ავტორი:

როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა

როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილის განცხადებას და რას პასუხობს მის ბრალდებებს გიგი უგულავა

ოპოზიციის ლიდერები პარტია „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

"ეს არის მდაბიო, არასერიოზული საქციელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ყველას, ვინც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპირებს, უნდა ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტი „გაუპრავეს“.

„მე მგონია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ეს არის ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. თან კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ უნდა გააკეთოს ასეთი რამე ვინმემ. თან კობახიძემ ასევე ისიც თქვა, ელჩებთან რაზეც შევთანხმდებით, ამას მაინც გავაკეთებთ, შემოვლენ თუ არაო. ამ ყველაფრის მერე თუ მაინც აპირებენ შესვლას, ყოჩაღ მათ! ოღონდ ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ „გაუპრავეს“ პარლამენტი. ჩვენ ნუ გვესვრიან აქეთ ტალახს. რაღაც ბოდვა დაგვაბრალა დღეს, რომ ჩვენ საბოტაჟით ვართ დაკავებული. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციას, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციის შიგნით და დავიცავთ ბოლომდე.

ელისაშვილი უბრალოდ ეძებს საბაბს და ისვრის ტალახს. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ეს არის მდაბიო, არასერიოზული საქციელი. როცა ადამიანმა იცის, რომ ცუდ საქციელს ჩადის, ცდილობს იპოვოს საბაბი და ახლა იპოვა ეს საბაბი. სამარცხვინოა ამაზე საუბარი. უგულავას პარლამენტში მოხვედრა რომ სდომოდა, 49-ე არ იქნებოდა ჩვენ სიაში. იქნებოდა მეორე, პირველი, ან მესამე და არა 49-ე. ეს არის სამარცხვინო ტყუილი, რასაც ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და თქვას საით მხარეს არის. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს ყოფნა უნდა. თქვას ეს ღიად და არა ქვედა ზრახვებით. ტალახის სროლა აჩვენებს, რამდენად მდაბიო საქციელია ეს მისი მხრიდან. მიიღო გადაწყვეტილება? თქვას ვაჟკაცურად“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხაზარაძის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ ერთმანეთზე თავდასხმისგან.

„მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"იმედია, ბატონი ელისაშვილი გადაიფიქრებს და კარგად დაფიქრდება, რომ ამით ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს და ძალიან გაუტეხავს გულს იმ ადამიანებს, ვინც მისი მომხრე იყო და ვისაც მის სჯეროდა", - ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ერთობა მძიმედ არ დაზარალდება.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის ერთიანობა მძიმედ არ დაზარალდება, თუ ერთეული ადამიანები ასეთ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან პირდაპირ შემიძლია ვთქვა - ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლაზე განცხადებას გააკეთებს რაღაც ილუზორულ საარჩევნო რეფორმიდან გამომდინარე, ოპოზიციონერი აღარ არის იმ დღიდან - როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და შედის „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ელისაშვილს ვუპასუხებ, რომ ნუ შევა პარლამენტში, თავს ნუ მოიჭრის და რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ უნდა, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა დამაბრალოს", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საბოტაჟით არიან დაკავებულები.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება.

„კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ, უთავმოყვარეობა აღარაა, „პოლიტიკური ხარაკირია“ საერთოდ პარლამენტში შესვლა ნებისმიერი პირისგან. მეორე, ვხედავთ, რომ ხელისუფლება სასოწარკვეთილია და ბოიკოტი აუცილებლად შედგება, ვინც გამოაკლდება ეს მისი პრობლემა იქნება. ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს და როგორც ბატონმა კობახიძემ გაჯიუტებულმა, ცოტა ამაყმა გვითხრა, რომ ცესკოს რეფორმას მაინც ჩავატარებთო. ზუსტად ის ხდება, რასაც ვვარაუდობდით, თუ ბოიკოტი იქნება, იმას, რასაც 76 ხმა სჭირდება ისინი ისედაც გააკეთებენ, ამიტომ გაკოპწიება, გაწიკწიკება და ამის გამო პარლამენტში შეცუნცულება და საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება, ამ ვითომ დაპირების გამო, მემგონი არ ღირს. თოკს ხომ არავის არ გამოვკიდებთ, ვისაც უნდა ბოლობოლო შევა. მაინც დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მარტო იქნება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"