ავტორი:

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

"ბავშვებს სულზე მივუსწარი, როდესაც მშობლებმა მათ დაუწყეს კარდიომაგნილის მიცემა, ეს დაუშვებელია!" - ცნობილი პედიატრის კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევები მშობლებს

საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. სულ უფრო იზრდება Covid-19- ით ინფიცირებული კრიტიკული და გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი, თუმცა როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ბავშვები, საბედნიეროდ, კვლავ "მწვანე ზონად“ რჩებიან. მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდები ახალი კორონავირუსით კვლავ იშვიათად ავადდებიან. ინფიცირების შემთხვევებში კი გამოსავალი თითქმის ყოველთვის მარტივია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენენ მხოლოდ ბავშვები. ერთადერთი გამოწვევა, რაზეც ექიმები ლაპარაკობენ, ბავშვებში ვირუსის პრევენციისთვის ვიტამინებისა და სხვა მედიკამენტებს თვითნებური მიღებაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები საკუთარი გადაწყვეტილებით აძლევენ ბავშვებს ვიტამინებს დანამატის სახით და თავად ექიმებიც საკმარისი გამოკვლევების გარეშე ნიშნავენ სხვადასხვა ვიტამინებს.

ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ambebi.ge პედიატრ ინგა მამუჩიშვილს ესაუბრა.

- როგორია ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების სურათი საქართველოში?

- თავიდანვე იყო შესამჩნევი, რომ ბავშვებისთვის კორონავირუსი შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ახლაც ასეა. ისინი ან იშვიათად ინფიცირდებიან, ან ძალიან მარტივად გადააქვთ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივია გამოსავალი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არიან გამავრცელებლები და მკაცრად დავიცვათ იზოლაციის წესები. თუ რატომ ავადობენ იშვათად sars cov2 -ით ბავშვები, ამას სამედიცინო საზოგადოებაში რამდენიმე ახსნას უძებნიან. პირველი ეს არის ბავშვის მიერ შეძენილი იმუნიტეტი, რომელიც მათ ხშირი გაციებებისაგან გამოუმუშავდათ და დარჩათ იმუნოლოგიური მეხსიერება. მეორე კი გახლავთ იმ სპეციალური რეცეპტორების ფაქტორი, რომელსაც ვირუსი ორგანიზმში შეჭრისას ეჭიდება. ბავშვებს ეს რეცეპტორები სუსტად აქვთ განვითარებული ან საერთოდ არ აქვთ. ამიტომაც თუ ავადდებიან, იოლად გადააქვთ, რადგან ბევრი ვირუსი ვერ ახერხებს მათ ორგანიზმში შეჭრას. არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსის განვითარების სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში. ეს კვლევებით ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. საქართველოში ბავშვებში მძიმე მიმდინარეობის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ეს უკვე ვირუსისგან განკურნების შემდეგ მოხდა. ბავშვს გამოჯანმრთელების შემდეგ განუვითარდა ყველა ორგანოს მოშლა და უკმარისობა, მაგრამ ერთეული შემთხვევებია და ნუ დავპანიკდებით.

- რა სიპტომებს უჩივიან ყველაზე ხშირად ბავშვები?

- მათ ძალიან ხშირად უსიმპტომოდ გადააქვთ, მაგრამ თუ გამოხატულია ჩვენებები, ხშირად ესაა ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ტემპერატურა და ა.შ. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს ბავშვებში წამოვიდა ნევროლოგიური სიმპტომატიკაც. უჩივიან თავის ტკივილებს და მხედველობის გაუარესებას, ძილიანობას და სხვა ნევროლოგურ პრობლემებს. ხშირია გემოს და ყნოსვის დაკარგვა ბავშვებშიც.

- რა შემთხვევაში რთულდება ბავშვებში დაავადება და უნდა მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა?

- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს იშვიათად ხდება. ხშირად მშობლებს აპანიკებთ მაღალი ტემპერატურა. როდესაც თერმომეტრი 39-ს აჩვენებს. მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ვირუსული ინფექციის დროს, მაღალი ტემპერატურა საშიში არ არის. პირიქით, აუცილებელია. მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდება. 38.5 გრადუსამდე მივუშვათ ტემპერატურა და ვეცადოთ არ დავწიოთ, თუ პაციენტი ძალიან ცუდად არ გრძნობს თავს ან ანამნეზში არ აქვს გულყრის გამოცდილება. განსკუთრებულად მივაქციოთ ყურადღება ბავშვის სუნთქვას. თუ სუნთქვაში მონაწლეობას იღებს დამატებითი მუსკულატურა, უკვე უნდა გავფრთხილდეთ. მოსვენებით მდგომარეობაში და თამაშის თუ დროს მძიმედ სუნთქავს, ედრიკება გულ-მკერდი, სუნთქაში მონაწილეობას იღებს ნეკნებსშორისი არეები, გახშირებულია სუნთქვა, ეს უკვე არის განგაშის საფუძველი. ერთ წლამდე ბავშვის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის აქტი წუთში 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. 1-3 წლამდე ბავშვის სუნთქვა თუ 35-ს სცდება, არ უნდა გამოგვრჩეს. თუ პაციენტს აქვს შეუპოვარი ღებინება, დიარეა, კარგავს სითხეს, დასუსტდა, მივმართოთ ექიმს და მოვითხოვოთ მისი კლინიკაში გადაყვანა. მაგრამ კლინიკაში გადაყვანა ამ ბოლო დროს ძალიან ძნელი გახდა. ვწუხვარ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ მძიმე დღეშია. პირველად ჯანდაცვის რგოლი მთლიანად ჩამოიშალა. ურთულესია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან დაკავშირება. ლოჯისტიკა პრაქტიკულად განადგურებულია, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს ადამიანური რესურსი. უამრავი კოვიდინფიცირებული ექიმი გვაყავს, რომლებიც ვერ აძლევენ თავს უფლებას არ უმკურნალონ დაინფიცირებულ პაციენტებს. ცრემლი მომდის ამის თქმაზე, კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი დღეს უვლის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ექიმებს, თორემ დავიღუპებით. რამდენი ექიმი შეეწირა ამ საშინელ ვირუსს. ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ კლინიკაში გადაყვანა, თუ მდგომარეობა არ არის კრიტიკული. თუ პაცინეტს არ აქვს სუნთქვის უკმარისობა, არ საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, დავრჩეთ სახლში და ვიმკურნალოთ. ეს ახლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

- ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ მშობლები ბავშებს ვირუსის პრევენციისთვის თვითნებურად აძლევენ სხვადასხვა მედიკამენტებს. ამაზე რას გვეტყვით?

- კი, სამწუხაროდ, ეს მართლაც ხშირად ხდება. ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა და სხვებისგანაც მსმენია. ხშირად აძლევენ ვიტამინებსა და თრომბოემბოლიური პროცესების განვითარებაზე მოქმედ მედიკამენტებს. ბოლო დროს აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის დროს თრომბოემბოლიის რისკზე. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ბავშვებში არ ხდება! ამ მხრივ მშვიდად უნდა იყვნენ მშობლები და კოაგულოგრამის ჩატარების მოთხოვნით არ უნდა ირბინონ კლინიკებში. მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სულზე მივუსწარი - მშობლებმა ბავშვებს დაუწყეს კარდიომაგნილის დაბალი დოზების მიცემა, რაც დაუშვებელია. თვითონ სვამდნენ და დაბალ დოზებს აძლევდნენ ბავშვებსაც. ბავშვს არც კვლევები უნდა სისხლის შედედებაზე და არც მედიკამენტები. მინდა, ყველას ვთხოვო, ასეთი რამ ფიქრადაც არ გაივლონ!

- რაც შეეხება ვიტამინების თვითნებურ მიღებას. რომელ ვიტამინებია ამ მხრივ განსაკუთრებულად ხშირ მოხმარებაში?

