ავტორი:

"ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია" - როგორ იხსენებენ მეგობრები და თანამებრძოლები კობა დავითაშვილს

"ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია" - როგორ იხსენებენ მეგობრები და თანამებრძოლები კობა დავითაშვილს

2 დეკემბერს, დილით, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. პოლიტიკოსები, მეგობრები და თანამებრძოლები პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში იხსენებენ...

კახა კალაძე (დედაქალაქის მერი): ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს.

თინა ხიდაშელი (პოლიტიკოსი): ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფრის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის...კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა ქვეყნის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით. იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში.

4 წელი მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულ დახმარებას ვეწეოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი, რომელიც სწორედ კობას მიჰყავდა.

13 წელი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთამენთი არ გვენახა, სულ ვკამათობდით - მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში :(ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ - თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით ...ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი...შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისევ სულ ვკამათობდით, ვდაობდით :( მერე იყო იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები ...ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან...

კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუტეების და სიპატარავის გამო, ალბათ მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ. ამ შლეგებს გონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია, ან პატიება შემიძლია.

ამ უგუნურ შლეგებს გონიათ არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი. ალბათ მართლაც გონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ეხლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნირებით და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ.მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს ....ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება.

ირაკლი კორძაია (აქტივისტი): კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. წინა რეჟიმმა მოკლა, ამჟამინდელმა მისი მკვლელები არ დასაჯა, ნაწილი კი გადმოიპორტირა. მწარე და მტკივნეულია ჩვენი რეალობა ...

ვალერიან ხაბურძანია (პოლიტიკოსი): კობა დავითაშვილი გარდაცვლილა, გაანათლოს. ჩვენი თაობის უდავოდ გამორჩეული, ნიჭიერი და ჯიუტად პრინციპული ადამიანი, იურისტი და პოლიტიკოსი. უპრინციპო საზოგადოება პრინციპულ ადამიანებს ვერ იტანს, კობას მოღვაწეობა ამის მაგალითი, სიცოცხლე ამის მსხვერპლი.

ეკა ბესელია (პოლიტიკოსი): ძალიან, ძალიან მეტკინა გული ჩვენი თანამებრძოლის კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო... მადლიერება გამოვხატოთ მისი ბრძოლის და ყველა იმ დღის გამო ,რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის, სამართლიანობისთვის გაიღო! ნათელში იყოს და სამძიმარი მის ოჯახს...“

ეკა ჟვანია (PR ტექნოლოგი): კობა დავითაშვილს ჯერ კიდევ ნაცების დროიდან ვიცნობ. ბოლო წლებში ასჯერ მებუტებოდა და მირიგდებოდა... ამას მის ფიზიკურად გაუსაძლის მდგომარეობას და სულიერსაც მივაწერდი, არასდროს შემცვლია დამოკიდებულება მის მიმართ.

ადამიანში პრინციპებს და საკუთარი თუნდაც აბსურდული იდეის უანგაროდ ტარებას ვაფასებ. სხვას ვინმეს მეტყვით ვინც იდეის გამო პირადი ქონება დათმო? ბევრი იცით ივანიშვილს რომ არ "ეპათხალიმებოდა?“ ჭკვიანი იყო, პოლიტიკაზე მასთან დისკუსია საინტერესო....

პირადად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე მიბიძგა, წიხლით რასაც ქვია (მერე სანამ გამებუტებოდა სულ ვეზუზუნებოდი ეს რა მიქენი-თქო). ტკივილის გარდა, ზოგადად განიცდიდა თავის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთხელ, აი, ლევან ბერძენიშვილს რომ "ატმაზკა" აუღო პარლამენტში და თავი შარში დურთა - ვეჭყიპინე, და ტელეფონში ვერ გაგებინებ რატომ ვქენიო, კაფეში კი შენ არ დამიჯდები რომ აგიხსნაო. მეთქი, ვაიმე რა კომპლექსები აქვს.

წავედით ვაკის ერთ-ერთ კაფეში, გამოვიჭიმეთ და გადავიფხორეთ (მაინც ვერ ამიხსნა და აღიარა რომ სისულელე ქნა).

ხო, საქმეზე ერთხელად სახლში ამომადგა, ვინც მიცნობს, იცის - არ მიყვარს სტუმრები სმით და ლაი-ლაით. ჰა, ერთი საათი ყავით ავიტანო ვინმე. მთელი ღამე ხომ კონიაკს სვავდნენ ეგ და ჩემი მეორე ნახევარი, მერე მოშივდათ - ამ საწყალ კონიაკს მარკეტიდან ამოტანილ ძეხვს ატანდნენ. დილის 6-ზე წავიდა. ისეთი საინტერესო მოსაუბრე იყო, სახასიათო იუმორით, ვერც შევნიშნე როგორ დაგვათენდა.... ხო საბარგულში დიდი უკრაინული ხის ურო ედო. ეგ ამოათრია, რაღაცებს ყვებოდა - უკრაინულ ისტორიებს.... მოკლედ რომ გავიგე ცუდადააო ჩავხედე ჩეთს და ისევ წავუშლივარ. ასე ჩუმად გამპარვია 15 აგვისტოს მერე...

აუ, რამდენი ვწერე, და კიდევ რამდენი შემიძლია ვწერო .... ძალიან გული დამწყდა ძალიან....

რამაზ ხატიაშვილი (ჟურნალისტი): ვიცნობდი კობას კარგად. სრული ანტიპოდი იყო იმისა, რაც საჯარო სივრცეში ჩანდა. ბევრი რამით ნერვებს მიშლიდა, თითქმის არაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ პირად ურთიერთობაში დამამახსოვრდა, როგორც ძალიან პოზიტიური ადამიანი, რომელსაც უყვარდა ხუმრობა და კიდევ უფრო მეტად უყვარდა სიცილი. საბოლოო ჯამში, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ცუდია, რომ ეს ხშირად გვავიწყდება.

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"