ავტორი:

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქალთა ფეხბურთი სულ უფრო მეტად ვითარდება და სპორტის ამ სახეობაში უკვე არაერთი ქალი მსაჯიც გამოჩნდა, საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მაინც სტერეოტიპულია და ფეხბურთი "მამაკაცების თამაშად“ ითვლება.

თუმცა ჩვენს დროში "მამაკაცების სპორტში“ არსებობენ ისეთი ქალები, რომლებიც წარმატებას აღწევენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ფეხბურთის ფრანგი არბიტრი, სტეფანი ფრეპარტია, რომელმაც კაცებს შორის უმაღლესი რანგის საფეხბურთო მატჩი განსაჯა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტეფანიმ ისტორია დაწერა, ის გახდა პირველი ქალი, რომელიც კაცებს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის (საუბარია იუვენტუსისა და კიევის დინამოს დაპირისპირებაზე) მთავარი მსაჯი იყო. ასეთ დონეზე აქამდე ქალს მთავარი მსაჯის ფუნქცია არ შეუსრულებია.

აღსანიშნავია, რომ სტეფანი არის პირველი ქალი, რომელმაც 2019 წელს, კაცებს შორის უეფას სუპერთასი განსაჯა. მაშინ ერთმანეთს ლივერპული და ჩელსი დაუპირისპირდნენ.

2019 წელი, სტეფანი უეფას სუპერთასის მსაჯობისას

ფრანგი არბიტრი 37 წლისაა. 2011 წლიდან ის კაცებს შორის მატჩების მსაჯი იყო საფრანგეთის მესამე დივიზიონში და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა. 2014 წელს უკვე მან საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩში იმსაჯა, რომელიც ქვეყანაში რანგით მეორე ჩემპიონატია. ასევე, ის იყო არბიტრი 2015 წელს კანადაში გამართული ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებისა.

სტეფანი 2015 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე

2019 წელს ის უკვე კაცებს შორის საფრანგეთის მთავარი ჩემპიონატის, ლიგა 1-ის არბიტრი გახდა. 2020 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე, იუვენტუსისა და კიევის დინამოს დაპირისპირებისას იმსაჯა.

ფრანგულ გამოცემა L’Express-სთან საუბრისას სტეფანი ფრეპარტი ამბობს, რომ ფეხბურთის წესები ბავშვობიდან შეისწავლა, მაშინ, როცა ფეხბურთელი იყო. ფეხბურთის თამაშს 18 წლის ასაკში დაანება თავი, რადგანაც როგორც თვითონ ამბობს, მთავარი ოცნენება მსაჯობა იყო.

"ფეხბურთს ვთამაშობდი Val d’Oise-ში, ხოლო 13-14 წლის ასაკიდან გავაცნობიერე, რომ ფეხბურთის კანონები უფრო მეტად მაინტერესებდა. ჩემს რაიონში მატჩების მსაჯის როლს ვასრულებდი. 18 წლის რომ გავხდი, უნდა ამერიჩია - ან ფეხბურთელობა, ან მსაჯობა და მე მსაჯობა ავირჩიე“, - ამბობს სტეფანი.

მისივე თქმით, ბევრს შრომობს, რათა მატჩებს ტაქტიკურად, ტექნიკურად და ფიზიკურად მზადყოფნაში გაუძღვეს.

ფრეპარტი თვლის, რომ მისი ამგვარი წარმატება ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სპორტში ადგილი დაიმკვიდრონ, შთამაგონებელი იქნება და რომ ისინი მისი "სასტვენის ხმას გაჰყვებიან.“

"ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, რომ შენს უკან მდგომ გოგონებს უჩვენო გზა, რომელსაც შემდეგ ისინი გაჰყვებიან. ახალგაზრდა გოგონები მე მიყურებენ ტელევიზორში და ფიქრობენ, თურმე ეს შესაძლებელია, აქამდე კაცების ფეხბურთში ხომ მხოლოდ კაც მსაჯებს ვხედავდით?!" - ამბობს არბიტრი.

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს