ავტორი:

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი დაკითხეს - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით დაკითხეს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.

მისივე ცნობით, სავარაუდო „ქილერთან“ დაკავშირებული პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ საქმეში სულ უფრო საინტერესო დეტალები იკვეთება.

კერძოდ, მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.

სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.

თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე. ამიტომ, ის ტელეფონით დაკითხეს.

„ამ ხანგრძლივი სატელეფონო ჩვენების დეტალების შესახებ სასამართლოში არაფერი თქმულა, ისევე როგორც რულოვსის სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილთან“, - აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმირ ესიპოვი, რომელიც ხანგოშვილის პროცესს აშუქებს.

როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ბერლინს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, გერმანიის მხრიდან პროცესის პოლიტიზების მიუხედავად.

„ყალიბდება აზრი, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს ჩრდილო კავკასიაში ტერორისტთა ერთ-ერთი მეთაურის, შამილ ბასაევის თანამებრძოლის - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმეში, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გერმანიის იუსტიციის ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე იმედის დამყარება“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ დადგმულ პროცესზე ყველა როლი წინასწარ განაწილებულია.

„არ ჩნდება ეჭვი, რომ დაწყებულ სასამართლო მოსმენებზე ხანგოშვილზე თავდასხმის ბრალდება მიეწერება, როგორც უკვე პროცესებზე ითქვა, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. იმის შესახებ, რომ საქმე თავიდანვე პოლიტიკურია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის დეკემბერში ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ბერლინში ოთხშაბათს დაიწყო სასამართლო პროცესი 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე - ვადიმ სოკოლოვია.

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი მოკლეს

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში