ავტორი:

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" - ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

"მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი  არ მოიძებნება" -  ქართულ კინემატოგრაფს დიდი ხელოვანი გამოაკლდა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, უნივერსიტეტის პედაგოგი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

იგი მხოლოდ რეჟისორი და ოპერატორი არ ყოფილა, იყო ფერმწერიც, ქმნიდა კოლაჟებსა და ესკიზებსაც და ღრმად სწამდა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული ფილმების გადაღება შეიძლებოდა, იყო საქართველო. ამბობდა კიდეც, საკუთარი ნიადაგიდან მოწყვეტა კინემატოგრაფში სავალალო შედეგის მეტს ვერაფერს მოიტანსო.

ალექსანდრე რეხვიაშვილმა ვგიკი - საბჭოთა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და როდესაც მოსკოვში დარჩენა და იქ მუშაობა შესთავაზეს, ახალგაზრდა კაცმა რჩევა კინორეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილს ჰკითხა: როგორ მოვიქცეო? მოსკოვის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში კარგად გათვითცნობიერებულ, გამოცდილ რეჟისორს უმალ უპასუხია, - აქ არ დარჩე, საქართველოში წადიო. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი საშა სწორედ ამ მომენტს იხსენებდა: მეც უყოყმანოდ დავემორჩილე და საქართველოში წამოვედი. ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი, იმიტომ რომ ჩემი შეხედულებებით კინოსა და ცხოვრებაზე იქ ვერასოდეს ვერაფერს გადავიღებდიო. და ასე თქვა იმიტომ, რომ მერე და მერე, ცხოვრების გზაზე კარგად შეიგრძნო, რომ კინემატოგრაფს უშუალო კავშირი ჰქონდა იმ რეალობასთან, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა და სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რეჟისორს ძალიან ახლოს და ღრმად სცნობოდა ის გარემო, რომელსაც იღებდა.

მიხეილ კობახიძე, გურამ დოჩანაშვილი და ალექსანდრე რეხვიაშვილი პარიზში

მას მხატვრული ფილმების გადაღება საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მოუხდა. არსებობდა ცენზურა, რის გამოც რეჟისორებს და ცხადია, ბატონ საშასაც ფილმები იმ ბარიერის გათვალისწინებით უნდა გადაეღო, რომლის გადაცდომასაც ცენზურა არ აპატიებდა და, შესაბამისად, ფილმიც ვერ ნახავდა დღის სინათლეს. ამიტომაც უთქვამს, - ჩემი ყველა ფილმი დაუსრულებელ ესკიზებად მიმაჩნია. შემდეგ ეს დაუსრულებლობა, სათქმელის ბოლომდე ართქმა ჩემი სტილის განუყოფელი ელემენტი გახდაო...

ალექსანდრე რეხვიაშვილი ძალიან მეგობრობდა ბევრისთვის საყვარელ რეჟისორთან - გუგული მგელაძესთან. მის ვაჟს, რეჟისორ გიო მგელაძეს ვიდეოინტერვიუც გადაუღია ბატონ საშასთან სახელწოდებით - "საუბრები - საშა რეხვიაშვილი". გთავაზობთ ნაწყვეტს ბატონი საშას საუბრიდან:

  • "მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ევროპული ხედვა ქართულისგან განსხვავებულია. მართლმადიდებლობაში უფრო შენარჩუნდა ქრისტიანობის რეალური გაგება, რომელიც გამოიხატება ადამიანის ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებაში. კათოლიკებისა და ლუთერანებისგან განსხვავებით, მართმადიდებლობა - ეს მაინც სუფთა რელიგიაა, სუფთა მეტაფიზიკური ფორმაა და მსოფლმხედველობაც ასეთივეა. აი, მაგალითად, რატომ არის, რომ ჩვენ - მართლმადიდებელი ხალხი: ქართველები, სერბები, რუსები - ყველანი ნახევრად სიღარიბეში ვცხოვრობთ? ჩვენ ვართ არაპრაქტიკული ადამიანები, იმიტომ კი არა, რომ არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ჩვენ უარვყოფთ სიმდიდრის კონცეფციას, არ გვინდა იმიტომ, რომ უკავშირდება ბოროტებას, უსამართლობას და მსგავს რაღაცებს. ჩვენ კიდევ სრულიად თავისუფლები ვართ. მე ვთვლი, რომ ჩვენ უფრო თავისუფალი ხალხი ვართ, ვიდრე, დავუშვათ, დასავლეთში. ჩვენ ვართ ღარიბები, მაგრამ - თავისუფალი ადამიანები და ამაშია ჩვენი ბედნიერება. საქართველოში ასეთი მასობრივი სწრაფვა კულტურისკენ გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ანუ ჩვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რაც არსებობს, არამედ - რაც არ არსებობს. არარსებული გვინდა, რომ ვაქციოთ რეალობად..."

