ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ახლახან რეიგანის სახელობის სტიპენდია მოიპოვა და სექტემბრის ბოლოდან ექვსი თვის განმავლობაში ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში წაიკითხავს.
- გილოცავთ, ბატონო ლევან.
- ამ მილოცვას ვიღებ, რადგან დიდ კონკურსში გავიმარჯვე და ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაც მგონია.
- რას იტყვით ჩვენი ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე?
- ამ საკითხის გადაწყვეტა არც პრეზიდენტის კომპეტენციაა და არც - მთავრობის. ეს კონსტიტუციური საკითხია, რასაც სჭირდება რეფერენდუმი და შესაბამისი ცვლილებები. ისე, ასეთი კონფედერაცია ხალხის სურვილითაც რომ შეიქმნას, აშკარად დაარღვევს ძალთა ბალანსს ამიერკავკასიაში. ამიტომ აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორც სომხეთის, ასევე რუსეთის ინტერესებიც. ჩნდება კითხვა - ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანულ კონფედერაციაში საქართველოს რა როლი დაეკისრება? ისე, პრეზიდენტისგან სხვა არაერთი სისულელეც მოვისმინეთ ბოლო ხანს, მაგალითად, პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში მუსლიმანი ქართველი უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიანიო და იქვე აღნიშნა, მილიონობით ქართველი ცხოვრობს ირანსა და თურქეთშიო.
რა გამოდის, რომ სააკაშვილს უკვე შეუქმნია კონფედერაცია ირანთან და თურქეთთან და ლამის ერთი სახელმწიფო ვყოფილვართ. მოკლედ, ეს განცხადებები სრულიად უპასუხისმგებლოა, მეტიც, ეს არის შემთხვევა, როდესაც წყალწაღებული ხავსს ეჭიდება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს შეერთებული შტატებიდან შეიარაღებას, როგორც არასაიმედო პარტნიორი, რაც, ფაქტობრივად, გამოუცხადებელ ემბარგოს ნიშნავს, მიშა მიხვდა, რომ ამერიკის მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, ამიტომაც დაიწყო ხავსის ძებნა, ამჯერად ამ ხავსს ჰქვია კონფედერაცია. დავუშვათ, ჩვენ სულელები ვართ და სააკაშვილს შევათრევინეთ ქვეყანა კონფედერაციაში, განა აზერბაიჯანელები და თურქებიც სულელები არიან, რომ თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი დათმონ? ისე, არ უნდა დაინტერესდეს ბატონი მიშა იმ უმცირესობაში მყოფი ქრისტიანების აზრით?
მოისურვებენ კი ეს ქრისტიანები თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად კონფედერაციაში ყოფნას ან რომელი იქნება კონფედერაციის შიგნით საურთიერთობო ენა? აზერბაიჯანელებსა და თურქებს არ ექნებათ ენობრივი ბარიერი, ამიტომ ისინი ქართულს არ ისწავლიან, გამოდის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ენა?! კარგი, გასაგებია, რომ რუსებს გულს ვატკენთ ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ვის გავახარებთ?
- ამბობენ, სააკაშვილი ბათუმს ამზადებს კონფედერაციის დედაქალაქადო...
- ბათუმელი კაცი ვარ და თანახმა ვარ, ეს ქალაქი იყოს არა მხოლოდ კონფედერაციის, არამედ მსოფლიოს დედაქალაქი. თუმცა დღეს რასაც მიშა ბათუმს ეძახის, ის მთელი ბათუმის მხოლოდ ერთი პროცენტია - სულ ორი ქუჩა, ბათუმის 99 პროცენტი კი წყალსა და მეწყერს მიაქვს, მაგრამ ვინაა პატრონი? რომ გაწვიმდება, ბათუმში წყალი არ არის... ეს არის განცხადებები ადამიანისა, რომელსაც ხელისუფლება ხელიდან გაუვარდა კარგა ხანია, მაგრამ ვერავინ გამოჩნდა, რომელიც ამ ხელისუფლებას ხელში აიღებდა.
- ბოლო ხანს ოპოზიციას ინერტულობის გამო აკრიტიკებენ...
- კი, ვიცი, ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, ოპოზიცია პლაჟზე ყრიაო... რომ არ ეყარონ, რა მოხდებოდა, რო? თუმცა ოპოზიციის ნაწილი თბილისში იყო და არ ისვენებდა. არ შეიძლება ექსპერტი ასეთ ტერმინებს იყენებდეს, ვფიქრობ, ბატონი რამაზ საყვარელიძეც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან ეს უპირველესად მის ექსპერტობას აყენებს ეჭვქვეშ. ისე, ეს მე არ მეხება, მე არ "ვგდებულვარ" არსად, არც რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრები. ოპოზიციამ მიმართა ყველა იმ ხერხს, რომელიც აღწერილია პოლიტიკის ისტორიაში, მაგრამ არაფერმა გაჭრა სააკაშვილზე. ახალი ტიპის ხელისუფლება გვყავს, რომელზეც არ ჭრის არც ხრიკები, არც ვაჟკაცური ბრძოლა, არც პოეტური გამოგონება, როგორიც, ვთქვათ, საკნები იყო, ვერც "ჩემი დედა" ჭრის, ვერც "შენი დედა" და ვერც განსხვავება დაგინებასა და შეგინებას შორის... ამიტომაც ოპოზიცია საგონებელშია და ახალ გზებს ეძებს...
კარგი, ოპოზიცია არ ვარგა, რასაც ვეთანხმები, მაგრამ საზოგადოება ვარგა? გეტყვით, ვინ ეყარა პლაჟებზე - მთელი "ნაციონალური მოძრაობა," გიგა ბოკერიათი დაწყებული, ვანო მერაბიშვილითა და მისი მეუღლით დამთავრებული. ვერ დაინახეს ექსპერტებმა, რას სჩადიოდნენ "ნაცები" კვარიათში, გონიოსა და ბათუმში, მაგალითად, "აჭარაბეთში"? "აჭარაბეთის" ერთ-ერთი მეწილე რომ გიგა ბოკერია ყოფილა, იცოდით? ეს არის დიდი სამორინე, რომლის ერთ-ერთი მეწილე ვანო მერაბიშვილია, რაც აქამდეც ვიცოდი, მაგრამ წელს შევიტყვე, რომ გიგა ბოკერიაც ამ საქმეშია. ბოკერიას ბათუმში "აჭარაბეთში" არ უშვებდნენ, დაცვამ ვერ იცნო, ჰოდა, ხმამაღლა გამოაცხადა, მეწილე ვარო!
ეს ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე გვიმტკიცებს, რომ ქართველი მასწავლებელი არ ვარგა, მაგრამ მის გადამზადებას კი არ ფიქრობს, არამედ მის გაგდებას სკოლიდან და უცხოელების ჩამორეკვას, თან ისე, რომ ისინიც არ არიან მასწავლებლები. ეს არის იდიოტის ლოგიკა. აღარ მინდა იმ კრეტინობაზე ლაპარაკი, რომ ეს უცხოელი მასწავლებლები ყივჩაღებს უნდა შევადაროთ. ყივჩაღები იყვნენ პროფესიონალი მეომრები, მშვიდობის კორპუსის არაპროფესიონალი ე.წ. მასწავლებლები, რომლებმაც ქართული არ იციან, არ არიან ყივჩაღებთან შესადარებელი. ყივჩაღს ენა არ სჭირდებოდა, ჩამოვიდოდა და იომებდა. ამათ კიდევ ქართული არ იციან და ქართველ ბავშვებს როგორ უნდა ასწავლონ, ვერ გამიგია...
ვთქვათ, ბევრი რამ ოპოზიციის ბრალია, მაგრამ მოსახლეობა რას შვრება? მისცემს ამ მწყემსებს შვილებს აღსაზრდელად, თუ პროტესტს გამოთქვამს? სკოლაში შევიდა პოლიცია, ჰოდა, ეს პოლიციელ-მანდატური დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებელი, მაგრამ ამოიღო ვინმემ ხმა? 24-ე სკოლაში გაიფართხალა ვიღაცამ და ისიც ჩაახშვეს.
- გიგი ბოკერიას ოპოზიციაში შესაძლო გადასვლაზე რას იტყვით?
