ავტორი:

"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება

"ყველაზე ფატალური შეიძლება "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები აღმოჩნდეს"  - დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება? ექსპერტის შეფასება

დღეს პანდემიასთან ბრძოლის საკითხი ყველაზე აქტუალურია, დაინფიცირებულთა რიცხვისა და სიკვდილიანობის ზრდის გამო ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. როგორც ამბობენ, ეს არ არის სრული სისტემური "ლოკდაუნი", თუმცა იმედოვნებენ, რომ ორთვიანი გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, ინფიცირების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაჩერებს.

ხელისუფლება ეპიდვითარების დამძიმებას ოპოზიციის აქციებს აბრალებს, თუმცა ეს მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის, რადგან ჩვენი მოქალაქეების ერთი ნაწილი თავყრილობებისგან დიდად არც სხვა დროს იზღუდავდა თავს. შესაბამისად, ისმის კითხვა, ხომ არ დააგვიანა ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებების გატარება? გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ჩემი აზრით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ აღარ, უფრო სწორად, ვეღარ შეძლო ეპიდემიოლოგების მოსმენა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. ამას უპირველესად პოლიტიკური მიზეზი აქვს - არჩევნების გამო იძულებული გახდა აღარ დაეჯერებინა ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტებისთვის. მას არ შეეძლო არჩევნების გადატანა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა. არადა, წინასაარჩევნოდ ხალხმრავალმა შეხვედრებმა, გაზრდილმა მობილობამ - ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში დაჰყავდათ ამომრჩევლები - და შემდგომ პოსტსაარჩევნო აქციებმა მოიტანა ეს შედეგი, მაგრამ ყველაზე ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს გასულ კვირას "შავი პარასკევის" გამო დატრიალებული ამბები. ამან შესაძლოა დიდი ეპიდემიური აფეთქება გამოიწვიოს არა მარტო დედაქალაქში. იმ დღეს დედაქალაქიდან გასვლამ მომიწია და ვნახე, ათიათასობით მანქანა როგორ შემოდიოდა რეგიონებიდან თბილისში. ვფიქრობ, ამ პროცესისთვის ასეთი თავისუფლების უფლება არ უნდა მიეცა მთავრობას.

მე ინფიცირების სტატისტიკა კარგად შევისწავლე და გავაკეთე მისი პოლიტიკურ მოვლენებთან კორელაცია, ანუ ინფიცირების გაზრდის მიზეზები ჩემი აზრი კი არ არის, არამედ ღრმა სტატისტიკურ კვლევაზე დაფუძნებული უტყუარი ფაქტი.

ჩვენი და ევროპული ქვეყნების ბიზნესსისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი ბიზნესი უფრო მწარმოებლურია, ჩვენი კი ყიდვა-გაყიდვაზე დაფუძნებული. ჩვენთან ბიზნესსაქმიანობა სწრაფ მოგებაზეა გათვლილი. მთავრობამ, როგორც ჩანს, ბიზნესის თხოვნით ვერ დაუშვა "შავი პარასკევის" გაუქმება. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ შეზღუდვები უნდა გამოეცხადებინათ არა 28 ნოემბრიდან, არამედ 27-დან და ასეთი ზედახორა არ გაიმართებოდა. სამწუხაროდ, მთავრობამ არ გაიზიარა ეპიდემიოლოგების აზრი და ანგარიში გაუწია ბიზნესს.

როგორც პაატა იმნაძემ თქვა, და მე მისი მჯერა, შეზღუდვების შედეგებს სადღაც 2 კვირაში დავინახავთ, ანუ ინფიცირების მასშტაბიც და გარდაცვალების რიცხვიც შემცირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ იანვრის ბოლოს მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზაციას. ამასობაში, ალბათ, ვაქცინაც შემოვა. როგორც ითქვა, პირველ ეტაპზე 700 000 დოზის შემოტანა იგეგმება. თუ სწორად გაანაწილეს მიზნობრივ ჯგუფებში, იმედია, ეპიდემიას მომავალ წელს მოვერევით.

- სოციალურ პასუხისმგებლობაზე მინდა გკითხოთ. როცა ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებისა და გარდაცვალების ამდენი შემთხვევა გვაქვს, რითი შეიძლება ავხსნათ ის, რაც გასულ პარასკევს სავაჭრო ობიექტებში ხდებოდა?

- სწორედ ეგ მკითხა ჩემმა შვილმა, რომელიც ახლა გერმანიაშია. გაოცებული იყო. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს 3 მოვლენის დამთხვევასთან: პირველი - არის ხალხი (ასეთებს მეც ვიცნობ), რომელიც ამბობს, რომ კორონავირუსი არ არის რთული ინფექცია, რომ ჩვეულებრივი გრიპისგან არაფრით განსხვავდება. ამტკიცებენ, სეზონური გრიპების დროსაც ამდენივე იღუპებოდაო. მე მათ სოციალური ათეისტები შევარქვი; მეორე - ახლოვდება ახალი წელი და მოქალაქეებს ახლობლებისთვის რაიმეს ჩუქება სურთ, "შავი პარასკევი" კი, როცა ფასდაკლებებია, საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს; მესამე - საყოველთაო სიდუხჭირე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის, პირობითად, 100 ლარის დაზოგვაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც არ დაეზარათ, მათ შორის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ, ჩადგნენ რიგებში და საახალწლო საჩუქრები იყიდეს.

როცა სოციალურ პასუხისმგებლობას ვახსენებთ, ვილაპარაკოთ ყველა მხარეზე. მოქალაქეების გარდა, სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიზნესის წარმომადგენლებსაც. იმისთვის, რომ მოგება მიეღოთ, არ გაუფრთხილდნენ მოქალაქეებს და ეპიდემიის მიუხედავად, "შავი პარასკევი" გამოაცხადეს, თანაც აუცილებელი რეგულაციები არათუ არ დაიცვეს, არც კი სცადეს.

უმთავრესი პრობლემა კი ისაა, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაახლოებით ასე ფიქრობს ხალხის ნაწილი - თუ ავად გავხდი, სიკვდილიანობა 1%-ზე დაბალია და რაღა მე მოვკვდებიო. საკუთარი თავის გარდა, არავინ ენაღვლებათ.გერბზე კი დავაწერეთ, რომ "ძალა ერთობაშია", მაგრამ ეს საქართველოში მხოლოდ ლოზუნგია. ჩვენ არავითარი ერთობა არ გვინდა, ჩვენს ოჯახებში ან პოლიტიკურ პარტიებში ვცხოვრობთ, დანარჩენს კი არავის ვუფრთხილდებით...წაიკითხეთ სრულად

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა - ნახეთ, ვინ მოიპოვა მანდატი?