ავტორი:

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავ სერიოზული პრობლემაა, რაც არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესმა კვლევამ, რომელიც ბოლო ორი წლის ვითარებას ასახავს, საგანგაშო სურათი აჩვენა. საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი ძალადობას აღზრდის გამართლებულ მეთოდად მიიჩნევს. ამასთანავე, ბავშვების 69% -ში ერთხელ მაინც გამოუყენებიათ ძალადობის ესა თუ ის სახეობა.

დედოფლისწყაროში მცხოვრები 22 წლის სოფიო ჯეთერიშვილის ისტორია ნათლად ასახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთ პრობლემურ ასპექტს - დაწყებული საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებებიდან, სამართალდამცავთა არასათანადო მიდგომებით დამთავრებული. სოფიო მამის მხრიდან გაუსაძლისი ძალადობის გამო სახლიდან რამდენჯერმე გამოიქცა. ბოლოს ეს 18 წლის ასაკში გააკეთა და მას შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი ისტორიის შესახებ რაც შეიძლება ბევრმა უნდა გაიგოს, რათა სტიმული იყოს იმ მოზარდებისთვის, ვინც ახლა ძალადობის მსხვერპლია.

- რა ტიპის ძალადობის მსხვერპლი იყავით და რამდენად ინტენსიური ხასიათი ჰქონდა ამას?

- პირველად 5-6 წლის ვიყავი, როდესაც მამამ ქუჩაში გამაგდო. ის ღამე გარეთ გავათენე. სახლის წინ ვიჯექი და ცხადად მახსოვს, რომ შიში არ მიგრძვნია. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მაინც ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი, ვერ გავბედე სხვაგან გაქცევა, ბნელოდა და თან არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. ძალიან მრცხვენოდა, მანქანები რომ გაივლიდნენ და შუქს მომანათებდნენ. დედას არ უცდია შევეყვანე, რადგან ეს რომ გაეკეთებინა, მამა საშინლად სცემდა. მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. მას შემდეგ დიდხანს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ვიზრდებოდი, პერიოდულად იყო ხოლმე ისეთი გაუსაძლისი სცენები, მეტის ატანა რომ არ შემეძლო და პროტესტის ნიშნად სახლიდან გავრბოდი...

შემდეგ ისევ შინ მაბრუნებდნენ და ყოველი დაბრუნების შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა ძალადობის დოზები მამის მხრიდან. 16 წლის რომ ვიყავი, დედა მეოთხე შვილზე იყო ორსულად, მაშინ გავიქეცი კიდევ სახლიდან. მიზეზი ის იყო, რომ მამა რაღაც მარცვლეულის ფუთების გამო ეჩხუბებოდა ორსულ დედას და ცხვირწინ უტრიალებდა დანას. ძალიან შემეშინდა, ჩავერიე და დანა გამოვსტაცე ხელიდან. შემდეგ პროტესტის ნიშნად ის მარცვლეულის ფუთები დავჭერი, რომ მიმხვდარიყო არაფერს ნიშნავდა რაღაც მარცვლეული და ამის გამო ცოლი ასე არ უნდა დაემცირებინა, მით უფრო შვილების თვალწინ. მამამ სასტიკად მცემა და სახლიდან გავიქეცი. გვერდით სოფელში ბებოსა და პაპას სახლში მივედი. მინდოდა პოლიცია გამომეძახებინა, მაგრამ არ მომცეს ამის უფლება, პატარა ვიყავი და მარტომაც ვერ გავბედე. ისევ დამაბრუნეს სახლში. ბოლოს 18 წლის რომ ვიყავი მაშინ დავტოვე სახლი და ზუსტად ვიცი, საბოლოოდაც. მაშინ პირველად ჩავრთე საქმეში პოლიცია.

- სამართალდამცავებს რა რეაგირება ჰქონდათ? რამდენად სწორად აღიქვამდნენ თქვენს პრობლემას?

- ეს ალბათ ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ისინი ცდილობენ, სოლიდარულები იყვნენ კაცის მიმართ, თუნდაც მოძალადე იყოს ეს კაცი. სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებული დავრჩი. პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაგეფიქრებინა განცხადების დაწერა, მამაა მაინც და ცხელ გულზე არ ღირს ამის გაკეთებაო. ვუხსნიდი, რომ ეს ცხელ გულზე კი არა მთელი წლების ტანჯვის შედეგი იყო, როგორც იქნა, გავბედე და სამართლებრივად დავიწყე ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. მაგრამ ისინი მაინც მიბიძგებდნენ, რომ როგორმე გადამეფიქრებინა. დაჭერით ვერ დავიჭერთ, რადგან რომ გამოვა ციხიდან, მერე უარესად გამწარდება და შემდეგ ჩვენ ვერ დაგიცავთო. დააფიქსირეს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და ორდერი გამოუწერეს. ორდერი არ დაურღვევია, რადგან მე იმ სახლში მას შემედეგ არ მივსულვარ.

- დედა არ გესარჩლებოდათ? თავად არ უცდია თავის დაცვა მოძალადისგან?

- დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ სუსტია. მესმის მისი... წლების განმავლობაში ძალადობას განიცდის მამაჩემისგან და უკვე შეეჩვია კიდეც, ალბათ. არ შეუძლია თავის დაცვა. ემორჩილება ყველაფერში. ეგ კი არა 5 წლის წინ მეოთხე შვილი გაუჩინა - ბიჭი. მანამდე სამი გოგო ვიყავით და მამაჩემი შვილებად არ მიგვიჩნევდა. სიყვარული ერთხელაც არ გვიგრძვნია არცერთს. ბიჭი რომ იბადებოდა, მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მამაჩემმა ხელი მოეწერა დედაჩემთან, რადგან ბიჭისთვის გვარი მიეცა. მისცეს ბავშვს გვარი და მალევე ხელის გაწერა მოსთხოვა დედას, ქონებას ვერ მოითხოვ, გაყრა რომ მოინდომოო. დედაც დათანხმდა. და ცხოვრობენ ახლა ისევ ერთად. მე და ჩემი დები ყველანი წამოსულები ვართ სახლიდან. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ გაშორდა დედა მამას და ალბათ ბევრი მიზეზია. ერთხელ მახსოვს, სახლიდან წამოსულები ვიყავით, ბებოსა და პაპას სახლში ვცხოვრობდით, მიხაროდა, გვეშველა, თავი დავაღწიეთ მამას, აღარასოდეს დავბრუნდებით იმ საშინელ გარემოში-მეთქი და უეცრად თვალი მოვკარი, რომ ბალიშის ქვეშ მამას სურათი ედო დედაჩემს. გავოგნდი ახლაც მიჭირს ამის ახსნა... შემდეგ დედა ისევ დაბრუნდა მამასთან.

- როგორ ფიქრობთ, რა ზიანი მოგაყენათ ამ ყველაფერმა?

- ამის გამო სკოლაში ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ ბავშვები და მე არ ვიცოდი, როგორ დამეცვა თავი. ვიდექი და ვტიროდი. სოფელში მაინც ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე. მასწავლებლებსაც უფრო ჭორაობის სურვილი ამოძრავებდათ. ერთისგანაც არ მიგრძვნია რეალური თანადგომა და თანაგრძნობა. არავის მოუსურვებია დამლაპარაკებოდა, რატომ ვიყავი ასე ჩაკეტილი, დაბალი თვითშეფასებით და რატომ მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. შემდეგ უნივერსიტეტშიც ვიყავი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ ვთქვი, რომ ოჯახური ძალადობის გამო სახლიდან ვარ წამოსული და დამოუკიდებლად ვცხოვრობ-მეთქი. ამის გამო ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, რომ სექსუალურად შევევიწროვებინე. რადგანაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არის ის წარმოდგენა, რომ თუ გოგო სახლს ტოვებს და დამოუკიდებლად ცხოვრობს, ე.ი. თავს სხვა, ბნელი გზებით ირჩენს და მსუბუქ ყოფაქცევას ეწევა.

- 18 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობთ, როგორ შეძელით თავის გატანა? რას საქმიანობთ ახლა?

- სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ყველგან. მაღაზიაში გამყიდვლად, დაცვის სამსახურში, მეეზოვედ და ა.შ. არაფერი მითაკილია. შემდეგ გავხდი წარმატებული სტუდენტი და სტიპენდიაც დამენიშნა, გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ მივდიოდი და პანდემიამ შემიშალა ხელი, მაგრამ აუცილებლად წავალ და რომ ჩამოვალ, ჩემს გეგმებს განვახორციელებ.

- გვიამბეთ თქვენს გეგმებზე...

- მომავალი აგრონომი ვარ. ძალიან მინდა, კარგი განათლება მივიღო უცხოეთში და პროფესიონალი დავბრუნდე ჩემს მშობლიურ დედოფლისწყაროში. იქ ვაპირებ გავაშენო ჩემი მეურნეობა და მატერიალურად გავაძლიერო ძალადობის მსხვერპლი ქალები, დავასაქმო ჩემს ბიზნესში. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ძალადობის მსხვერპლების მატერიალურ კეთილდღეობას და სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ მათ უწევთ მთელი ცხოვრება მოთმენა, რაც ხშირად ფატალურადაც სრულდება. გარდა ამისა, ძალიან მინდა ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშავო გენდერის კუთხით. ეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ჩემი გამოცდილებით ვამბობ.

- რას ურჩევდით იმ მოზარდებს, რომლებიც ახლა ოჯახში ძალადობას განიცდიან?

- ამაზე უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო... პირველ რიგში, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მარტო არ არიან. აუცილებლად გაბედონ და ხმა ამოიღონ. არავის მისცეთ უფლება ცხოვრება დაგიმახინჯოთ და თქვენი განვითარება შეაფერხოს! მე პირადად, ეს სიმწარე, სირცხვილი და აგრესია სწავლაში გადავიტანე. ცუდ გამოსავალზე წამითაც არ მიფიქრია, არც ნაადრევ ქორწინებაზე და არც მითუმეტეს საკუთარი თავისთვის რაიმე ზიანის მიყენებაზე. მქონდა იმედი და მიზანი და მე ეს შევძელი - დავაღწიე თავი ძალადობას, ვარ სტიპენდიანტი სტუდენტი და ვცხოვრობ დამოუკიდებლად. წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა მელოდება, დარწმუნებული ვარ, დანარჩენ მიზნებსაც მივაღწევ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ და შეგრცხვებათ. არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. ამოიღეთ ხმა და იბრძოლეთ.

რა შემთხვევაში დადგება "კომენდანტის საათის" შემსუბუქების საკითხი - ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?