- როცა ოპოზიცია სუსტია და ვერ ახდენს ხელისუფლებაზე გავლენას, ხელისუფლების შიგნით არეულობა იწყება. სახელისუფლებო დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონთ, ერთმანეთს დასცხებენ ხოლმე. სუსტი ოპოზიცია ნიშნავს ხელისუფლების დასუსტებასაც. ახლა სწორედ ამ ვითარებაში ვართ. შეგახსენებთ, რომ ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტი გადის განათლების სამინისტროზე. ჯერ თეა თუთბერიძემ დაარტყა განათლების სამინისტროს, მერე განათლების მინისტრმა შაშკინმა მიიღო გაუგონარი გადაწყვეტილება. როგორც წესი, იმ დაწესებულებაში, რომელსაც თავკაცობენ, პროკურატურას არ ეძახიან, მაგრამ შაშკინმა მიიწვია.
მე რომ ვთქვა, არ ვიზამდი-მეთქი, დამაბრალებენ, ალბათ, ქურდული გაგების კაციაო, მაგრამ მე ნაჯდომი კაცი ვარ და ამიტომ მაგ გაგების ამბავს ვერ ავცდები. ადრე "აჭარაბეთის" მეწილე ბოკერია მაბრალებდა მაგას, ეს მართლა ქურდი და გაიძვერა. ისე, ბოკერია ჯერ კიდევ ღელავს თავისი დეგრადაციის გამო, რა ქნას, ყოფილი სინდისი ჯერ ისევ უშლის ხელს. არ გამოვრიცხავ, რომ მართლა მოუწიოს ხელისუფლებიდან წასვლამ, მაგრამ ოპოზიციაში ვინ ჩაიხუტებს, არ ვიცი...
ხელისუფლებაში ნამდვილად ჩანს დაპირისპირების ნიშნები. "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მთავრობაში და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე, არის ბოკერია. ამ ინსტიტუტს, რევოლუციიდან მოყოლებული, დიდი გავლენა ჰქონდა განათლების სამინისტროსა და, საერთოდ, ჰუმანიტარულ სფეროზე, ვიდრე განათლების მინისტრად არ დაინიშნა დიმიტრი შაშკინი, ანუ ამით პრეზიდენტმა "თავისუფლების ინსტიტუტის" ხაზი შეასუსტა. შაშკინი მომზადებული და ენერგიული კაცია, უბრალოდ, განათლებაზე წარმოდგენა არა აქვს.
დაპირისპირება რომ მოხდა, ციხეების ყოფილმა უფროსმა მოულოდნელი სვლა გააკეთა, ადგა და თავის დაწესებულებაში მოიწვია პროკურატურა. ეს ნიშნავს, რომ იმედი აქვს პროკურატურის, იცის, რომ მას კი არ შეეხებიან, არამედ მის წინამორბედებს. განათლების სამინისტროში დარღვევათა რიცხვი წლების განმავლობაში მატულობდა და დარწმუნებული ვარ, არც შაშკინი იქნება გამონაკლისი. მაგრამ პროკურატურა ამით არ დაინტერესდება, ამის გარანტია შაშკინს აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ადეიშვილი და შაშკინი დღეს ერთი გუნდია. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ადეიშვილი შაშკინის დარღვევებსაც გამოიკვლევს და თაროზე შემოდებს, რა იცი, რაში დასჭირდება, მაგრამ ამჯერად ნოდიას შემდეგ კახა ლომაიასა და ნიკა გვარამიას მიადგებიან. მთელი ეს ამბავი ამიტომაა დაწყებული.
მე ნოდიას კრიმინალობის არ მჯერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი უნიათობითა და დაბნეულობით ვიღაც აუცილებლად ისარგებლებდა და რისი მოპარვაც შეიძლება, მოიპარავდა. გია ნოდია თავის მანქანას რომ აყენებს, მერე იმას მთელი ინსტიტუტი ეძებს, ხან პოულობს, ხანაც კიდევ ტაქსით მიდის შინ. მოკლედ, ასეთი კაცის გასულელებას რა უნდა. ისე, ნოდიას ეშმაკთან ხელშეკრულება ნამდვილად აქვს დადებული, ისეთი ეგზიტპოლები ჩაუტარა სააკაშვილს, მაგრამ ამჯერად დამნაშავე არ მგონია. ნოდია მილიონების მომპარავი რომ არ არის, სახეზე ეტყობა, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებთ ლომაიაზე.