- ზოგადად, ვიტამინების მიღება საქართველოში ძალიან უყვართ. მშობლები ფიქრობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და აძლიერებს იმუნიტეტს. ხშირად ყიდულობენ, B, C, D ჯგუფის ვიტამინებს და აძლევენ ბავშვებს. ეს დაუშვებელია, რადგან არცერთი სამეცნიერო მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ვიტამინების კარგად მოქმედებს კორონავირუსზე. თუ ბავშვს ნორმაში აქვს ვიტამინების საჭირო რაოდენობა, არ უნდა ვეცადოთ მის დამატებით მიღებას. გავრცელებულია D და C ვიტამინების მიღების შემთხვევები. D ვიტამინი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას უკვე ვიტამინს აღარ უწოდებენ და მოიხსენიებენ, როგორც D ჰორმონი, იგი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე, ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებასა და ნევროლოგიურ პროცესებზე. აშშ -ში ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც, ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სეზონურ აფექტურ აშლილობებს, დეპრესიას, შფოთვას და ა.შ. ეს ვიტამინი ძალიან დიდი ოდენობითა ზღვის პროდუქტებში, შუადღის მზეზე ხდება მისი გამომუშავება, მაგრამ ამ დროს იზრდება კანის ონკოლოგიური დაავადებების რისკი. რაც შეეხება მის დოზებს, გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ პრევენციული ზომა 400 -800 ერთეული დღეში, ანუ 1-2 წვეთი. რაც შეეხება 2 წლამდე ბავშვებს, მათ თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებით რეგულარულად უნდა ამიიღონ ეს ვიტამინი შესაბამისი დოზები, რადგან აუცილებელია მათი ზრდა - განვითარებისთვის. რაც შეეხება, C ვიტამინს, ისიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან. მონაწილეობს ქოლესტერინის წვაში, ჰორმონების წარმოქმნაში. მაგრამ მას იმდენად ბევრი პროდუქტისგან ვიღებთ ყოველდღიურად, იშვიათად არის საჭირო დანამატის სახით მიღება. C ვიტამინი დიდი ოდენობით არის ციტრუსებში, ბროწეულში, ისპანახში, ბროკოლში, ალუბალში და ა.შ. იგი შეიძლება, ფაქტობრივად, ნებისმიერი სეზონური ხილისგან მივიღოთ.

თუ მოწესრიგებულია კვება, ბავშვი D ვიტამინის საჭირო დოზასაც მიიღებს პროდუქტებიდან, ამიტომ უმჯობესია მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ ბავშვის კვებაზე და არა აფთიაქებში შეძენილი ვიტამინებით მათი შვილების იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ, პედიატრები, ყოველთვის ვამბობთ, რომ აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება, მაგრამ დღეს ხალხს იმდენად უჭირს, მრცხვენია, რომ ხალხს მოვუწოდო, მიეცით ბავშვს ორაგული, მიეცით ხიზილალა - მეთქი... ძალიან ძვირი ჯდება ეს მატერიალურად. მედიკამენტების დანიშვნის დროსაც კი თვალებში ვუყურებ მშობელს, რამდენად შეძლებს ის ამის შეძენას.

- როგორ უნდა გავიგოთ, აკლია თუ არა ორგანიზმს ვიტამინები?

- ამ მიზნით კეთდება ლაბორატორიული ანალიზები, მაგრამ ყველა ვიტამინის შემთხვევაში - არა. არსებობს ისეთი ვიტამინები, რომელთა ნაკლებობის შესახებ კლინიკური ჩვენებით იღებს ინფორმაციას ექიმი. იქნება ეს ზოგადი სისუსტე, უმადობა თუ ა.შ. როდესაც ექიმი გამორიცხავს დაავადებას, რომელსაც შეიძლება ახლდეს ეს სიმპტომები, ნიშნავს შესაბამს ვიტამინებს. ამიტომ მედიკოსის რეკომენდაცის გარეშე, თვითნებურად არ უნდა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, აუცილებელია ვიტამინებს ჰქონდეს ხარისხის კონტროლი გავლილი და ამერიკული fda რეკომენდაცია, რომ ის უსაფრთხოა. ეს ინფორმაცია შეგვიძლია ვიკითხოთ და მოვითხოვოთ აფთიაქებში.

- რა უკუშედეგს იძლევა ვიტამინების თვითნებურად მიღება?

- ჰიპერდოზირებამ შეიძლება ჰიპერკალცემია გამოიწვიოს, ამან კი თავის მხრივ არაერთი სხვა დაავადება - სისხლძარღვოვანი გართულებები, სხვადასხვა ორგანოში კენჭების ჩაგროვება, ენდოკრინული სისტემის გამწვავება და მრავალი სხვა. C ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ანაფილაქსიური შოკიც კი გამოიწვოს. ასევე, ჭინჭირს ციება და ა.შ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს.

წინასაახალწლოდ ბილაინის აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ

Ambebi.ge, მკითხველთან ერთად, წლის ადამიანებს ასახელებს - Covid 19-თან მებრძოლი მედპერსონალი, გიორგი გახარია... კიდევ ვინ მოხვდა 10 ფინალისტს შორის

საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა - 3 560 - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით