ეს ვადა წინასწარ განსაზღვრული არ არის. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება შესაძლებელია გაგრძელდეს იმ დროით, რაც საჭიროა იმ საქმის განხილვისთვის, რომლისთვისაც ის ნაფიც მსაჯულად არის შერჩეული.

სანამ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, მოქმედებს თუ არა რაიმე სახის აკრძალვები ნაფიც მსაჯულებზე?

ნაფიც მსაჯულებს მთელი რიგი მოვალეობები აკისრიათ, რომელიც გარკვეულ აკრძალვებთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ისინი ვალდებულები არიან,

სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეასრულონ, მათ ეკრძალებათ:

● სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;

● ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;

● საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;

● განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ;

● ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა, ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდეთავისუფლების აღკვეთით.

ასევე, იმ შემთხვევაში თუ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს აღნიშნული მოვალეობის თავიდან აცილება უნდა, ვალდებულია დაასაბუთოს ამის საჭიროება. მსგავსი დასაბუთების ვერ წარდგენის, ან მცდარი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით .

ამასთან, თუ სასამართლო განხილვას მსაჯული საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენს ან მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად შეასრულებს, 1 000-დან 1500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება.

როგორ ამზადებენ უკვე შერჩეულ ნაფიც მსაჯულებს?

ნაფიც მსაჯულთა მომზადება ძირითად გულისხმობს მათთვის მათივე უფლებამოსილების განმარტებასა და იმ წესებისა თუ პრინციპების გაცნობას რომელთა დაცვაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო იქნება მათთვის.

სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე განმარტებებს აძლევს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.

სხდომის თავმჯდომარემ სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ უნდა განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი.

როგორ მიმდინარეობს ვერდიქტის გამოტანის პროცესი? როგორ იღებენ ნაფიცი მსაჯულები მას?

ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში და განიხილავენ ფაქტებს. საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თითოეულ საკითხს ღია კენჭისყრაზე აყენებს. თავდაპირველად, ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს ეყრება კენჭი. თუ მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი არ გამოიტანეს, მაშინ იწყება გამამტყუნებლის მისაღებად კენჭისყრა და აღნიშნულისთვის მათ შესაბამისი დრო ეძლევათ. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

კენჭისყრის პროცესში თითოეული ნაფიცი მსაჯული საკითხისადმი თავის დადებით და უარყოფით დამოკიდებულებას გამოატავს, მხარს უჭერს ან უარყოფს მას.

მნიშვნელოვანია, რომ ნაფიც მსაჯულს უფლება არ აქვს, ხმის მიცემისგან თავი შეიკავოს.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი გააუქმოს?

დიახ, თუმცა მას მხოლოდ გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება შეუძლია. ამ შემთხვევაში, მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის თარიღი უნდა დანიშნოს.

მოსამართლეს შეუძლია, გამამტყუნებელი ვერდიქტი გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუ ის აშკაარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა ან გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.

და ბოლოს, მინდა გკითხოთ მსაჯულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რამდენად დაცულია ის სახელმწიფოს მხრიდან?

კანონი მსაჯულის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს და ამისათვის სპეციალურ ზომებს იღებენ. ამასთან, თუ მას სასამართლო განხილვის გარეთ ვინმე ინფორმაციის მიწოდების, ზეწოლისა თუ სხვა მიზნით დაუკავშირდება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს და შესაბამისი ზომები გატარდება.

"შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი წოვს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას" - რას აცხადებენ ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი?

"გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა? - გააქციეს..." - იმედა კახიანი

"პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან... პატარა ბრაზილია მაქვს" - ვახო სანაია ყოფილი მეუღლის ღალატის შესახებ ბრალდებას პირველად ეხმაურება