ბატონ საშა რეხვიაშვილზე საუბარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილს ვთხოვე:

- ბატონ საშას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის გემოვნება განსაზღვრა. მიმაჩნია, რომ საქართველოში კინემატოგრაფიული ენის შექმნისა და ქართული კინოს ფენომენის აღმოჩენის თვალსაზრისით ამ რანგის მაძიებელი ადამიანი სულ რამდენიმეა, ყოველ შემთხვევაში - 10 კაცს ნამდვილად არ აჭარბებს და იმ ათეულშიც უპირობო ლიდერია საშა რეხვიაშვილი. იგი ჩემთვის არის ჭეშმარიტი შემოქმედის მაგალითი და მთელი თავისი შინაარსით ის იყო უპირობო დისიდენტი, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო თემის მიმართ წინააღმდეგობას კი არ ვგულისხმობ, არამედ - ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ ყოფნას. ბატონი საშა არასდროს გარეულა პოლიტიკაში, მისი ხმა არავის გაუგია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკაც ეგ არის - მარადიულ კითხვებზე პასუხის ძიება. სწორედ ამ სიღმით გამოირჩევა საშა რეხვიაშვილი. ასე რომ, იგი იქნებოდა დისიდენტი ყველა ეპოქაში. ქართული ხელოვნებისა და ქართული მსოფლმხედველობის სიღრმისეული აზროვნების თვალსაზრისით, რომელიც მუდმივად არის მარადიულზე ორიენტირებული და მარადიული პასუხგაუცემელი კითხვებითაა სავსე, ბატონი საშა ჩემთვის, თითქოს, ქართველი აგიოგრაფების გზას აგრძელებს.

საოცარი კაცი იყო, ერუდირებული და ეს ემჩნევა მის შემოქმედებას, ნამდვილი სულის არისტოკრატი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის - ჩემი თაობისთვის კინოს სახლში საშა რეხვიაშვილის ფილმების ნახვა ზეიმი იყო. ეს შემოქმედი, თითქოს, განდეგილად დარჩა. თავისი შემოქმედებით ჩემთვის იგი ქართველი მესვეტეობის შთამომავალია კინემატოგრაფში. თითქოს, მისი შემოქმედება, უაღრესად საინტერესო ფორმით, ქართული აგიოგრაფიის ტრადიციას ირეკლავდა სიღრმისეული აზროვნების, ღმერთის ძიების. ამ დონის შემოქმედები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ერთეულები ჰყავთ. მას ისეთი რეჟისორების გვერდით დავაყენებდი, როგორიც იყვნენ, მაგალითად, ალენ რენე და ანდრეი ტარკოვსკი. მე თუ მკითხავთ, დღეს ჰოლივუდში საშა რეხვიაშვილის რანგის რეჟისორი არ მოიძებნება.

  • ცნობისთვის: ალექსანდრე რეხვიაშვილის ორი მოკლე ("ნუცა”, "მწვანე მდელო”), ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ("XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, "გზა შინისაკენ”, "საფეხური”, "მიახლოება”) და ხუთი დოკუმენტური ("აღთქმული მიწა”, "სამკუთხა წრეში”, "რუსული პალესტინა”, "უკანასკნელნი”, "იგორ სანოვიჩი. ესკიზები პორტრეტისათვის”) ფილმი და მაღალი პროფესიონალიზმით აღბეჭდილი საოპერატორო ნამუშევრები (გიორგი შენგელაიას "ალავერდობა”, ელდარ შენგელაიას "მიქელა”, ლეილა გორდელაძის "ძაღლი”) განსაკუთრებული ამდიდრებს ქართულ კინოს.
  • ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლდათ მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია "ფიპრესის" პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა") მფლობელი (1979), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "მიახლოება", 1990), ღირსების ორდენის კავალერი (1998), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი "საჩუქარი", 2007).

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"გადარეულია, ისე უხარია... მე ნათლობის სახელს დავუძახებ" - რას ყვება დედა გიორგი მახარაძესა და მის მეუღლეზე, რომლებსაც შვილი შეეძინათ

პირველი კადრები ფილმიდან, რომელშიც მერაბ ნინიძე ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად თამაშობს - პრემიერა გაზაფხულზე შედგება

მსახიობი გიორგი მახარაძე მეორე შვილის მამა გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს