ავტორი:

NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?

NATO-ს მთავარი აქცენტები მომდევნო 10 წლის განმავლობაში - რას მოგვიტანს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი?

„ნატო 2030 - ერთად ახალი ეპოქისთვის“ - ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უახლესი მოხსენებაა, რომელიც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, 1-2 დეკემბერს იქნა წარდგენილი. რა არის ახალი, რაზეც ორგანიზაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში აპირებს კონცენტრირებას?

ექსპერტების მომზადებულ 67-გვერდიან დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გლობალურ საფრთხეებზე და არა მხოლოდ რუსეთზე კეთდება. იქ აღნიშნულია, რომ ნატო-მ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მოქმედების არეალი, მათ შორის, უფრო კონცენტრირდეს კლიმატის ცვლილების, მომავალი პანდემიებისა და ტერორიზმის გამოწვევებთან ბრძოლაზე, მეორე მხრივ კი, გაუმკლავდეს ჩინეთიდან წამოსულ საფრთხეებს.

კნინდება თუ არა ჩინეთის წინ წამოწევით რუსეთის როლი და ზოგადად, როგორ შეიცვლება ნატო-ს მთავარი მიმართულებები მომდევნო 10 წლის განმავლობაში? ამაზე საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი გოგუაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

„ნატო ცოცხალი ორგანიზაციაა და, რა თქმა უნდა, მაკრონის განცხადება, რომ ალიანსის „ტვინი მკვდარია“, მთლად ზუსტად არ ასახავს ორგანიზაციის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც მას დღევანდელი გლობალური პრობლემების გადაჭრის კუთხით აქვს. ეს პროცესი, მინისტერიალიც ამას აჩვენებს, რომ ის ყოველთვის ცდილობს, საკუთარი ადგილი და როლი კიდევ უფრო გაზარდოს, გააფართოვოს და დაიმკვიდროს იმ გლობალური ცვლილებების და გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ურთიერთობებშია. ის, რომ რუსეთის ფედერაციის მიღმაც ნატო-მ უნდა გაიხედოს, აქამდეც ასე იყო, განსაკუთრებით, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით, აქ სიახლე ან ნატო-ს განსხვავებული ხედვა თუ მიდგომა არ გვაქვს. ბუნებრივია, რუსეთის პარალელურად, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით სამყაროს სხვა არაერთი გამოწვევა აქვს.

ის, რომ ჩინეთზე უფრო არის ფოკუსი, თუნდაც ამ ექსპერტთა ანალიზში, რომელიც ნატო-ს ეგიდითაა გაკეთებული, არ ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი გამოწვევებითა და ქმედებებით უფრო ნაკლები საფრთხეა ნატო-სთვის. პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ ის უბრალოდ, აფართოვებს იმ არეალს, რომელიც ალიანსის პერსპექტივიდან გამოწვევა და საფრთხეა წევრი სახელმწიფოებისთვის. სხვა მხრივ რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის ურთიერთობები არ შეცვლილა, იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ: ყირიმის ანექსია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ა.შ. ბუნებრივია, კვლავ რჩება უთანხმოების მთავარ საგნად, მაგრამ ეს საგანი არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ ეს უკრაინას ან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით ხელს უშლის. მინისტრების განცხადებიდან დაწყებული, რასაც ანალიზის დოკუმენეტშიც ვკითხულობთ, ღია კარის პოლიტიკა ურყევი პრინციპია ნატო-სთვის და ჩვენთვისაც საშინაო ამოცანა კვლავ უცვლელია. ასე რომ, ჩინეთის, როგორც გამოწვევის და საფრთხის დაყენება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ ნატო თავის ფოკუსს მთლიანად ამ კუთხით გადაიტანს და არსებულ, განსაკუთრებით სამხედრო გამოწვევებზე თვალს დახუჭავს ან პასიურ რეჟიმში გადავა“, - აღნიშნავს გოგუაძე.

- მოხსენებაში ნათქვამია, რომ ალიანსი უნდა შეეცადოს, გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, ”როგორც დაუცველ დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ არიან”. ამასთან, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმა და აღნიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა. რა იცვლება საქართველოსთვის ამ მინისტერიალის შემდგომ?

- „ეს, მათ შორის თანამშრომლობის პაკეტი და მისი განახლება, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ, უამრავ პრაქტიკულ საქმიანობაში ითარგმნება, როგორიცაა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა... საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ამ პაკეტს ბევრი ისეთი ნიუანსი და ინსტიტუციური მშენებლობა მოჰყვება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ე.ი., ეს ჩვენთვის რამდენიმე მიმართულებითაა საყურადღებო და პოზიტიური დღის წესრიგის შემდგენი: ერთი, რომ რეალურად, ჩვენს სისტემას არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაუმჯობესებაში ეხმარება; მეორე, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ფუნქციურ ინტეგრაციას აჩქარებს. ამ თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფარგლებში ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივად აქტიურად გვიწევს მუშაობა სხვადასხვა პროექტის, პროგრამის შესრულებისა და შეფასების კუთხით. შესაბამისად, ყველა ეს ნიუანსი აუცილებელია იმისთვის, რომ როდესაც დრო მოვა, ჩვენ ღირსეულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ დიდ კლუბში. ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია როგორც ჩვენი მომზადებისთვის გასაწევრიანებლათ, ასევე, ზოგადად, მთლიანად სახელმწიფოებრივი განვითარებისთვისაა ხელშემწყობი. ამასთანავე, არის პოლიტიკური - რეალურად, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნებია, მათი მხარდაჭერა პოლიტიკური, იმავე ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

- რამდენად მნიშვენლოვანია, საქართველომ ეს შანსი გამოიყენოს და თუნდაც, დემოკრატიული კუთხით მაქსიმუმი გააკეთოს, რათა ნატო-სთან პოზიტიურ ჭრილში წარმოჩინდეს, მაგალითად, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ერთპარტიული პარლამენტი? და რამდენად შეიძლება საქართველოსვის ნატო-სთან ინტეგრაციის შესაძლებლობა გაზრადოს აშშ-ში ახალი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამ?

- ბუნებრივია, ნატო მხოლოდ იარაღი და ტანკი არ არის, ის არის დემოკრატიული სახელმწიფოების კლუბი და ასე ვთქვათ, დემოკრატიული სისტემის დახვეწის პროცესი კიდევ უფრო ამარტივებს ბევრ საკითხს, როდესაც ჩვენს წევრობაზე მიდის საუბარი. პირველ, რიგში ჩვენი სახელმწიფოსთვისაა უკეთესი, თუკი კიდევ დამატებით არსებით რეფორმებს განვახორციელებთ, რაც შესაძლოა, შემდგომში კიდევ უფრო დაეხმაროს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც.

რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას, ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშემწყობი უფრო იქნება და შეიძლება, გარკწვეულწილად გაიზარდოს საერთაშორისო ალიანსებისა და ორგანიზაციების როლი. საერთაშორისო ურთიერთობებში პატარა სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალი ასპექტით, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და პარტნიორია. ამიტომ, ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა, დამატებით კიდევ უფრო გაგვეხსნას ბევრი გზა მანევრირებისთვის. თუმცა, არც ისე უნდა დავინახოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე კუთხით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ხელს უშლიდა, - არა, პირიქით, ჩვენს სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სექტორში მნიშვნელოვან წარმატებებზე შეიძლება ვისაუბროთ. შესაბამისად, ასე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წინა ადმინისტრაცია ნატო-ში ჩვენს ფუნქციურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა. უბრალოდ, აქ მოლოდინი არსებობს, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა უფრო იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაზე ორიენტირებული, თუმცა ვნახოთ, ესეც ჯერ მხოლოდ უფრო ვარაუდს ეყრდნობა, ვიდრე რაიმე არსებულ ფაქტებს.

ნატო-ს მინისტერიალზე წარდგენილი მოხსენების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი „ადაპტაციას“ ეხებოდა, რომელიც სხვა თემებსაც, მათ შორის, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობას გულისხმობს. ნატო მომავალი დეკადის განმავლობაში, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნებისა და რელევანტურობის კიდევ უფორ მეტად მოდერნიზაციას ეცდება.

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"