დაველოდოთ, პროკურატურა რას დადებს ლომაიასა და გვარამიაზე. შეუძლებელია, ლომაიას არ ჰქონოდა დარღვევები, ლომაიას მინისტრობისას იყო, მისი მოადგილე რომ დაიჭირეს ქრთამის აღებაზე, მერე იმან პარლამენტარი გია ნუცუბიძე დაასახელა. მაშინ ის მოადგილე გადარჩა და პარლამენტარი დაიჭირეს. მოკლედ, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება ნოდიას ეშმაკთან დადებულ ხელშეკრულებას, მე ასე ვიტყოდი, ვინც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის გვერდით დარჩა თუ დადგა, დაწყებული "შუბაში" გამოწყობილი ბურჯანაძით, ნოღაიდელით, კიწმარიშვილით და დამთავრებული ნოდიათი, ყველამ გამოამჟღავნა თავი, როგორც პოლიტიკურად უზნეო ადამიანმა.
- განათლების სამინისტროს გარშემო ატეხილ სკანდალში რა როლი აქვს ვანო მერაბიშვილს?
- ოოო, ვანო დიდი კაცია, თუმცა განათლების სისტემა რატომ აინტერესებს ასე ძალიან, ვერ გავიგე.
როგორც ჩანს, მართვისთვის სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაპირისპირებაა, მეორე მხრივ, სააკაშვილმა იცის შიგადაშიგ თავისი გარემოცვის ნაწილზე გულის აყრა, ასე ცდილობს, როგორც ჩანს, ბალანსის დაცვას. ახლა "თავისუფლების ინსტიტუტი" არ მოსდის თვალში, თუმცა შეიძლება ამან დიდხანს არ გასტანოს. დიმიტრი კარამაზოვის სიტყვებს გავიმეორებდი: "ერთი ქვეწარმავალი შეჭამს მეორეს და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ". ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ ჭამაში არ წყდება სკოლის ბედი, სკოლა ორივე მხარეს ფეხებზე ჰკიდია.
- სანდრო კვიტაშვილის მინისტრობიდან წასვლასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორობაზე რას იტყვით?
- ამ მინისტრთა კაბინეტში კვიტაშვილი ყველაზე ცუდად არ გამოიყურებოდა, მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობაში კომპეტენციის, ადამიანობისა და ზრდილობის დონე ძალიან დაბალია. კვიტაშვილი ამ ყველაფრის ფონზე აშკარად გამოირჩეოდა, "ნაცკადრებთან" შესადარებელი ნამდვილად არ არის. ისე, კიდევ დიდხანს შერჩა ამ მთავრობას, კვიტაშვილი ყველაზე მეტად ჰგავდა მინისტრს - დედას არ იგინებოდა და საერთოდ წესიერად იქცეოდა, ამიტომაც გაისტუმრეს. ამ მთავრობაში რომ იყო, სულ ცოტა, გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას დონეს მაინც უნდა ქაჩავდე. რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორობას, ამას უნდა წყვეტდეს თვითონ უნივერსიტეტი და არა სააკაშვილი, რომელსაც მორჩენილი ნამინისტრალებისთვის რაღაც თანამდებობები სჭირდება. მოკლედ, დღეს უნივერსიტეტის ავტონომია ნულის ტოლია.
- ამბობენ, ნიკა რურუაც მალე დატოვებს თანამდებობასო...
- რურუას კულტურის მინისტრობა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ქვეყანა არ არის, ამიტომ მისი წასვლა მხოლოდ მისასალმებელია, დამიჯერეთ, მაგაზე უარესს ამ თანამდებობაზე ვერ იპოვიან. რურუა არის ინტელექტუალი, მიიღო განათლება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის იყო, არის და რჩება კრიმინალად. ის იყო, ფაქტობრივად, "მხედრიონის" კრიმინალური ნაწილის სული, გული და ტვინი. ასეთი კაცის კულტურასთან მიშვება არ შეიძლებოდა. თავის დროზე გებელსმა თქვა, მგონი, - კულტურას რომ ახსენებენ, ხელი რევოლვერისკენ გამირბისო, ამ ლოგიკით იყო დანიშნული ბატონი რურუაც, ამიტომ მისი წასვლა სწორი იქნება.
- შესაძლოა, კულტურის მინისტრად მომღერალი სოფო ნიჟარაძე დანიშნონო.
- არა მგონია. ისე გამიგია, რომ მაგ ქალბატონს პრეზიდენტის კარზე უკეთესი თანამდებობა უკავია...
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)